Accessibility links

ნატო ემზადება მომავალი წლის დასაწყისისათვის მრავალეროვნული ბატალიონების გასაგზავნად, რამაც უნდა უზრუნველყოს ალიანსის დაცვა და რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისა, რომელიც ალიანსის შტაბბინაში 26 ოქტომბერს დაიწყება. ამჯერად, მინისტერიალის ფარგლებში, არ შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რადგან, ჩრდილოატანტიკური საბჭოს მონაწილეობით, ამ ფორმატის შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში სექტემბრის დასაწყისში გაიმართა.

როცა 7 სექტემბერს თბილისს სტოვებდა, ნატოს გენერალურმა მდივნმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები დააკმაყოფილებს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს და თავისუფალი და სამართლიანი იქნება“.

იენს სტოლტენბერგს თავის პირველ პრესკონფერენციაზე, რომელიც, ტრადიციულად, წინ უძღვის ხოლმე ნატოში დაგეგმილ მინისტერიალს, არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლდა მისი მოლოდინი. თუმცა, როგორც ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ნატალი საბანაძემ უთხრა „რადიო თავისუფლებას“, ევროკავშირიც და ნატოც მთლიანად იზიარებენ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს.

„ევროკავშირის შეფასებები, თითქმის, მთლიანად ეფუძნებოდა იმ დამკვირვებლების შეფასებებს, რომლებიც გაჟღერდა. განსაკუთრებით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ეუთოს დამკვირვებელთა შეფასება, ორგანიზაციისა, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგად გამოცდილი მეთოდოლოგია და, როგორც წესი, მათ შეფასებებს იყენებს ხოლმე ევროკავშირიც. ამას გარდა, ევროპარლამენტის დელეგაციაც იყო ჩასული (საქართველოში) და ბევრი სხვაც. ამიტომ, ძირითადად, მათ (ევროკავშირის ხელმძრვანელობამ) გაიზიარეს და გაითვალისწინეს დამკვირვებლების შეფასება. კარგად შეაფასეს ეს არჩევნები და გამოთქვეს მოლოდინი და სურვილი, რომ ახალ მთავრობასთან გააგრძელებდნენ ურთიერთობებს“.

სხვათა შორის, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი 26 ოქტომბერს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტერიალში, რომელიც ალიანსის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრაა, ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ.

„ევროკავშირსა და ნატოს შორის ისეთი მჭიდრო ურთიერთობაა, როგორც არასდროს“, – განაცხადა სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმ სკეპტიკოსების გასაგონად, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უსაფრთხოების საკმარის გარანტად აღარ მიიჩნევს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და ერთიანი ევროპული თავდაცვითი ძალების შექმნის ინიციატივით გამოდისო.

ნატოს გენერალურმა მდივნმა აღნიშნა, რომ ალიანსის მრავალეროვნული ბატალიონები უკვე დაკომპლექტებულია და მომავალი წლის დასაწყისისათვის ისინი უკვე გაიგზავნებიან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი მოკავშირე ქვეყნების – პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის – დასაცავად. ქვედანაყოფები როტაციის პრინციპით დაკომპლექტდა და მათი მომზადება და აღჭურვა აშშ-მა, კანადამ, ბრიტანეთმა და გერმანიამ ითავეს. ამ ნაბიჯმა უნდა უზრუნველყოს ალიანსის დაცვა და რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება. ამის პასუხად, რუსეთმა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი განათავსა კალინინგრადში, რამაც ნატოს შტაბ-ბინის შეშფოთება გამოიწვია.

„ისკანდერის“ (ოპერატიულ-ტაქტიკური კლასის სარაკეტო კომპლექსის) განლაგება კალინინგრადში კიდევ ერთი მაგალითია ნატოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისა ორმაგი შესაძლებლობების ისეთი იარაღით, როგორსაც წარმოადგენს „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ჩვეულებრივი საბრძოლო, არამედ ბირთვული ქობინის გადატანაც. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ნატოს საზღვართან რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით, იმავეს ვხედავთ, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში და სირიაში, ნატოს მოკავშირე თურქეთის ახლოს. ჩვენ ამას თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ესაა მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თანდათანობით ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას“.

შეშფოთება ნატოს პერმანენტული მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა, შეაიარაღა, დააფინანსა და გაწვრთნა დონბასელი სეპარატისტები და შეიმუშავა ახალი, გამოუცხადებელი ომის ტაქტიკა, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსებმა „ჰიბრიდული ომი“ უწოდეს. ამ ომის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ანტიდასავლური პროპაგანდაც, რაშიც კრემლი აურაცხელ თანხებს ხარჯავს. ალიანსი ამას საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა პროპაგანდის წინააღმდეგ კონტრპროპაგანდით ბრძოლას არ აპირებსო, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მხარს უჭერს სხვადასხვა ჯგუფებს და ცდილობს გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე შიდა დებატებზე. ვხედავთ ძალიან მძლავრ პროპაგანდას. მაგრამ ნატო პროპაგანდას პროპაგანდით არ დაუპირისპირდება. ჩვენი მესიჯია, რომ, საბოლოო ჯამში, სიმართლე გაიმარჯვებს. ამიტომ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხს წარმოადგენს არა პროპაგანდა, არამედ ფაქტები, სიმართლე და დემოკრატიული დებატები“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილია ნატოს საქმიანობაში კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე საუბარი. ყურადღება გამახვილდება ასევე ე.წ. „სტაბილურობის დაგეგმარებაზე“ ალიანსის შორეულ სამეზობლოში, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, სადაც, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ფლოტი გარკვეულ ინიციატივას დაეუფლა. „ჩვენ იმ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, რომ, როდესაც ჩვენი მეზობლები უფრო სტაბილურები არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვართ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სწორედ ეს არის არა მხოლოდ ვარშავის ნატოს სამიტის შემდგომი პირველი მინისტერიალის დევიზი, არამედ შორეულ მომავალზე გათვლილი მოქმედების ალგორითმი, რითაც ალიანსი მის წინაშე მდგარ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG