Accessibility links

logo-print

ამ კვირაში აშშ-ში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მხატვარი და მოქანდაკე ვახტანგ კორიშელი - ადამიანი, რომელმაც ბევრს დაამახსოვრა თავი კალიფორნიის პატარა ქალაქ მორო ბეიში და არა მარტო იქ...

ვახტანგ კორიშელი - „ბოცო“, როგორც მას უწოდებდნენ და ეს მეტსახელი მას საქართველოში გატარებული ბავშვობიდან შემორჩა - პედაგოგის გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული. მის მოსწავლეებს შორის არის არაერთი ცნობილი მუსიკოსი, მათ შორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო დირიჟორი, კენტ ნაგანო. ბოცო კორიშელის მიერვეა დაარსებული ქალაქ სენ ლუის ობისპოს ახალგაზრდული ორკესტრი.

შეერთებულ შტატებში ის 1950 წელს გადასახლდა, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა XX საუკუნის ორი ყველაზე სისხლისმღვრელი დიქტატურის სისასტიკე. 14 წლის რომ იყო, 1936 წელს, მამამისი, მსახიობი პლატონ კორიშელი, სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ვახტანგ კორიშელი წითელი არმიის რიგებში იბრძოდა და გერმანელ ფაშისტებს ტყვედ ჩაუვარდა. გადარჩა იმიტომ, რომ თარჯიმნობა დაავალეს.

კორიშელის ამ მძიმე გზას და სრულიად განსხვავებულ კვალს, რომელიც მან ბევრი ადამიანის ცხოვრებას დააჩნია მუსიკის სიყვარულის გაზიარებით, ეძღვნება ამერიკელი დოკუმენტალისტის, ტომ უოლტერსის, ფილმი „ბოცო: მასწავლებელი თბილისიდან“. კორიშელის გარდაცვალების ამბავი რომ შევიტყვეთ, ტომ უოლტერსს დავურეკე თხოვნით, გაეხსენებინა ქართველი მუსიკოსი. მას ჯერ ვკითხე, რატომ გადაწყვიტა ამ რამდენიმე წლის წინ ბოცო კორიშელზე ფილმის გადაღება, თვითონაც იყო მისი მოსწავლე?

ტომ უოლტერსი: „ჩემი ორივე ქალიშვილი იყო მისი მოსწავლე. ბოცო მათ ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა. ამიტომ დიდი ხანია ვიცნობდი - აქვე, ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. 2005 წელს 40 წელი შეუსრულდა ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელიც მან დააარსა. და რახან მე ფილმთან მაქვს კავშირი, კიდევ ორ ადამიანთან ერთად გადავწყვიტე დოკუმენტური ფილმის გადაღება. არ გვეგონა, რომ ფილმი ასეთი გრძელი გამოვიდოდა და ამდენ ხარჯს მოითხოვდა. მაგრამ ... მშვენიერი პროექტი გამოდგა, რადგან მისი ცხოვრებაა მშვენიერი ცხოვრება, მოვლენებით ძალიან მდიდარი ამბავი“.

რადიო თავისუფლება: ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ საუბრობენ ბოცო კორიშელზე მისი მოსწავლეები- სიყვარულით, სითბოთი, აღტაცებით. ძალიან შთამბეჭდავია!

ტომ უოლტერსი: „კი, ეს თვალში მომხვდა, როცა ინტერვიუების ჩაწერა დავიწყე. რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე, რამდენად დიდხანს გაჰყვათ ეს გავლენა - წლები, ათწლეულები! რამდენად განსაზღვრა (ბოცოსთან ურთიერთობამ) მათი წარმოდგენა ცხოვრებაზე.მისი გავლენა დიდია. განსაკუთრებით აქ, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი მოსწავლე ჰყავდა. ყველა დიდი სითბოთი იხსენებს“.

რადიო თავისუფლება: იცით, ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა უსწავლია, იცის, რომ ეს ამბავი ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ბევრ მოთხოვნას, ზოგჯერ იძულებასაც უკავშირდება. ზოგჯერ ლამის წამებაც შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, რომ ბოცო კორიშელი საუცხოოდ უმკლავდებოდა პედაგოგის ამოცანას: ახერხებდა მოსწავლის მოტივირებას.ჩემი აზრით, ეს ძალიან იშვიათად ხდება.​

ტომ უოლტერსი

ტომ უოლტერსი

ტომ უოლტერსი: „კი, ჩემი აზრით, სწავლების სრულიად გამორჩეული მეთოდი ჰქონდა. ხვდებოდა, რა სჭირდება ამ კონკრეტულ ადამიანს. ყველა ხომ განსხვავებულია და ბოცო, ვფიქრობ, ხვდებოდა, რა გზა იყო მომგებიანი. ემოციურად ასწავლიდა, სიყვარულს უნერგავდა - ხელოვნებისა და სიცოცხლის სიყვარულს. ეს გადამდებია“.

რადიო თავისუფლება: თქვენ დოკუმენტურ ფილმში აჩვენებთ ბოცო კორიშელის სტუმრობას სამშობლოში, საქართველოში. თქვენ მასთან ერთად იყავით იქ ჩასული. მანამდე რამე იცოდით საქართველოზე?

ტომ უოლტერსი: „მარტო ის, რაც ბოცოსაგან მსმენოდა, მისი მონაყოლიდან. სხვა ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ქვეყანაზე, როგორც ბევრმა ამერიკელმა არ იცის. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ქართველებმა, ქართულმა კულტურამ - როგორი ცოცხალია, ძველი, განუმეორებელი, არტისტული! რა ლამაზი ქვეყანაა! 2007 წლის ზაფხულში ვიყავით ორი კვირით, ფილმს ვიღებდით“.

რადიო თავისუფლება: რას იტყოდით თვითონ ბოცო კორიშელზე - როგორ რეაგირებდა საქართველოში ყოფნაზე?

ტომ უოლტერსი: „უბრალოდ, ცაში დაფრინავდა! გეგონებოდა, რომ 20 წლით გაახალგაზრდავდა, საქართველოში რომ ჩავიდა (იცინის). ნათესავებს შეხვდა, ბევრგან დაგვპატიჟეს. ამაყობდა, რომ თავის ქვეყანას გვაჩვენებდა. გადამღებ ჯგუფში ოთხნი ვიყავით, ორი ამერიკელი და ორი ქართველი. მართლა გადასარევი იყო! ერთმა კარგად იცოდა ინგლისური, ასე რომ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია. მერე - ხომ იცით ქართული სტუმართმოყვარეობის ამბავი! დაუჯერებელია! ბოცომ იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა მანამდე გამოცდილი“.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, როგორ გაიხსენებენ ბოცო კორიშელს?

ტომ უოლტერსი: „ის ახსოვთ! მის ხსოვნას ახლა ბევრი მიაგებს პატივს აქ, მედიაში. ის ახსოვთ როგორც ლეგენდარული ადამიანი, რომელიც შთაგონების წყარო იყო, რომელმაც, როგორც მასწავლებელმა, გავლენა მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. შთამბეჭდავი იყო იმის გამოც, რომ ამდენი ტანჯვა გადახდა - მამა დაუხვრიტეს, თვითონ გერმანიაში ტყვედ ჩავარდა - და არ დაუკარგავს პოზიტიური განწყობა, გულუხვობა. ვფიქრობ, ეს გულგრილს ვერ დაგტოვებს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG