Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეკები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუსმენ არჩევნების შემდეგ


თქვენი არ ვიცი და ჩემთვის წინასაარჩევნო პერიოდი და თვითონ არჩევნების დღე ძალიან დამღლელი იყო. მეტწილად, სამსახურის გამო, ასევე ჩემი მეგობარი გოგოს სამსახურის გამო, რომელსაც ძალიან იშვიათად ვხედავდი ამ პერიოდში. და, მგონი, არამარტო ჩემთვის, ყველასთვის, ვისი უშუალო საქმიანობაც შეეხებოდა ამ არჩევნებს. ახლაც კი ყველა ქანცგაწყვეტილი იქნება და, ალბათ, ჩემსავით ბევრი ცდილობს, რომ ბოლომდე განიტვირთოს. მეც ჩემებურად ვცდილობდი განტვირთვას, რასაც ამ ახალგაზრდულ პროგრამაში გაგიზიარებთ. რამდენიმე ტრეკს მოგასმენინებთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუსმენდი ამ კვირაში - მაშინ, როცა დასვენება მინდოდა.

მოკლედ, ბევრი საუბრის ნაცვლად, მოდით, მუსიკას მოვუსმინოთ, თან ძალიან კარგ მუსიკას. ეს ტრეკი ყველაზე მეტად დილით მომწონს, როცა სამსახურში მოვდივარ და დილის ეთერში ინტერნეტის მიმოხილვა მიმყავს. საუკეთესო ტრეკია იმისთვის, რომ თან ამას უსმენდე და თან, პარალელურად, რაღაცებს ეძებდე ინტერნეტში. ამ დროს შეიძლება ძალიან უცნაური რამ იპოვო, მაგალითად, ჰეიდი კლუმის ჰელოუინის კოსტიუმების კოლექცია ან კიდევ 41 ამბავი, რაც შეიძლება მხოლოდ ბრიტანეთში მოხდეს. შეიძლება იპოვო საიტი, რომელიც ზუსტად დაგითვლის, თუ რომელ საათზე უნდა დაიძინო, რომ დილით კარგად გაიღვიძო, მერე შეიძლება ამ საიტის შეფასებაც დაწერო სადმე, მაგალითად, რედითზე. ამ ყველაფერთან ერთად კი, ამ ტრეკს შეიძლება უსმინო და საერთოდ არ იფიქრო იმაზე, რომ მორიგი დღე დაიწყო დილის 8 საათზე გაღვიძებით. Rising Sun – All Night Long.



მეორე ტრეკი უფრო შუადღის მუსიკაა, იმ დროის, როცა უკვე ლანჩიდან დაბრუნებული ხარ. შენს ზედა სართულზე მომუშავე მეგობართან ერთადაც დალეული გაქვს უკვე ყავა და უსაქმურობის ნახევარი საათიც - ბრწყინვალედ შერგებული. ახლა, თუკი რამე საქმე გაქვს, ოფისში უნდა იჯდე და ის საქმე აკეთო. ამ დროს კი ზოგჯერ გინდება გარეთ გახვიდე. მაგალითად, მე ფეხით სიარული და სეირნობა საერთოდ არ მიყვარს, არც ხეებზე ვგიჟდები დიდად და თუ ფოთოლცვენაში არ გავირბენ, დიდი არაფერი დამაკლდება. მანქანით მიყვარს ძალიან მგზავრობა, ოღონდ მანქანის ტარება არ ვიცი. უბრალოდ, მანქანაში ჯდომა მიყვარს. ამ ტრეკს ფანტასტიკური ვიდეო აქვს, რომელიც მთლიანად მანქანიდანაა გადაღებული. ალაგ-ალაგ ეფექტები ედება, მწვანე, იისფერი, ზოგჯერ ჭექა-ქუხილიც ჩნდება ხოლმე. ერთხელ მე და ჩემი ორი მეგობარი მუხიანიდან ღამე წამოვედით ტაქსით და მაშინ გზა ძალიან ჰგავდა ამ ვიდეოს, ოღონდ განათებების გარეშე. მოკლედ, ძალიან მაგარი ტრეკი და ვიდეოა, რომლის ნახვას ჩვენს ვებსაიტზეც შეძლებთ. Palace – Eclipse.



ერთ-ერთი, რაც მართლა ძალიან მინდა ცხოვრებაში, არის ის, რომ კარგად ვიდგე სკეიტბორდზე. აი, თავისუფლად რომ შევძლო ქუჩაში ვიმოძრაო, ზოგჯერ მანქანებს ხელი მოვკიდო ხოლმე და იმათთან ერთად გავგორდე გზაზე. თან რამე კარგ ტრეკსაც შეიძლება ვუსმენდე. სკეიტბორდი ყველაზე მაგარი სატრანსპორტო საშუალებაა, რაც ადამიანს გამოუგონია, თან ყველაზე მარტივი. მოძრაობის ოთხი ბორბლისა და ფიცრის გარდა, არაფერი სჭირდება. ერთხელ ძალიან გვიან, ღამე, მე და ჩემი მეგობრები დიღმის მასივში გავედით და სკეიტზე დავდექი. თავიდან მინდოდა უბრალოდ გამესეირნა. ერთი ფეხი დაფაზე დავდე და მეორით სიჩქარე ავკრიფე, ამ დროს ჩემი მეგობარი მომვარდა, ზურგზე ხელით მომაწვა და მთელი ძალით გამაქანა. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო სისწრაფის შეგრძნება. ბოლო ტრეკი, რომელიც დღეს უნდა მოგასმენინოთ, ყველაზე მეტად საღამოს მიყვარს, როცა სახლში წასვლაზე ვფიქრობ და სულ მინდა სახლში სკეიტით მივდიოდე. Palms Traxs – Equation.

XS
SM
MD
LG