Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა გაზის გათიშვის საფრთხე მილსადენების რემონტისას


პირველი აგვისტოდან ორ ცენტრალურ მილსადენზე - „შაჰდენიზისა“ და „ყაზახის“ - რომლებიც საქართველოს ბუნებრივი აირით ამარაგებს, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები იწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობას უგაზოდ დარჩენა არ ემუქრება, რადგან მილსადენების რეაბილიტაცია მონაცვლეობით მოხდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაუთვალისწინებელი ავარიისა ან სხვა მიზეზის გამო პრობლემა მაინც შეიქმნა, საქართველოს ბუნებრივი აირით მესამე ენერგეტიკული წყარო, რუსეთის მილსადენი, მოამარაგებს.

ბუნებრივი აირი არ გაითიშება, - ასე გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მილსადენების რემონტის შემთხვევაში შესაძლო პრობლემების შექმნის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ობიექტების გეგმიური რემონტი, რეაბილიტაცია საქართველოში მუდამ ზაფხულის თვეებშია ხოლმე - გარკვეული პერიოდულობით სწორედ ამ დროს მიდის სამუშაოები მილსადენებზეც, თბოსადგურებზეც, გადამცემ ხაზებზეც.

თუ მაინცდამაინც რაღაც მოხდა, რაიმე ავარია, რაც არასოდეს არ არის გამორიცხული, თუმცა თეორიულად მსგავსი რამ შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს დასაბალანსებლად ბუნებრივი აირი რუსეთის მილსადენიდან. ეს გადაცვლა-გადმოცვლა ჩვეულებრივი ოპერატიული მართვის რეჟიმის ნაწილია...
მარიამ ვალიშვილი

მისი თქმით, აგვისტოში სწორედ ეს პროცესი იწყება, რაც გაზის გათიშვის საფრთხეს არ ქმნის, რადგან თავად ოპერატორები არიან ერთმანეთთან მოლაპარაკებული უწყვეტობის რეჟიმის თაობაზე. პროფილაქტიკური სამუშაოები „შაჰდენიზისა“ და „ყაზახის“ მილსადენებზე დაიწყება არა ერთდროულად, არამედ მონაცვლეობით:

„გაზის გათიშვის საკითხი საერთოდ არ დგას, მილსადენის დაკეტვა კი არ ნიშნავს ბუნებრივი აირის შეწყვეტას. მილში რჩება ბუნებრივი გაზის ის მოცულობა, რომელიც სისტემაში ტრიალებს, ასე უცებ ათასობით კილომეტრი მილსადენი გაზისგან არ იცლება და ის ჩვეულებრივ გამოიყენება. და ეს გადაფარვაც შესაძლოა იყოს 2-3-დღიანი: ცოტა დააკლდეს „შაჰდენიზს“, როდესაც ის გაითიშება და დაიწყება სამუშაოები და ნელ-ნელა შეივსოს, ასევე იქნება „ყაზახის“ შემთხვევაშიც: ერთს ჩაენაცვლება მეორე და ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს. 1 აგვისტოდან 21-მდე ის პროცესი იქნება „შაჰდენიზის“ მილსადენზე, შემდეგ, 21-დან 30-მდე, მეორე მილსადენზე. თანხვედრა არ ხდება, ეგ ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე გათვლილი და დაგეგმილი“.

ვალიშვილის განცხადებით, არსებობს მხოლოდ თეორიული ალბათობა რამდენიმე ერთდროული ავარიისა და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღების საჭიროება:

„თუ მაინცდამაინც რაღაც მოხდა, რაიმე ავარია, რაც არასოდეს არ არის გამორიცხული, თუმცა თეორიულად მსგავსი რამ შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს დასაბალანსებლად ბუნებრივი აირი რუსეთის მილსადენიდან. ეს გადაცვლა-გადმოცვლა ჩვეულებრივი ოპერატიული მართვის რეჟიმის ნაწილია“.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს არც მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ბუნებრივი აირის ასმილიონდოლარიანი ვალი ჰქონდეს რუსეთისა. მარიამ ვალიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს არ ყიდულობს - ტრანზიტის საფასურს საქართველო იღებს გაზის სახით:

„ეს რას ნიშნავს: გაიარა რუსეთის მილსადენმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ამ ტრანზიტის საფასურს ჩვენ ვიტოვებთ ბუნებრივი აირის სახით. ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი რუსეთთან ჩვენ არ გაგვაჩნია, ფულს ამაში არ ვუხდით და საიდან დაგროვდებოდა ეს ვალი?“

პირველი აგვისტოდან სამუშაოებს დაიწყებს “BP” „შაჰდენიზზე“ და ამ დროს მთელ ტვირთს აიღებს „სოკარი“ „ყაზახის“ მილსადენზე, 20 აგვისტოს შემდეგ პირიქით მოხდება. თუ რამე შეფერხება გვექნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მივიღოთ გაზი მესამე წყაროდან - რუსეთიდან...
თეიმურაზ გოჩიტაშვილი

მილსადენების რეაბილიტაციის დროს ბუნებრივი აირის თუნდაც დროებით გათიშვის საფრთხის შესახებ აზრი ვკითხეთ ექსპერტს ენერგეტიკის საკითხებში თეიმურაზ გოჩიტაშვილს. ის განმარტავს, რომ ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ, ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად, პროფილაქტიკურ სამუშაოებს ყველა კომპანია ატარებს და მომდევნო რამდენიმე წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საჭირო აღარ არის. სწორედ ეს პერიოდი დგას ახლა სამხრეთკავკასიური მილსადენისათვის, რის შესახებაც მმართველმა კონსორციუმმა, “British Petroleum“-ის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობას თითქმის ერთი წლის წინ შეატყობინა. შესაბამისად, ცნობილი იყო, რომ მინიმალური მოხმარების პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა. გოჩიტაშვილი ამბობს, რომ, შესაბამისად, არსებობს მოლაპარაკება სხვა მომწოდებლებთანაც, „სოკარსა“ და რუსეთის მხარესთან, რომ ამ პერიოდში საქართველომ მათგან შეუფერხებლად მიიღოს ბუნებრივი აირი. პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესი შემდეგნაირად წარიმართება:

„პირველი აგვისტოდან სამუშაოებს დაიწყებს “BP” „შაჰდენიზზე“ და ამ დროს მთელ ტვირთს აიღებს „სოკარი“ „ყაზახის“ მილსადენზე, 20 აგვისტოს შემდეგ პირიქით მოხდება. თუ რამე შეფერხება გვექნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მივიღოთ გაზი მესამე წყაროდან - რუსეთიდან. სამივე წყარო რომც გაითიშოს, ამ მილსადენებში გარკვეული რაოდენობის გაზია დაგროვილი, რაც საქართველოს მომარაგებას რამდენიმე დღე მაინც ეყოფა“.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს ბუნებრივი აირით სამი წყაროდან მარაგდება. ესენია: „შაჰდენიზის“ მილსადენი,რომელიც 2006 წლიდან მუშაობს, ე. წ. „ყაზახის“ მილსადენი, რომელიც, ტრადიციულად, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამაკავშირებელი მილსადენია, და მესამე, რუსეთიდან შემომავალი მილსადენი, რომლითაც საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG