Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას ახალი ლიდერი ჰყავს


რაულ ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალი არჩეული პრეზიდენტია. 24 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში მას ამომრჩეველთა 50,57 პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში გამართული არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორ ჩატარდა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში არჩევნები და რას ცვლის რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევა?

სიმღერებით, ფოიერვერკების გაშვებით, შამპანურის სმითა და ცეკვა-თამაშით აღნიშნეს რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადება, შედეგები კი, როგორც 25 აგვისტოს გამართული პრესკონფერენციიდან გაირკვა, დიდად არც ბიულეტენების საბოლოო შეჯამების შემდეგ შეცვლილა. 25 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ რაულ ხაჯიმბა არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა:

ბატალ ტაბაღუა

ბატალ ტაბაღუა

„2014 წლის 24 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო რაულ ჯუნკას ძე ხაჯიმბამ. მას მხარი დაუჭირა 50 ათას 494-მა ამომრჩეველმა, რაც შემაჯამებელ ოქმში შეადგენს 50,57 პროცენტს. ამ შედეგების მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად ითვლება ხაჯიმბა რაულ ჯუნკას ძე“.

56 წლის რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერი, მაისში ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. დამთავრებული აქვს კგბ-ს აკადემია. 2005-2009 წლებში იყო თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი. 2011 წლის არჩევნებში, რომლითაც ალექსანდრ ანქვაბი პრეზდენტი გახდა, ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%-ით, თუმცა ანქვაბის გადადგომის შემდეგ თვითაღიარებული რესპუბლიკის ამომრჩეველთა უმეტესობამ სწორედ მას დაუჭირა მხარი. აფხაზეთში რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის ოლესია ვარტანიანის თქმით, აფხაზეთის მოსახლეობა რაულ ხაჯიმბაზე დიდ იმედს ამყარებს:

„პირველ რიგში, ხალხი მისგან ელოდება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას კორუფციასთან ბრძოლისა და წესრიგის დამყარების მიმართულებით. ასევე იმედოვნებენ, რომ ხაჯიმბა ძალიან მოკლე დროში შეძლებს ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური დანარიცხების გაზრდას“.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, 24 აგვისტოს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა...

თუმცა, როგორც ოლესია ვარტანიანი აფხაზეთიდან იტყობინება, ყველა რეფორმის განხორციელების შემთხვევაშიც კი, დიდად არაფერი შეიცვლება გალის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის. საქმე ის არის, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები გაუუქმდა თითქმის მთელი რაიონის მოსახლეობას, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებისგან შედგება. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სამასამდე გალელმა შეძლო, თუმცა ასეთი ვითარება რომც არ იყოს, საქართველოს ხელისუფლება და მისი საერთაშორისო პარტნიორები მაინც არ ცნობდნენ 24 აგვისტოს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. აი, რა განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამართული არჩევნების თაობაზე:

„ევროპის კავშირი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, 24 აგვისტოს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.

აფხაზეთში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის კომენტარი:

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები არის ეგრეთ წოდებული უკანონო აქტი. დემოკრატიული ელემენტების ნიშნებით ადგილი აქვს მცდელობას დაიფაროს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. ბუნებრივია, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნიშნების უხეში დარღვევა და უგულებელყოფა“.

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

24 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს ეგრეთ წოდებული და უკანონო უწოდა პაატა ზაქარეიშვილმაც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თუმცა მან ისიც შენიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოების აქტიურობისა და განწყობის ცოდნა:

„გამოიკვეთა გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესები, მათი ლიდერები და ჩვენ მზად ვართ გვქონდეს ურთიერთობა აფხაზეთის საზოგადოების ნებისმიერ ლიდერთან, რადგანაც მიგვაჩნია, რომ არსებითად ვითარება არ იცვლება. არსებითად ერთი და იგივე პოლიტიკა გრძელდება. ეს არის რუსეთის მეტი ჩართულობა აფხაზეთის მართვაში. ეს არის საზოგადოებაში უპერსპექტივობის განცდა, რადგანაც მათ არ სურთ რუსეთთან მეტი ინტეგრაცია“.

რუსეთთან მეტი ინტეგრაციის საფრთხეზე ლაპარაკობს ქართველი პოლიტოლოგების ერთი ნაწილიც. თორნიკე შარაშენიძის თქმით, ხაჯიმბა, პუტინთან პირადი ნაცნობობითა და კაგებეს წარსულით, მეტად დამოკიდებული იქნება რუსეთზე, ვიდრე მისი წინამორბედები - ბაგაპში და ანქვაბი - იყვნენ.

„ეს გამოჩნდა არაერთხელ, რომ ისინი არ იყვნენ პირდაპირ კონტროლირებადნი და რომ ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ მოსკოვს. ეს გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ და გამოჩნდა თუნდაც 2008 წლის ომის დროს, როცა, ანქვაბის და ბაგაპშის ძალისხმევის შედეგად, აფხაზები არ ჩაერივნენ ომში და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რუსებმა წაიყვანეს ისინი კოდორის ხეობის ასაღებად. ბევრი ნიშანი იყო იმისა, რომ ისინი ინარჩუნებდნენ რაღაც დონეზე დამოუკიდებლობას. ორივე - ანქვაბიც და ბაგაპშიც - იყო რკინიგზის გახსნის წინააღმდეგი და ეს ემთხვეოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესს“, უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება, ახალი რეალობის გათვალისწინებით, შეცვალოს აფხაზეთის კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც უცხოელ მოქალაქეებზე მიწისა და უძრავი ქონების გაყიდვას კრძალავს.

ახალი ლიდერი რომც გადაიხაროს რუსეთისკენ, არ მისცემენ ამის საშუალებას, რადგანაც აფხაზები სრულიად სერიოზულად და ჯიუტად, სწორხაზოვნად არიან განწყობილები დამოუკიდებლობის მისაღებად...

თავად რაულ ხაჯიმბა არ მალავს, რომ მომხრეა რუსეთთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისა, ხოლო პოლიტიკურ ინტეგრაციას, როგორც ჟურნალ „ლიბერალის“ ავტორი ქეთი ქანთარია შენიშნავს, აფხაზური საზოგადოება არ დაუშვებს.

„საბოლოო ჯამში, არავინ არ არის პრორუსული და ახალი ლიდერი რომც გადაიხაროს რუსეთისკენ, არ მისცემენ ამის საშუალებას, რადგანაც აფხაზები სრულიად სერიოზულად და ჯიუტად, სწორხაზოვნად არიან განწყობილები დამოუკიდებლობის მისაღებად. არანაირი გადახვევა ამ გზიდან არავის არ ეპატიება“, უთხრა ქეთი ქანთარიამ რადიო თავისუფლებას.

24 აგვისტოს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპულიკაში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა არის არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა და საერთაშორისო სამართლის უხეში უგულებელყოფა.

XS
SM
MD
LG