Accessibility links

logo-print

დიდი ხანი არ არის, რაც ინტერნეტსივრცეში უმბერტო ეკოს ერთი პატარა ჩანაწერი გამოჩნდა, რომელიც ქართულად თითქმის მყისიერად თარგმნა ხათუნა ცხადაძემ. ჩანაწერს ჰქვია ,,ეს რუსთაველი ვიღაა?“ და, პრაქტიკულად, იტალიელ მკითხველს აცნობს მეთორმეტე საუკუნის დიდ ქართველ პოეტსა და მის ,,ვეფხისტყაოსანს“, ანუ უპასუხებს შეკითხვას, რაც, შეიძლება, რიგითმა ევროპელმა მკითხველმა დასვას, როცა რუსთაველის სახელს პირველად გაიგონებს.

ეკო მისთვის დამახასიათებელი სიღრმითა და გონებამახვილობით წერს რუსთაველის გენიალურობაზე და იქვე, ქვეტექსტით, იმ ევროპელი მკითხველის სნობიზმსაც აკრიტიკებს, რომელსაც მცირერიცხოვანი ერების დიდ ლიტერატურაზე არაფერი სმენია.

საბედნიეროდ, საქართველოში იგივე შეკითხვა იმავე უმბერტო ეკოსთან მიმართებით, ვფიქრობ, არასოდეს დაისმება, რადგან, ხათუნა ცხადაძის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ეს მწერალი უკვე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორგანულ ნაწილადაც იქცა და მისი ორი ძირითადი რომანი - ,,ვარდის სახელი“ და ,,პრაღის სასაფლაო“ - ჩვენთან თითქმის ზედიზედ გამოიცა.

ხათუნა ცხადაძე

ხათუნა ცხადაძე

იმ დღეს სოციალურ ქსელში ერთმა მეგობარმა გონებამახვილურად შენიშნა: ,,სამწუხაროა, რომ ეკომ ქართული არ იცის და ხათუნა ცხადაძის თარგმანების წაკითხვის სიამოვნება არ გააჩნიაო“.

ბატონი უმბერტოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ, ვინც იტალიური არ ვიცით, თუმცა მშობლიურ ენაზე წაკითხულის შეფასება და იქიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია, წარმოუდგენელია, არ აღგვაფრთოვანებდეს ხათუნა ცხადაძის კონგენიალურ თარგანებში აღმოჩენილი და დანახული ეს დიდებული მწერალი.

თარგმანი რომ უმადური საქმიანობაა, ამაზე ბევრი დაწერილა. ჩვეულებრივ, საშუალო სტატისტიკური მკითხველი შესაძლოა არც დაინტერესდეს, ვინ თარგმნა ტექსტი და მხოლოდ ავტორის გვარ-სახელით დაკმაყოფილდეს, მაგრამ ვისაც ლიტერატურისა ოდნავ მაინც გაეგება რამე, კარგად მოეხსენება, რამხელა შრომას ეწევა მთარგმნელი და რომ სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ გაიხსნება და ადაპტირდება ამა თუ იმ გარემოში უცხოელი -თუნდაც ძალიან გახმაურებული და ჩინებული - მწერალი.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თარგმანი კარგია, წუნს ვერაფრით დასდებ. კულტურულად მოაქვს შენამდე ყველა ნიუანსი, რაც რომელიმე უცხოელ მწერალს ახასიათებს, მაგრამ ძალზე იშვიათია შემთხვევები, როცა მთარგმნელი ერთი ენის სტიქიას მეორე ენის სტიქიაში გადაადნობს და, პრაქტიკულად, დედნის თანაფარდ ღირებულებას ქმნის სხვა ენაზე.

ჩემი აზრით, სწორედ ეს შემთხვევაა ხათუნა ცხადაძის დიდებული თარგმანები.

ჟურნალისტიკაში მიღებული წესის თანახმად, მიმომხილველი უნდა მოერიდოს მკვეთრ შეფასებებს და მხოლოდ ნეიტრალური მარკერებით დაკმაყოფილდეს, მაგრამ ხათუნა ცხადაძესთან დაკავშირებით მე პირადად არ მენანება არც ერთი აღმატებული ეპითეტი.

ეს მთარგმნელი ახერხებს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს ავტორს და თარგმანში, რომელიც რაღაცით ძალიან ჰგავს ყინულზე ცეკვას, არც ერთხელ არ წაიფორხილოს; ისე ოსტატურად ჩამოქნას მთელი ტექსტი, რომ მთლიანობის განცდა არ დაგიკარგოს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმბერტო ეკოს ტექსტების მსგავსი დიდტანიანი ნაწარმოებების თარგმნისას.

"ვარდის სახელის“ შემდეგ უნდა გვეთარგმნა ,,ფუკოს ქანქარა“, მაგრამ ამ დროს გამოვიდა ,,პრაღის სასაფლაო“ და თვითონ ეკომ გვირჩია, თარგმნეთ ჯერ ესო და, რაღაცნაირად, დაჰყვა ,,დიოგენე“ ამ რჩევასა თუ რეკომენდაციას და, პრინციპში, ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან სწორი იყო ეკოს არჩევანი და რჩევა...

ეს უვრცესი ოპუსები მომაბეზრებელი რომ არ ხდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავად ეკოს დამსახურებაა, მაგრამ არავინ იცის, ასევე მოუწყინრად წავიკითხავდით თუ არა მათ ქართულად, ხათუნა ცხადაძე რომ არ ყოფილიყო.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ბატონ უმბერტო ეკოს ნამდვილად გაუმართლა.

ხათუნა ცხადაძეს კი გაუმართლა იმაში, რომ დღეს ქართველ მთარგმნელს უკვე აქვს საშუალება, პირადად იცნობდეს იმ მწერალს, ვისაც თარგმნის, და საჭირო კონსულტაციები ხშირად თვითონ ავტორისაგან მიიღოს.

ეკოსთან თავისი ნაცნობობის შესახებ ხათუნა ცხადაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:

,,ხმამაღალი ნათქვამი გამოვა, რომ გითხრა, პირადად ვიცნობ-მეთქი. კი, გავიცანი, ვიყავით მასთან, ბოლონიაში მიგვიღო. 2010 წელს წიგნის ბაზრობის ფარგლებში ვიყავით ჩასული, „დიოგენესთან“ ერთად: თამრიკო ლებანიძე, წიგნის ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი და მე. სამივენი ვეწვიეთ. კარგა ხანს ვისაუბრეთ, რაღაცები გაიხსენა, რაღაცები გვკითხა გეგმებზეც, იმაზეც, ამაზეც. მე გამომკითხა თარგმანზე, ზოგადად, ამ თავისი რომანების და ისედაც, თბილისზე, საქართველოზე და ა. შ. ძალიან ინფორმირებული და ცნობისმოყვარე კაცია და აინტერესებს, ცხადია, ეს სივრცე ბევრი თვალსაზრისით. ძალიან ისეთი იყო: ძალიან თბილი. ეკოზე, სხვათა შორის, ამბობენ ხოლმე, ცოტა უკარებააო და ამ დროს სულ არ არის ასეთი. იტალიელებს გამოთქმა აქვთ, ,,ცხვირი მაღლა აქვს აწეულიო“ (ცუდ სუნს რომ გრძნობს ადამიანი და ზემოთა აქვს ცხვირი აწეული), ამ დროს სულ არ არის ასეთი. ისე გამოგვეგება კიბეზე და ძალიან თბილად მიგვიღო და როგორც მთარგმნელს, ახლა როგორ შეიძლება, გითხრა, რომ ხელს მიშლის?! რა თქმა უნდა, ხელს მიშლის კი არა, არაჩვეულებრივია, რომ ის არის და რომ ცოცხალია. მე დიდი ხანი კი არ ვიქნებიო, 80 წლისა ვარო (მაშინ 80-ის იყო) და თუ რამე გჭირდება, მომწერე ხოლმეო. არა მგონია, რომ ბევრ მთარგმნელს სთავაზობდნენ ავტორები ასეთ თანამშრომლობას და დახმარებას, მით უმეტეს, ისეთი დაკავებული ადამიანი, როგორიც უმბერტო ეკოა და, რა თქმა უნდა, ეს არის ფანტასტიკური რამ“.

ხათუნა ცხადაძე ამბობს, რომ ქართულად სათარგმნელად რეკომენდაცია ,,პრაღის სასაფლაოს“ თვითონ უმბერტო ეკომვე გაუწია:

,,’დიოგენეს’ ქრონოლოგიურად ჰქონდა დაგეგმილი მისი რომანების თარგმნა. არ ვიცი, ყველასი თუ არა, მაგრამ პირველი ორისა - ნამდვილად და ,,ვარდის სახელის“ შემდეგ უნდა გვეთარგმნა ,,ფუკოს ქანქარა“, მაგრამ ამ დროს გამოვიდა ,,პრაღის სასაფლაო“ და თვითონ ეკომ გვირჩია, თარგმნეთ ჯერ ესო და, რაღაცნაირად, დაჰყვა ,,დიოგენე“ ამ რჩევასა თუ რეკომენდაციას და, პრინციპში, ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან სწორი იყო ეკოს არჩევანი და რჩევა (მოდი, ასე ვთქვათ), იმიტომ რომ მასობრივად ამ ტექსტს არ იცნობს მკითხველი და სწორად მოიქცა ,,დიოგენეც“, რომ დაჰყვა ამ რჩევას“.

როგორც მკითხველი, არ შეიძლება არ დავეთანხმო ხათუნა ცხადაძეს, რომ „დიოგენემ“ ამ შემთხვევაში სწორი არჩევანი გააკეთა. ,,პრაღის სასაფლაო“ არაჩვეულებრივი ტექსტია და ბევრი რამით შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო იმ ქართველებისთვის, ვინც ევროპის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების პერიპეტიებით დაინტერესდება.

წიგნში აღწერილი გვიანი შუა საუკუნეების მოვლენები და ამ მოვლენათა ის თავისებური ხედვა, რასაც თანამედროვეობის დიდი იტალიელი მწერალი გვთავაზობს, შესაძლოა, დღევანდელი საქართველოს პრობლემატიკის გააზრებაშიც დაგვეხმაროს.

უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო არაჩვეულებრივი მთხრობელია, თუმცა მასთან სანტიმენტალიზმის უმცირეს დოზასაც კი ვერსად წააწყდებით. ის ყველა მოვლენას თავის სახელს არქმევს და პრინციპულად არასოდეს ჩაანაცვლებს იმ სიტყვას, რაც მოვლენის ან საგნის ზუსტი თვისების აღსანიშნავად სჭირდება, მეორე სიტყვით, რომელიც ამავე მოვლენასა თუ საგანს შერბილებული პოზიციიდან წარმოგვიდგენს.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ეკოსვე ეკუთვნის ესე ,,თანამედროვე ლიტერატურის პოლიტკორექტულობის შესახებ“, სადაც მწერალმა დღევანდელი ლიტერატურის ,,ენჯეოშნიკური ენამოჩლექილობის“ წინააღმდეგ გაილაშქრა. ამიტომაც მისი ,,ჰო“ ,,ჰოა“ და ,,არა“ - ,,არა“. ეს კი ეკოს ტექსტების სიმართლის - ხშირად, ულმობელი სიმართლის -გარანტიაა. მკითხველს კი ისღა დარჩენია, ამ სიმართლეს ან თვალი გაუსწოროს, ან შეგნებულად გაექცეს. დამიჯერეთ, პირველი ჯობს.

თანაც, ქართველებს შეგვიძლია, ეკოს ნაწერები მართლა არაჩვეულებრივი თარგმანით ვიკითხოთ. ჯერ ,,ვარდის სახელი“ და ,,პრაღის სასაფლაო“, ხოლო თუ „დიოგენე“ და ხათუნა ცხადაძე დაწყებულ მართლაც უნიკალურ პროექტს ბოლომდე მიიყვანენ, თანდათან მისი ყველა რომანი - ,,ფუკოს ქანქარაცა“ და ,,წინა დღის კუნძულიც“, ,,ბაუდოლინოცა“ და დედოფალ ლოანას საიდუმლო ალიც“.

XS
SM
MD
LG