Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მუშაობა დაიწყო ბავშვთა პირველმა ჰოსპისმა


ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“
ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“

​17 იანვარს საქართველოში გაიხსნა ბავშვთა პირველი ჰოსპისი - „ციცინათელების ქვეყანა“. ბავშვებზე პალიატიური ზრუნვაუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მოვლა-პატრონობას გულისხმობს. მომსახურება უფასო იქნება. ჰოსპისი შეიქმნა „ღია საზოგადოება - საქართველოს“ თაოსნობით, ამ ორგანიზაციისა და სხვა დონორების დაფინანსებით.

გადმოწერა

ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ გაჩნდა. კვლევა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარეს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად რვაასზე მეტ ბავშვს ესაჭიროება.

პალიატიური მზრუნველობა მოიცავს როგორც დაავადებით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქებას, ასევე, ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიურ და სულიერ მხარდაჭერას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება განსაკუთრებულ შემთხვევებში დგება, მაგალითად: კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადება, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.

ბავშვთა ჰოსპისის შინ ზრუნვის სამსახურის კოორდინატორი თამარ კვიჟინაძე ამბობს, რომ, გარდა სამედიცინო მომსახურებისა, ბავშვებისთვის სხვა ღონისძიებებიც იმართება:

„ბავშვთან სხვანაირად შეუძლებელია. ბავშვთან რომ მიდიხარ, ლაღი ხდები, რადგან თვითონაც ლაღია, რაც არ უნდა მძიმე სენი ჰქონდეს. გარდა ამისა, ვცდილობთ მეტ-ნაკლებად დავეხმაროთ როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს, რადგან 24-საათიანი მოვლა ძალიან მძიმე რუტინაა და მშობლებსაც სჭირდებათ დახმარება. პალიატიურ მზრუნველობაში სამედიცინო დახმარება მეორეხარისხოვანია, პირველი ადგილი ფსიქოლოგიურ და სულიერ დახმარებას უჭირავს“.

ყველაზე კარგი იქნება სამომავლოდ სახელმწიფო პროგრამით იყოს გათვალისწინებული ჰოსპისის დაფინანსება, მაგრამ 2017 წელს „ღია საზოგადოება - საქართველო“ აიღებს საკუთარ თავზე შენახვის და მომსახურების ხარჯებს. მომსახურება უფასო იქნება...
ანი ტოკლიკიშვილი

მისივე თქმით, მშობლებს განსაკუთრებით უჭირთ პირველი შოკის გადატანა, როდესაც ისინი ბავშვის დიაგნოზს იგებენ. ამ დროს მათ სჭირდებათ დიდხანს საუბარი, ახსნა და მოსმენა, რაც, თამარ კვიჟინაძის თქმით, ქართულ მედიცინაში საკმაოდ დიდი პრობლემაა.

ბავშვთა ჰოსპისში იქნება 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად ათი ბავშვისა და მათი მშობლებისათვის. აქ იქნება, ასევე, დღის ცენტრი, სადაც ბავშვებსა და მათ მშობლებს საღამომდე შეეძლებათ გაჩერება. ჰოსპისის ბაზაზე იმუშავებს, აგრეთვე, შინ ზრუნვის სამსახური, რაც ბინაზე მომსახურებას გულისხმობს.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა. „ღია საზოგადოება - საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ტოკლიკიშვილი ამბობს:

„ყველაზე კარგი იქნება სამომავლოდ სახელმწიფო პროგრამით იყოს გათვალისწინებული ჰოსპისის დაფინანსება, მაგრამ 2017 წელს „ღია საზოგადოება - საქართველო“ აიღებს საკუთარ თავზე შენახვის და მომსახურების ხარჯებს. მომსახურება უფასო იქნება. ის, რომ ჰოსპისი აშენდა და დგას, არ ნიშნავს, რომ თანხების მოძიება დასრულდა. დონორების და შემომწირველების დახმარება ჰოსპისს ახლაც დასჭირდება და შემდეგაც“.

მისივე თქმით, მიუხედავად დონორებისა, სახელმწიფომ მაინც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ჰოსპისის ფუნქციონირებაში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG