Accessibility links

logo-print

არქივების საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოფენით აღნიშნა, სადაც არქივში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები გამოფინა. რა სიახლეებს სთავაზობს არქივი საზოგადოებას, რას ყვებიან თანამშრომლები არქივზე?

კედლებს გარეთ თითქმის 30 გრადუსია. ამიტომ ბელა გერაძის, ეროვნული არქივის ფოტოგანყოფილების უფროსის რჩევას, ამ საცავში ცივა, იქნებ რამე მოიცვათო, დასიცხული ფოტოგრაფი და მე, ყურს არ ვუგდებთ. როგორც კი კარში ფეხს ვდგამთ, სიცივე ცხვირს გვიყინავს. 30-გრადუსიანი სიცხიდან 14-გრადუსიან სიგრილეში ვხვდებით. კედელზე დამონტაჟებული სპეციალური თერმომეტრი სწორედ 14 გრადუსს აჩვენებს. ეს არის იდეალური ტემპერატურა ფოტონეგატივებისა და ფოტოების შესანახად. 400 ათასამდე ნეგატივი და ფოტოდოკუმენტი, ეს ეროვნული არქივის ფოტოგანყოფილების კოლექციაა. ხის კარადებში დაცულ ნეგატივებსა და ფოტოებს ბელა გერაძე გვათვალიერებინებს: „ჩვენ ახლა შევდივართ ფოტოალბომების განყოფილებაში. ყველაზე ძველი ალბომი ერმაკოვს ეკუთვნის, რომელიც თარიღდება 1870 წლიდან 1910 წლამდე“.

ბელა გერაძე ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის ალბომს გვაჩვენებს, სადაც ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის პროცესია ასახული. თუმცა, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ ფოტოებიდან თუ ნეგატივებიდან, რომელთაც დღეს საქართველოს ეროვნული არქივი იცავს. გარდა ფოტო და კინო კოლექციებისა, ეროვნული არქივი ხუთ მილიონამდე წერილობით დოკუმენტს ინახავს. ეს დოკუმენტები დაცულია როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ არქივებში. უძველესი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დღეს არქივში ინახება, მეცხრე საუკუნისაა და ის ეტრატზე შესრულებული სახარებაა. 1908 წლით თარიღდება უძველესი კინოდოკუმენტი. უფრო ზუსტად კი ფირის ასლი, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდის დირექტორმა, ჯამილ გულიევმა არქივს რამდენიმე წლის წინ გადასცა და მასზე ასახულია ბაქოს ნავთობჭაბურღილების კინოკადრები, სავარაუდოდ, ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული. რაც შეეხება უძველეს ფოტოდოკუმენტს, ეს არის 1856 წელს გადაღებული თბილისის ხედები, რომლის ავტორიცაა ალექსანდრე ივანიცკი.

საარქივო მასალა

საარქივო მასალა

მართალია, საქართველოს უძველესი პერიოდის არქივების შესახებ პირდაპირი და ზუსტი ცნობები არ არსებობს, მაგრამ არაპირდაპირი ცნობებით დასტურდება, რომ VI საუკუნეში არსებობდა სამეფო არქივი – საჭურჭლე, რომელიც განძთსაცავის გარდა, ასრულებდა საბუთსაცავის დანიშნულებასაც. იყო, ასევე, საეკლესიო და კერძო არქივები. რაც შეეხება თანამედროვე არქივს, მას საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით – რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული არქივი აერთიანებს რამდენიმე არქივს, მათ შორის, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივს, საისტორიო ცენტრალურ არქივს, უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივს და ქუთაისის ცენტრალურ არქივს.

ქეთევან სადაგიშვილი

ქეთევან სადაგიშვილი

ქეთევან სადაგიშვილი, კინო-ფოტო-ფონო არქივის გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილების უფროსია. 19 წლის იყო, არქივში რომ მივიდა სამუშაოდ. მას შემდეგ, 40 წელია არქივი არ მიუტოვებია. როგორც ქეთევანი მიყვება, 19 წლის გოგოსთვის, კინოდოკუმენტების საცავში ფონდების მცველად მუშაობა რუტინული საქმე იყო, მაგრამ წლებთან ერთად მისი შეხედულებებიც შეიცვალა: „შემიყვარდა ჩემი საქმე, რა თქმა უნდა, უფრო ღრმად შევისწავლე არქივი და იმის შემდეგ, თუკი ვინმე ახალგაზრდა მოდის არქივში სამუშაოდ, ვეუბნები ხოლმე, თუ რა განსაკუთრებული ადგილია ეს. ეს არის ძალიან საინტერესო სამუშაო. უამრავ დოკუმენტთან გვაქვს შეხება, ამ სიძველეებთან. მე არ შემიძლია, რომ რაიმე მივაფუჩეჩო. თუ დოკუმენტი არ აღიწერა ზუსტად და ზუსტად არ იქნა ის ანოტაცია მითითებული, შეიძლება მე იმ მომენტში ძალიან კარგად ვიცი, რა არის ფოტოზე ასახული, მაგრამ გავა წლები და თუ მე დეტალურად არ აღვწერე დოკუმენტი, არავის ეცოდინება რა იყო და როგორ იყო. ჩვენს კეთილსინდისიერ საქმეზე ბევრია დამოკიდებული“.

კინო-ფოტო-ფონო არქივის ძლიერი მხარე, ეს ქართული დოკუმენტური კინოა – ამბობს ნინო ძანძავა, კინო-ფოტო-ფონო არქივის დირექტორის მოადგილე. მისი სიტყვებით, პერიოდულად ხდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების რესტავრაცია და მათი მაყურებლამდე მიტანა, იქნება ეს უცხოური კინოფესტივალები თუ ადგილობრივი: „ჩვენ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ თბილისის კინოფესტივალთან და ერთობლივად ვაკეთებთ სექციას „აპოლო კინომეხსიერება“, სადაც ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ფილმებს ვაჩვენებთ. ჩვენი არქივის მიზანია კოლექციების კონსერვაცია-შენახვა და, ამავდროულად, მაყურებლამდე მიტანა, რადგან ეს არქივის არსებობის ერთ-ერთი მისიაა, რომ კოლექცია იყოს ცოცხალი და მუდმივად გამოყენებული მკვლევარების თუ უფრო დიდი აუდიტორიის მიერ“.

გამოფენა არქივში

გამოფენა არქივში

დღევანდელი ეროვნული არქივი განსაკუთრებით ამაყობს თითქმის ერთი წლის წინ შექმნილი სამეცნიერო განყოფილებით, რომლის მთავარ ფუნქციასაც სხვადასხვა პროექტების განხორციელება წარმოადგენს. როგორც განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ასათიანი გვიხსნის, სწორედ პროექტებით ხდება შესაძლებელი ისეთი საკითხების საზოგადოებამდე მიტანა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება ნაკლებად პოპულარული იყოს, თუმცა ამასთანავე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც არქივის სამეცნიერო განყოფილება დღეს მუშაობს, ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის შექმნაა. ეროვნულ არქივში ქართული ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფონდია დაცული, თუმცა ფონდი ნაკლებადაა შესწავლილი და არქივის თანამშრომლებმა თავიდანვე ივარაუდეს, რომ ახალი ანალიტიკური კატალოგის შექმნას ბევრი სიახლის წარმოჩენა შეეძლო. მათი მოლოდინი გამართლდა. არქივის თანამშრომლებმა ფონდიდან უნიკალური პალიმფსესტები ამოიღეს, რომლებიც, ქეთი ასათიანის თქმით, არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ, ზოგადად, სამეცნიერო საზოგადოებისთვის იყო უცნობი: „ეროვნულ არქივში სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ფონდი პალიმფსესტებისა. სულ მცირე, ერთი ასეული ფურცელი მაინც და არის ბევრი სხვა სიახლეც: ახალი რედაქციები, ახალი მინიატურები, ახალი ტექსტები. განსაკუთრებით ღირებულია ფრაგმენტების ფონდი. თითო ფრაგმენტი, თითო გადარჩენილი ხელნაწერია“.

გამოფენა

გამოფენა

როგორც ქეთი ასათიანი ამბობს, არ არის გასაკვირი, რომ დაწყებულმა სამუშაომ ძალიან ბევრი სერიოზული სიახლე შესთავაზოს საზოგადოებას, ისეთივე, როგორც მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ თამარ მეფის ქამრის ესკიზის აღმოჩენა იყო. ეროვნული არქივის ძველ საბუთებში თამარ მეფის ქამრის ესკიზს მიაკვლიეს, ნამუშევარი 1896 წელს ციცინო დადიანის მიერ აქსესუარის ორიგინალის მიხედვითაა შესრულებული. გადმოცემის თანახმად, ესკიზის ავტორმა მეფის კუთვნილ ქამარს სვანეთში აღმოჩენილ საგანძურში მიაგნო.

ქეთი ასათიანის თქმით, რამდენიმე ხნის წინ ეროვნულ არქივში აღმოჩნდა ამ ეტაპზე ერთადერთი სამშრიანი პალიმფსესტი, რომელიც ახლაც კვლევის პროცესშია. ის იმედს გამოთქვამს, რომ პალიმფსესტი სამეცნიერო საზოგადოებისათვის და არა მხოლოდ მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდება: „ეს გახლავთ სახარება, რომლის ზედა ფენა ეკუთვნის მეთოთხმეტე სუკუნეს, შუალედური ფენა – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეს და ქვედა ფენას, რომელიც ძალიან ღირებულია და ამ ეტაპზე მისი შესწავლა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, მეათე საუკუნით ვათარიღებთ, მაგრამ მგონია, რომ უნდა იყოს ბევრად უფრო ადრეული. პირველი და მეორე ფენა ნამდვილად სახარებაა, გავშიფრეთ და იოანეს სახარების ნაწილია, მაგრამ რაც შეეხება მესამე ფენას, ჯერჯერობით, მისი იდენტიფიკაცია ძალიან ჭირს. იქ ნამდვილად არის სახარების ელემენტები, მაგრამ ეს სახარებაა თუ ციტირება რომელიმე ტექსტში ან კიდევ სხვა რამ, ჯერჯერობით, არ ვიცით“.

თეა ქიმერიძე

თეა ქიმერიძე

როგორც ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ქიმერიძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, დღესდღეობით, საქართველოს ეროვნულ არქივში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ იქ შენახული დოკუმენტები მაქსიმალურად იყოს დაცული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს, ეს მასალების დიგიტალიზაციაა, რაც მკვლევარებს და არა მხოლოდ მათ საშუალებას აძლევს, სასურველი დოკუმენტები ციფრული სახით მოიძიონ. როგორც თეა ამბობს, დღეისათვის უკვე სამ მილიონამდე ფურცელია დიგიტალიზებული: „დღეს მსოფლიოში არქივების დიგიტალიზაცია ნომერ პირველი საკითხია. რატომ? იმიტომ, რომ გაიზარდოს დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, თვითონ საარქივო დოკუმენტი ბევრჯერ არ „შეწუხდეს“ და არ დაზიანდეს“.

მარიამ თოღუზაშვილი

მარიამ თოღუზაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს დოკუმენტების ციფრულ ვერსიად ქცევაზე, არქივის მკვლევართა დარბაზში ყოველდღიურად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა თემას იკვლევენ და მათთვის არქივში დაცული დოკუმენტები მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს. მათ შორისაა, ისტორიკოსი მარიამ თოღუზაშვილი, რომელიც სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს. არქივის მკვლევართა დარბაზს თითქმის ყოველ დღე სტუმრობს. ახლაც მაგიდაზე ეკლესიის რელიგიების საქმეთა საბჭოს რწმუნებულთა საზოგადოების დოკუმენტების შეკვრა უდევს: „თითოეული დოკუმენტი უნდა მოვიძიო, თითოეული დეტალი განვიხილო, გავაანალიზო, აქედან გამომდინარე, სამუშაო ბევრია. ახლა ვმუშაობ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებზე და ვცდილობ, რომ მოვიპოვო მასალები, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც“.

9 ივნისი, არქივების საერთაშორისო დღე, ეროვნულმა არქივმა გამოფენით აღნიშნა. სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებს შეეხება და რომლებიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის უცხოეთის ქვეყნების ყოველდღიურ ყოფას და მათ საქართველოსთან ურთიერთობას ასახავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG