Accessibility links

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 16 თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა


ახალციხე

ახალციხე

ატესტაციისა და რეორგანიზაციის შედეგად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 16 თანამშრომელი გათავისუფლდა. 8 მათგანმა ატესტაცია სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე ვერ გაიარა, ამდენივე შტატგარეშე თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა რეგიონის სამაშველო სამსახურშიც. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ატესტაცია 26–მა შტატიანმა თანამშრომელმა გაიარა. გუბერნიაში ამბობენ, რომ თითოეული მათგანი ადმინისტრაციის მუდმივმოქმედმა საკონკურსო საატესტაციო კომისიამ ინდივიდუალურად შეაფასა. გათავისუფლებული თანამშრომლები საკუთარი მოვალეობის შესრულებას ერთი თვის ვადაში გააგრძელებენ და პოსტს, საბოლოოდ, 17 თებერვლისთვის დატოვებენ. როგორც სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ამბობს, 8 თავისუფალ შტატზე ვაკანსია უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები საკუთარი შესაძლებლობების შესაფასებლად 2014 წლის 13 იანვარს შექმნილი საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე წარდგნენ. თანამშრომლებს იმ ნორმატიული აქტების, კონსტიტუციის მუხლებისა და პრინციპების ცოდნა მოეთხოვებოდათ, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას იყენებენ. კომისიის ერთ-ერთი წევრი, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი ვლადიმერ ზედგინიძე განმარტავს, რომ ატესტაციის განმავლობაში 2 თანამშრომლის დაწინაურებასა და 3 მათგანის დაქვეითებაზეც იმსჯელეს.
სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომელთა ატესტაციასთან ერთად რეორგანიზაციაც განხორციელდა, რომლის შედეგადაც გუბერნიის 3 სამსახური გაუქმდა. გაერთიანდა სახელმწიფო ზედამხედველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ადმინისტრაციული და საფინანსო-სამეურნეო, რეგიონალური პროექტებისა და სოფლის მეურნეობის სამსახურები. 7 ორგანოდან ამჟამად ფუნქციონირებას 4 სამსახური აგრძელებს. გარდა ამისა, ატესტაციის გარეშე, შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლდა სამაშველო სამსახურის 8 თანამშრომელი, აღნიშნავს სამხარეო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ია გოგატიშვილი.

საჯარო მოხელეების ატესტაცია 28 იანვარს გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება თანამშრომლებს 2 დღის ვადაში შეეძლოთ, თუმცა ამასთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიაში განცხადება არ შესულა. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქმიანობას სულ 46 თანამშრომელი ასრულებს. მათგან 26 შტატზე ვაკანსია 3 თვეში გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG