Accessibility links

logo-print

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს დაიღუპა ქართველი სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. პატრულირების დროს დაიჭრა ამავებატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაიაც. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და ის მკურნალობას გერმანიაში გააგრძელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს უსამძიმრებს. დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფო 100 000-ლარიან კომპენსაციას გადასცემს.

საქართველოში 22 სექტემბრის ღამით ავღანეთში დაღუპულ მორიგ ქართველ ჯარისკაცს გლოვობენ. 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით ყოფნისასიმ დროს დაიჭრა, როდესაც ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ. ტყვია ჯერ სერჟანტ როსტობაიას მოხვდა. მისი ევაკუაციის დროს რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ვასილ კაპანაძემ განაცხადა, დაზღვევაზე იმყოფებოდა. მან დაკისრებული ამოცანა შეასრულა და ქვედანაყოფი დაიცვა, თუმცა დაჭრილი თანამებრძოლის ევაკუირებისას ყულჯანიშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე. უწყების ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განმარტებით, სამხედრო ბაზას თავს არ დასხმიან, ჯარისკაცები პატრულირებისას მომხდარი შეტაკების დროს დაიჭრნენ.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

„ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. წუხელ მთელი ღამე იქ ვიყავით.გულწრფელად ვამბობ,იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელიც შვილის დაღუპვის ამბავს ასე გმირულად შეხვდა“, - განაცხადა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ქართველ ჯარისკაცს, რომელიც დაჭრილია, ოპერაციის შემდგომ სამშობლოში დააბრუნებენ.

კაპიტან მანუჩარ შამუგიას განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში უკვე ჩაუტარდა პირველი ქირურგიული ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც თინა ხიდაშელმაც აღნიშნა, ის მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს.

23 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მიუსამძიმრა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცისოჯახს და თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა მის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციასაც გადასცემს:

„ეს საშინელი ტრაგედია და დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა ვთხოვო თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს, რომ გამოყონ დაკრძალვისათვის საჭირო თანხები. ასევე, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს გადაეცეს კომპენსაცია 100 ათასი ლარი“.

ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას...

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს სამძიმრის წერილით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სამძიმრის წერილში.

"ეს არის დიდი დანაკლისი დაღუპულის ოჯახისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოსთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქედს იხრის გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის წინაშე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილშიც.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას სიტყვებით კი, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვით საქართველოს უსაფრთხოებასაც იცავდა.

ნიკა ჩიტაძე

ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ნიკა ჩიტაძის თქმით, საქართველო ამ მისიებში მონაწილეობით ცალსახად აცხადებს, რომ მას სურს იყოს კონტრიბუტორი და თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოების პროცესებში. გარდა ამისა, ჩიტაძის თქმით, ამ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმზეც აისახება:

„იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, აამაღლებს ქართველი სამხედროების კვალიფიკაციასაც. საქართველოში დაბრუნებულებს შეეძლებათ სამშობლოს სადარაჯოზე დგომა“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში აქტიურ მონაწილეობას 1999 წლიდან იღებს. ავღანეთში კი საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართული კონტინგენტი პირველად 2004 წელს გაიგზავნა. ამ დროისთვის ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. რაც შეეხება დაღუპულ ჯარისკაცს, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილს სამშობლოში უახლოეს ხანებში ჩამოასვენებენ და კვირას, 27 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში დაკრძალავენ.

ის ავღანეთში დაღუპული 31-ე ქართველი სამხედროა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG