Accessibility links

logo-print

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისის პროკურატურამ, რომლის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის გიორგი მდინარაძის თქმით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში სცემეს: ხელბორკილებით მიაბეს სკამზე და ისე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. რა მოხდა 8 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში და როგორ უპასუხეს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატის განაცხადებას.

გიორგი მდინარაძეს იმ დროს სცემეს, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად პოლიციის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მივიდა. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა, რომელსაც სახე სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული, პირველი კომენტარი ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტლის დატოვების შემდე გააკეთა:

„ხელბორკილებით უკან მქონდა შეკრული ხელები ისე, რომ სახის დაცვის საშუალებაც არ მქონდა და ასე მირტყამდენ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში. მიზეზი, რის გამოც მცემეს, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, იყო ჩემი შეთანხმება დაცვის ქვეშ მყოფთან, რომ გამოეყენებინა დუმილის უფლება“.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში; ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში; სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს. გიორგი მდინარაძის თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და, საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საგანგაშოა ის, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია ადვოკატის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავ სისტემაში პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმებისა და დაუსჯელობის პრობლემას. გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებების დროულად წარმართვა და გონივრულ ვადებში შეძლოს გამოძიების დასრულება; გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ; გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა, რათა ადეკვატური პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველა პირს; უზრუნველყოს დაზარალებულის და სხვა შესაძლო მოწმეების უსაფრთხოება“.

ამ განცხადების ერთ-ერთმა ავტორმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა, ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტზე ვრცლად ისაუბრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის დროს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოში მწვავედ დგას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების პრობლემა.

არავინ არ შევა პროცესზე და სასამართლო დარჩება ადვოკატის გარეშე. საერთოდ მართლმსაჯულებას გავაჩერებთ, ეს პოლიციელები რომ არ დავიჭიროთ. ყველა ის ადვოკატი, რომელიც პროცესზე შეიპარება, ადვოკატთა კორპუსის წინაშე ცუდი სახით წარმოჩნდება...

„ვისაუბრე ამ, ძალიან შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ორი დღის წინ მოხდა. თუ ადვოკატებსა და უფლებადამცველებს არ ექნებათ უსაფრთხო გარემო ამ ქვეყანაში მოქმედებისა და თავიანთი უფლებების განხორციელებისთვის, ძალიან ცუდი სიგნალი იქნება რიგითი მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ, თუ ადვოკატი ვერ გრძნობს თავს დაცულად, პირი, რომელმაც სხვისი უფლებები უნდა დაიცვას, რა თქმა უნდა, მოქალაქეებიც ვერ იგრძნობენ თავს დაცულად. ეს საქმე მოვიტანე ასევე ზოგადი პრობლემის საილუსტრაციოდ, რომ ეს არ არის ერთი საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების რეაგირება იყოს სწრაფი და სრულყოფილი“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გარდა ამისა, ადვოკატის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით. სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გიორგი მდინარაძის დაზარალებულად ცნობას მიესალმა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, რომლის თქმით, თუ დამნაშავე პოლიციელები სათანადოდ არ დაისჯებიან, ადვოკატები პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

„არავინ არ შევა პროცესზე და სასამართლო დარჩება ადვოკატის გარეშე. საერთოდ მართლმსაჯულებას გავაჩერებთ, ეს პოლიციელები რომ არ დავიჭიროთ. ყველა ის ადვოკატი, რომელიც პროცესზე შეიპარება, ადვოკატთა კორპუსის წინაშე ცუდი სახით წარმოჩნდება, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველა ადვოკატი ერთსულოვანია. დავიწყებ შიმშილობას და ამყვება ყველა ადვოკატი“, უთხრა ზაზა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის მსგავსად, საქმის კვალიფიციური გამოძიების იმედი აქვს ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს, რომლის თქმითაც, ადვოკატის ცემას, კონკრეტული დანაშაულის გარდა, უკიდურესად ნეგატიური სიმბოლური დატვირთვაც აქვს: უწყებაში, რომელიც თავად უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, სკამზე აბამენ და სცემენ ადვოკატს - უფლებების უპირველეს დამცველ პირს.

„ერთია ის, რომ საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რაც მოხდა, მაგრამ, ჩემი აზრით, კიდეკვ უფრო აღმაშფოთებელი იქნება ის, თუ ამ მოქმედებას არ მოჰყვება დროული და ობიექტური გამოძიება“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

ადვოკატის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობისთვის მსგავსი უხეში ფორმებით ხელის შეშლის გამო შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმა, რომლის თქმითაც, მოცემულ საქმეზე სახელმწიფოს რეაგირება ერთგვარი ტესტია, რამდენად არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი, რამდენად დაცულია ადამიანის უფლება და რა ლეგიტიმურ ჩარჩოებში ზის პოლიციის უფლებამოსილება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG