Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია ბორჯომში მამუკა ხვედელიანის გათავისუფლების გამო


4 ივლისს, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, მამუკა ხვედელიანის წინააღმდეგ საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები „სილამაზის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამუკა ხვედელიანის დაპატიმრებას მოითხოვდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მას ბრალდება უკანონოდ მოეხსნა. ხვალ აქცია უკვე ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გადაინაცვლებს.

ბორჯომის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის გათავისუფლების გამო ბორჯომში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ და მამუკა ხვედელიანისა და მისი 4 თანამშრომლის ციხეში დაბრუნებას მოითხოვდნენ. აქციას „ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა.

ექვსთვიან დაკავებასა და 20-მდე სასამართლო განხილვას შედეგად მამუკა ხვედელიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოჰყვა. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მამუკა ხვედელიანსა და მის საქმეში ეჭვმიტანილ სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სამართლიანობის აღდგენასა და სასამართლოს მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებაზე მათმა ახლობლებმა ისაუბრეს.

ხვედელიანის ახლობლების მსგავსად, სასამართლოს განაჩენი სწორად მიაჩნია მის ადვოკატსაც. მერაბ გოგოლაძე ამბობს, რომ დაცვის მხარემ გამოძიებას ეჭვმიტანილთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველა მტკიცებულება წარუდგინა და სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. კითხვაზე, რატომ შეცვალეს ბრალდებულებმა აღიარებითი ჩვენებები ბოლო პროცესზე, რამაც მათი გამამართლებელი განაჩენის გამოტანა გამოიწვია, მამუკა ხვედელიანის ადვოკატმა მერაბ გოგოლაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თავის დროზე მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა განხორციელდა და იძულებულნი გახდნენ თავი დამნაშავედ ეცნოთ.

ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ოთხ პირს გამოძიება რამდენიმე წლის წინ ბაკურიანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ედავებოდა, რა დროსაც ბორჯომის პოლიციამ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილები დააკავა. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ მათ მოექცნენ არადამიანურად და დამამცირებლიად, ერთ-ერთი დაკავებული კი სკამის ფეხით გააუპატიურეს. გამოძიების პროცესში ყველა დაზარალებული დაიკითხა. საოლქო პროკურატურა დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებას არასწორად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა იმისათვის, რომ მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ხუთი ეჭვმიტანილიდან ორი – სერგო სამსონიძე და გიორგი ბლიაძე - დაკავებამდე ბორჯომის პოლიციის მოქმედი თანამშრომლები იყვნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლების შემდეგ ისინი სამსახურში ისევ აღადგინეს. მამუკა ხვედელიანს, რომელიც 2012 წლის 30 ნოემბერს დააკავეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე, 143–ე, 144–ე, 147–ე და 148-ე მუხლებით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ადამიანისადმი დამამცირებელ მოპყრობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ დაზიანებას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG