Accessibility links

logo-print

ციხისძირში ასწლოვანი ხეების - ჭაობის კვიპაროსისა და ხე ტიტის - გადარგვასთან დაკავშირებულ პროცესს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი აფასებს როგორც „ქარიშხალს ჭიქაში“. გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ასწლოვანი სამი ხიდან არც ერთი არ არის ენდემური ჯიშის და „წითელი ნუსხის“ მცენარე. საპირისპირო მოსაზრება აქვთ მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობისა“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებს, რომლებიც უკვე მესამე დღეა ციხისძირში მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ. ხუთი მათგანი პოლიციამ 10 თებერვალს დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა 11 თებერვალს კი სასამართლომ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და შემდეგი სხდომა 19 თებერვალს დანიშნა. ხეების გადარგვის საკითხს ხმაურიანი განხილვა მოჰყვა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტშიც.

ციხისძირში ამ დრომდე გრძელდება სამი ასწლოვანი ხის გადარგვის ტექნიკური სამუშაოები, გრძელდება გარემოსდამცველებისა და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტიც. სად უნდა გადარგონ ციხისძირის ასწლოვანი ხეები და რა მიზნით? ირღვევა თუ არა კანონი და თუ ირღვევა, რომელი? ვინ და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება? ორასი წლის სამი ხის ამოძირკვა ღირს თუ არა 6 200 ლარი? დააზიანებს თუ არა ეს პროცესი ადგილზე არსებულ ეკოსისტემას? და არის თუ არა ამ პროცესთან კავშირში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი? ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეკითხვებისა, რომლებიც ციხისძირის ყოფილი სანერგის ტერიტორიიდან სამი ასწლოვანი ხის გადარგვის პროცესში გაჩნდა. 11 თებერვალს ყველა ეს კითხვა დაუსვეს პარლამენტში მისულ გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თემურ მურღულიას.

თუმცა მანამდე ამ საკითხს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გამოეხმაურა:

„ეს არ არის ენდემური ჯიშის, წითელი ნუსხის მცენარეები. თუ ჩვენ გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა სათანადო უნარი და ცოდნა იმისა, რომ ისინი გადატანისას არ გახმეს, ეს სხვა საკითხია და ამაზე სპეციალისტებთან ერთად შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ. ხოლო თუ იმას ვამბობთ, რომ ხის გადარგვა არ შეიძლება, მაშინ ეს არალეგიტიმური საკითხია“.

როგორც ირკვევა, სამივე ხე, 6 200 ლარად, შპს „ზიმოს“ კერძო საკუთრებაში გადავიდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის 31 დეკემბერს გამოიცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის #431 ბრძანება. 11 თებერვალს ხაბაძემ მედიასთან ამ საკითხის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შეკვეთილში იგეგმება პარკის მოწყობა და ესხეებიც სწორედ იქ გადაირგვება.

თემურ მურღულიამ კი გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ასეთი ხეები მრავლად ხარობს როგორც საქართველოში, ისე რეგიონშიც:

„ნებისმიერი განცხადება იმის თაობაზე, რომ ან ასაკით, ან სახეობით ეს არის უნიკალური ხეები, არსებითად მცდარია. მცდარია იმის მტკიცებაც, რომ ამ სამი ხის გადარგვა რაიმე ტიპის ეკოლოგიურ პრობლემას გამოიწვევს. ეს ადგილი არის ინტენსიური გამწვანების ზოლი და, შესაბამისად, სამი ხის ამოღება და გადარგვა ვერანაირად ვერ გამოიწვევს იქ ეკოლოგიური ხასიათის პრობლემას“.

’ნაციონალური მოძრაობა’ რომ ამბობს რაღაცაზე, რომ ეს ცუდია, ეს უკვე ნიშნავს, რომ, სინამდვილეში, კარგი რამე კეთდება...

​საპარლამენტო უმცირესობის წევრების მთავარი კრიტიკული შეკითხვა შეეხებოდა არა მხოლოდ იმას, თუ სად წაიღებენ ამოთხრილ ხეებს, არამედ მის რეალურ მფლობელსაც. მათი ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ასწლოვან ხეებს ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალებით უცვლიან ადგილს. სწორედ ყოფილ პრემიერს გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური თავის გამოსვლაში:თემურ მურღულიამ ასევე თქვა, რომ ამ პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოავლინა მხოლოდ ერთი დარღვევა - ასწლოვანი ხის მოჭრის ფაქტი, რაზეც კომპანია, კანონის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდა. დიდი ხეების ერთი ნიადაგიდან მეორეში გადარგვა რომ გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამას არც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე უარყოფს, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ თუ პროცესს თანმდევი ღონისძიებები მოჰყვება, ზიანის საფრთხეც მცირდება. ხეების გახმობა არც მის მფლობელ კომპანიას უნდა აწყობდესო. მურღულიამ ვერ გასცა პასუხი შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად სად აპირებს ამ ხეების გადარგვას კომპანია. მან თქვა, რომ არ იცის, არის თუ არა ამ პროცესთან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ეს ასეც რომ იყოს, ამ ხეების გახარების შანსი უფრო დიდი იქნება.

„მსოფლიოში არის ასეთი მაგალითები, როდესაც რომელიღაც მილიარდერს მოუნდება ათასწლოვანი თუ ასწლოვანი ხის თავის ეზოში გადარგვა ან რომელიმე მწვერვალისთვის რაღაც ნაწილის ჩამოტეხა, მაგრამ მას ეს სიამოვნება მრავალი მილიონი დაუჯდება. მე კი მაინტერესებს, მაშინ როდესაც გლეხებს ვაჯარიმებთ ტყიდან ნაფოტის გატანისათვის, რატომ ვაძლევთ შესაძლებლობას ერთ ძალიან მდიდარ ადამიანს, რომ მხოლოდ რამდენიმე ათას ლარად ამოიღოს არა მხოლოდ ეს ხეები, არამედ მოსპოს იქ არსებული მიკროსამყარო“.

საყდრისი, ციხისძირი, სოლოლაკის ფერდობზე მოჭრილი ხეები, შაორის ტბასთან მოჭრილი ხეები - ყველა ამ ადგილას ივანიშვილმა საქართველოს მხოლოდ ღრმული დაუტოვა, განაცხადა უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა. თუმცა უმრავლესობაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც გარემოსდამცველების პროტესტს არ იზიარებენ. თავად გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ამ პროცესს პოლიტიზებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ, სინამდვილეში, „კარგი საქმე“ კეთდება: „’ნაციონალური მოძრაობა’ რომ ამბობს რაღაცაზე, რომ ეს ცუდია, ეს უკვე ნიშნავს, რომ, სინამდვილეში, კარგი რამე კეთდება“.

ციხისძირში კი, სწორედ იმ ადგილას, სადაც ასწლოვანი ხეების გადარგვა მიმდინარეობს, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია. „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ხეების გადარგვის პროცესი იქ ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა პარტიზანი მებაღეები იქ აქციას ვეღარ აგრძელებენ, რადგან ელიან დაკავებული აქტივისტების სასამართლოს. ისინი პოლიციისადმი დაუმორჩულებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები, რაც ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს:

„ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტ გოგოს ტელეფონიც დაუზიანეს. მთელი ღამით ქობულეთის იზოლატორში ჰყავდათ, საჭმელიც კი არ უჭმევიათ, მშივრები მოიყვანეს სასამართლოში. მეტი კონტაქტი მათთან ფიზიკურად ვერც მოვასწარით. რაც შეეხება ხეების ამოთხრას, პროცესი, როგორც ვიცით, ისევ გრძელდება და ამ ამბავს თბილისშიც გავაპროტესტებთ“, გვითხრა ნატა ფერაძემ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG