Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ დასახმარებლად


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ახალი წლიდან აქტიურად ჩაერთვება კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებში, - განაცხადა კოალიცის პოლიტსაბჭოს 15 დეკემბრის შეკრების დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ. საინტერესოა, რა სახით და რა სტატუსით აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყოფილი პრემიერი კოალიციის საქმიანობაში მონაწილეობას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე განცხადება თავდაპირველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა 3 დეკემბერს პრესკონფერენციაზე. ამის შემდეგ კოალიციასა და მთავრობაში ბევრი ორაზროვანი კომენტარი გაკეთდა იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა კოალიციის დამფუძნებელი კვლავ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში.

15 დეკემბერს კოალიციის ოფისში უმრავლესობის შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრაზე საარჩევნო საკითხები განიხილეს და, როგორც უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში:

„ბატონი ბიძინა, როგორც შეგვპირდა, იქნება, განსაკუთრებით ახალი წლიდან, ძალიან აქტიურად ჩაბმული ჩვენს ღონისძიებებში“.

ხელისუფლება ხვდება თავის უუნარობას და მიაკითხეს იმ ადამიანს, ვისი მხარდაჭერითაც არსებობს შანსი, რომ ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდად გაიარონ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კლასიკური პარაზიტის ფსიქოლოგიით იქცევა...

დეპუტატ ელისო ჩაფიძის სურვილის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, პარტიულ სიაში არ იქნება, თუმცა, როგორც ელისო ჩაფიძე ამბობს, კოალიციის მხარდასაჭერად მას პიროვნული ავტორიტეტიც ეყოფა:

„ივანიშვილს საარჩევნო სიაში ყოფნა არ სჭირდება იმისათვის, რომ თავისი მაღალი ავტორიტეტით მხარი დაუჭიროს ‘ქართულ ოცნებას’“.

ხელისუფლების სურვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ბიძინა ივანიშვილი გასაგებია ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილისთვის იმ თვალსაზრისით, რომ, მისი თქმით, ხელისუფლებამ გაფლანგა ნდობის მთელი რესურსი და ახლა, როცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მიაკითხა ისევ ივანიშვილს და ისიც უარს ვერ ეუბნება, ვინაიდან მისთვისაც ეს ღირსების საკითხია. თუმცა, გია ხუხაშვილის თქმით, საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ არცთუ ისე მაღალია ნდობა:

„არცთუ ისეთი ჭარბია ეს ნდობა, თუმცა ავტორიტეტი არსებობს და პოლიტიკური ძალის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოების თვალში ნამდვილად წარმოადგენს. ხელისუფლება ხვდება თავის უუნარობას და მიაკითხეს იმ ადამიანს, ვისი მხარდაჭერითაც არსებობს შანსი, რომ ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდად გაიარონ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კლასიკური პარაზიტის ფსიქოლოგიით იქცევა“.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად აქვს ორი ძირითადი შანსი, ამბობს გია ხუხაშვილი: ერთია ბიძინა ივანიშვილს დარჩენილი პოლიტიკური რესურსის ათვისება და მეორეა საზოგადოების თვალში უალტერნატივობის განცდა, ის, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებაზე“ გაცილებით სუსტია.

ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი თავისი დაკარგული ნდობის მაჩვენებლითაც კი ძალიან სჭირდება, რადგან ამ 4 წლის განმავლობაში კოალიციაში არ გამოჩნდა არც ერთი გამოკვეთილი ლიდერი და თუ დღეს ივანიშვილი „ოცნებას“ უარს ეტყვის, ის გამწევი ძალის გარეშე დარჩება. მაგრამ მხოლოდ ივანიშვილის ჩართულობაც არ არის საკმარისი კოალიციის წარმატებისთვის, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის სიტყვებითაც, კოალიციას კონცეფციას განახლება სჭირდება. ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარება „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს მოუწევს არის ის, რა სახით ჩნდება ივანიშვილი კამპანიაში. თუ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდა, მაშინ ამომრჩევლის დარწმუნება დაუჭიროს მხარი „ოცნებას“ მას ძალიან გაუჭირდება:

„თუ ივანიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ის მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და აბა, თქვენ იცით, თქვენც მხარი დაუჭირეთ, ეს არ იმუშავებს, ამ მოწოდების გამო ხალხი არ მივა არჩევნებზე და ამომრჩეველი მიბრუნდება ივანიშვილისკენ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს გარანტიას, რომ ის იქნება ხელისუფლებაში 4 წლის განმავლობაში. მხოლოდ ეს თუ შემოაბრუნებს ამომრჩეველს ,ქართული ოცნებისკენ’“.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, რა გეგმაც არ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს, მისთვის პოლიტიკაში დაბრუნება რთული საქმე იქნება და საზოგადოების დასარწმუნებლად სერიოზული კონცეპტუალური პროგრამის მოფიქრება დასჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG