Accessibility links

logo-print

აზარტული თამაშები ის სფეროა, რომელზეც არასდროს არსებობს ერთიანი აზრი: ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლის, მათ შორის, ბიუჯეტის წყაროა, სხვისთვის კი - დაკანონებული დამოკიდებულება თამაშზე, რომელიც ძალიან მძიმედ აისახება ადამიანთა ბედზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აზარტული თამაშების თემას უკვე თითქმის წელიწადია სწავლობს. ორგანიზაციის მეორე ანგარიშის მიხედვით, ეს ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2014 წელს 658 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 177.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.3 %-ია. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს 6 დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24 %-ს შეადგენდა.

ეს ციფრები ცხადყოფს, რომ მოწოდებები სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ, რომელიც ხშირად გაისმის ხოლმე, ნამდვილად არ არის ეკონომიკური გადასახედიდან ადვილად მისაღები.

საიინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა ამტკიცებს, რომ საზოგადოების განწყობა ამ თემისადმი გაცილებით მკაცრია, ვიდრე რეალობა, კერძოდ: კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94 % არ არის დაკავებული აზარტული თამაშებით, დარჩენილი 6 %-დან კი უმრავლესობა უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს; ფულზე აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების უმეტესობა გართობის მიზნით თამაშობს და უფრო ხშირად აგებს, ვიდრე იგებს; გამოკითხულთა მხოლოდ 2 %-მა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია და ეს პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოიშვა; მიუხედავად იმისა, რომ ფულზე აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა საკმაოდ დაბალია და ამ საქმიანობის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემებიც მხოლოდ 2 %-ს ჰქონდა, მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი (92 %) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63 %) ან შეიზღუდოს (29 %). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბიზნესში, აკრძალვის მიუხედავად, არასრულწლოვანებიც არიან ჩართული.

რისკებს შორისაა ისიც, რომ ეს ბიზნესი გულისხმობს ფულის გათეთრების საფრთხეებსაც. კერძოდ, Moneyval-ის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის ზრდის ფონზე საეჭვო გარიგებების შესახებ ინფორმაციის არარსებობა მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები სათანადო ყურადღებით არ ახდენენ ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგს.

თუმცა, მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემომტანია და, გარდა ამისა, მისი მნიშვნელოვანი ირიბი ეკონომიკური ეფექტი დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობასთან.

სწორედ აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტთა აზრი ამ ბიზნესის შენარჩუნებისკენ იხრება. მათი რეკომენდაციით, - ვნაიდან აზარტული თამაშების ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, - საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ამ დარგის მიმართ ლიბერალური პოლიტიკა,ოღონდ, აუცილებელია მეტი გააკეთოს აზარტული თამაშებიდან მომდინარე პოტენციური სოციალური რისკების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, რეკომენდაციებს შორისაა: დარგის უკეთ შესწავლა და მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება; ონლაინ თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის დახვეწა; საეჭვო ფინანსური ტრანზაქციების კონტროლის გაუმჯობესება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG