Accessibility links

logo-print

მცენარეებიანი აკვარიუმის მოვლა ბევრ დროს, უნარს და სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. მცენარის მოვლა წყალში ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული: განათება, წყალი, საჭირო რაოდენობით ნახშირორჟანგი.

ზურა ალხანიშვილი პროფესიით სტომატოლოგია. ჰობის დონეზე ავტოფარეხში და ვერანდებზე დაწყებულ საქმეს ერთი წლის წინ ხუთმა მეგობარმა სერიოზული სახე მისცა და აკვალაბორატორია გააკეთა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წყლის მცენარეების გამრავლება და რეალიზებაა. აქვთ ბლოგიც. ბლოგი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს და პრიორიტეტი მცენარეებიანი აკვარიუმის კულტურის განვითარება და ხელშეწყობაა.

„ყველაფერი დავიწყეთ ადამიანებმა, ვისი ჰობიც აკვარიუმებია, და გავაკეთეთ აკვალაბორატორია. ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ მიღწევებს არ მოითხოვს, უფრო გონივრული გამოგონებაა, სადაც აკვარიუმის წყლის მცენარეების გამრავლება ხდება ხელოვნურ გარემოში და არა წყალში. ამ მცირე დროის მანძილზე გაგვიცნო იმ საზოგადოებამ, ვისკენაც არის მიმართული მაღაზია. ჩვენ ამ ეტაპზე მცირე სათბურები გაქვს, რაც ბაზრისთვის საკმარისი არაა. ბაზრის სიმცირე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც იგრძნობა. სხვადასხვა ტიპის აკვარიუმები არსებობს. იმ ტიპის აკვარიუმები, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ (მცენარეებიანი აკვარიუმი), არის კიდევ უფრო მცირე ნაწილი და ყველაზე რთული, იმიტომ რომ მცენარის მოვლა წყალში ძალიან რთულია“, ამბობს ზურა ალხანიშვილი.

ოფიციალური კვლევა არ არსებობს, მაგრამ, ზურას თქმით, საქართველოში ცოტა აკვარიუმისტია. მიზეზი იმისა, რომ მცენარეული აკვარიუმი ცოტას აქვს, არის არა ის, რომ არ უნდათ, არამედ ის, რომ, ცოდნის და გამოცდილების უქონლობასთან ერთად, ძნელად იშოვებოდა მცენარეები. დღემდე არსებულ სფეროში მიმდინარე ინოვაციები ბევრისთვის მიუღწეველია. აკვალაბორატორია ამ მხრივაც მუშაობს:

„აკვალაბორატორიის შექმნის იდეა და მიზანი, გარდა ზემოთ თქმულისა, თავისუფალი სადისკუსიო სივრცის შექმნა იყო, სადაც ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებდნენ და საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანდებოდნენ. საბოლოოდ ესეც გამოვიდა. მაღაზიაში, როგორც წესი, მოსული ადამიანი რამდენიმე საათს რჩება, სადაც ადგილზევე შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია. წლის ბოლოდან გავმართავთ თემატურ შეხვედრებსაც, სადაც სპიკერები სხვადასხვა ტიპის დისკუსიებს წარუძღვებიან, რაც პროფესიონალი თუ მოყვარული აკვარიუმისტებისთვის ინფორმაციის მიღების კარგი საშუალება იქნება“.

საქართველოს წყლებში არსებული მცენარეების გამრავლება-პოპულარიზაცია აკვალაბორატორიაში მომუშავე ადამიანების ერთ-ერთი მიმართულებაა. მართალია, ჯერ ექსპერიმენტულ დონზე, მაგრამ უახლოეს დროში გაკეთდება საჩვენებელი აკვარიუმი, სადაც გამოიფინება ის წყლის მცენარეები, რომლებიც საქართველოს წყლებში იზრდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG