Accessibility links

ახალციხის ციხის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება


ახალციხე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები

ახალციხე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები

ახალციხის ციხეში ისტორია გაცოცხლდა – ასე აფასებენ მნახველები რაბათს, რომელსაც, მიმდინარე მშენებლობის მიუხედავად, მაინც მრავლად სტუმრობენ. რეგიონის ისტორიული ვითარების შედეგად, ციხის ტერიტორიაზე ერთდროულად განთავსებულია ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურული ნიმუშები, რომელთა ნაწილი მიწით იყო დაფარული.

„საქართველო ჩემთვის არის დიდებული ხალხი და ულამაზესი ხედები. პოლონეთში არ გვაქვს ასეთი ლამაზი პეიზაჟები. გაოცებული დავრჩი ამ ციხის სილამაზით. ის მართლაც ძალიან ლამაზია“, – ამბობს პოლონელი ტურისტი სოფია ირენი.

ციხისათვის პირვანდელი სახის დაბრუნება 2011 წლის ივლისიდან დაიწყო. ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის გარდა, რაბათის ტერიტორიაზე თანამედროვე სტილის შერწყმით ახალი ობიექტები გაჩნდა. გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ციხის კომპლექსში ტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო. რაბათის რეაბილიტაცია სამცხე–ჯავახეთში ტურიზმს მნიშვნელოვნად განავითარებს, – შენიშნავს ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილე ტურიზმის დარგში გიორგი ჩერქეზიშვილი.
ძალიან მომეწონა თქვენი ქალაქი, ეს ციხე. მე მეტ-ნაკლებად ვიცი თქვენი ქვეყნის ისტორია და მომწონს, რომ ამ მშენებლობებით საქართველო დღითი დღე უკეთესი და უფრო ლამაზი ხდება ...

ციხის კომპლექსი ზედა და ქვედა ნაწილებისაგან შედგება. კედლების გარშემო შემოსავლელი ბილიკები უსაფრთხოებისათვის სპეციალური აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი. აღდგენილია ციხის ზედა და ქვედა სივრცის დამაკავშირებელი კარიბჭე, დამცავი კედელი და გოდოლები. დასრულებულია რეაბილიტაცია ციხის ზედა ნაწილში შესასვლელი გარე და შიგნითა კარიბჭეებისა, კოშკებითურთ, ასევე ციხის ქვედა ნაწილში შესასვლელი კარიბჭის. აღდგენილია მდ. ფოცხოვისკენ ჩასასვლელი გვირაბი.

ტურისტებისთვის განკუთვნილი ობიექტები ძირითადად რაბათის ციხის ქვედა ნაწილში აშენდა, – აღნიშნავს ახალციხის ციხის დირექტორი ნოდარ გოროხოვი.

”ჩვენ მართლა შეგვიყვარდა საქართველო. ყველა პოლონელი, ვინც კი ნამყოფია საქართველოში, ამბობს, რომ თქვენ ძალიან გახსნილი და მეგობრული ხალხი ხართ. გრძელი გზა გამოვიარეთ აქამდე და მადლობლები ვართ თქვენი კეთილგანწყობის. ძალიან მომეწონა თქვენი ქალაქი, ეს ციხე. მე მეტ-ნაკლებად ვიცი თქვენი ქვეყნის ისტორია და მომწონს, რომ ამ მშენებლობებით საქართველო დღითი დღე უკეთესი და უფრო ლამაზი ხდება”, – განაცხადა რაბათის ციხის დირექტორმა ნოდარ გოროხოვმა.

რაბათი

რაბათი

პროექტის ფარგლებში, გამაგრდა 1752 წელს ჰაჯი ახმედ ფაშა ჯაყელის მიერ აგებული მეჩეთის გუმბათი და ფერადი თუნუქით გადაიხურა. უკვე დასრულებულია იმავე პერიოდში აგებული მედრესეს კედლებისა და სახურავის, ასევე ინტერიერის რეაბილიტაციაც. რუსული ჯარის მიერ ყაზარმად გამოყენებულ ჯაყელის სასახლეს რაც შეეხება, იგი მუზეუმის საგამოფენო დარბაზად მზადდება, – განმარტავს ისტორიის დოქტორი როინ ყავრელიშვილი.
დასრულდა მეჩეთისა და მედრესეს მახლობლად არსებული ფაშას მოსასვენებელიც. აშენდა აღნიშნული მოსასვენებლისა და შიგნითა კარიბჭის დამაკავშირებელი კედელი, გასასვლელი ბილიკითა და შუამდებარე კოშკით. აღდგა ასევე ციტადელი, მთავარი კოშკითურთ. ციხის ქვედა ნაწილში ე.წ. ერმაკოვის აივნიანი და კონტრფორსებიანი შენობების რესტავრაცია მოხდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გალავნის გარეთ არსებულ მინარეთს. გარდა ამისა, აღდგენილია მეცხრე–მეათე საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარი. ციხის გარდა, რეაბილიტაცია რაბათის გზაზე მდებარე სახლებსაც უტარდება.

ახალციხის ციხის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყო. რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ დროისათვის სამუშაოების ბოლო დეტალები ზუსტდება. რაბათი ოფიციალურად აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება და პირველ ტურისტებსაც უმასპინძლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG