Accessibility links

logo-print

ბერტა ფონ ზუტნერზე ზუგდიდში ფილმის გადაღებას გეგმავენ


ბერტა ფონ ზუტნერის ფოტოები დადიანების სასახლეში

ბერტა ფონ ზუტნერის ფოტოები დადიანების სასახლეში

მშვიდობის პრემიის პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის ზუგდიდელებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით, შეხვედრა მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების კულტურის სამსახურის და მუზეუმის წარმომადგენლებმა ნობელიანტი ქალის სამეგრელოსთან კავშირსა და საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაში მის როლზე ისაუბრეს, შეაჯამეს ზუგდიდში მისი ცხოვრების ხუთი წელი და საქმიანობა, რასაც ამ ხნის მანძილზე ეწეოდა.

ერტა არის ის ქალბატონი, რომელმაც თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულ ენაზე. ის თავადაც აღნიშნავდა, რომ პირველი ევროპელი ქალია, რომელმაც წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“...

შეხვედრა ასოციაცია „იმედმა“ გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ქრისტინა კილანავას თქმით, შეიკრიბნენ მშვიდობის პოპულარიზების მიზნით და ამ ჭრილში ავსტრიელი მწერლისა და პაციფისტის მოღვაწეობის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა სურთ.

„ზუტნერი არის ძალიან სასიამოვნო ქალბატონი, რომელიც არის ერთ-ერთი წარმომადგენელი საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ცხოვრობდა 9 წლის განმავლობაში და 5 წელი გაატარა ზუგდიდში“, - განაცხადა ქრისტინა კილანავამ.

შეხვედრის მონაწილე დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორ ლილი ბერაიას თქმით, მათთან ბერტა ფონ ზუტნერის ფოტოსურათი და სამი ხელნაწერი ინახება, სადაც ასახულია მისი და მისი ქმრის, არტურ ფონ ზუტნერის, ზუგდიდში ყოფნა. მესამე წერილში საუბარია იმაზე, თუ როგორ მიემგზავრებიან სამეგრელოდან ბათუმში, შემდეგ კი საკუთარ ქვეყანაში, ავსტრია-უნგრეთის ომის დაწყების გამო. ლილი ბერაიასვე განმარტებით, ბერტა ყველა ომის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი იყო. ამაზე დაწერა პირველი წიგნი „ძირს იარაღი“, რისთვისაც ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს ნაწარმოები, რომელიც ზუგდიდის მუზეუმშიც ინახება, მისი თქმით, მშვიდობისთვის ბრძოლის მაგალითია.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის მერია ბერტა ფონ ზუტნერზე დოკუმენტური ფილმის მომზადებას გეგმავს. მერიაში ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განყოფილების უფროს ბესიკ არახამიას განცხადებით, ეს ის ქალია, რომელმაც სწორედ ზუგდიდში დაინახა რუსეთ-თურქეთის ომის მიმდინარეობისას, თუ რა არის მშვიდობა და მშვიდობის ფასი:

„ბერტა არის ის ქალბატონი, რომელმაც თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულ ენაზე. ის თავადაც აღნიშნავდა, რომ პირველი ევროპელი ქალია, რომელმაც წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განყოფილება ამ დოკუმენტური ფილმით მოახდენს ამ ქალბატონის პოპულარიზაციას“.

დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში იონაობის დღესასწაულზე შედგება. ფილმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათას ლარამდე გამოიყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG