Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმია აცხადებს, რომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა, შემოიღო კომენდანტის საათი


თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ მთლიანად დაამყარა კონტროლი ქვეყნის მართვაზე იმისთვის, რომ დაცულ იქნეს დემოკრატიული წესრიგი და ადამიანის უფლებები. განცხადება გაავრცელა დოგანის ახალი ამბების სააგენტომ და გადასცა თურქეთის ტელევიზიამ 15 ივლისს გვიან ღამით. განცხადებაში ასევე წერია, რომ თურქეთის საგარეო ურთიერთობები მთლიანად იქნება შენარჩუნებული და პრიორიტეტი იქნება კანონის უზენაესობა. სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სამხედროებმა საგანგებო წესები და კომენდანტის საათი შემოიღეს. ანადოლუს სახელმწიფო სააგენტო იტყობინება ამის ფონზე, რომ სტამბოლში მძევლად აიყვანეს თურქეთის არმიის მაღალი რანგის პირები, მათ შორის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. CNN-მა პირდაპირ ეთერში გადასცა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოანის სატელეფონო მიმართვა თანამემამულეებისადმი. ერდოანმა მოსახლეობას მოუწოდა, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდნენ. "მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, შეიკრიბონ მოედნებსა და აეროპორტებში, პუჩისტებმა თავიანთი ტანკებითა და ზარბაზნებით, რაც უნდათ, ის გააკეთონ", თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. უფრო ადრე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიის ერთმა ნაწილმა ქვეყანაში თვითნებურად მოქმედება დაიწყო. NTV-ს მოჰყავდა ილდირიმის სიტყვები, რომ საქმე გვაქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. როიტერსის თანახმად, პრემიერი თვლიდა, რომ არასწორია უწოდო ამას გადატრიალება, ეს უფრო მცდელობააო. თურქეთის პრემიერის სიტყვები მოჰყვა ცნობებს, რომ სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოძრაობდნენ დედაქალაქ ანკარის თავზე. ამ სააგენტოს ცნობით, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, როცა თვითმფრინავი დაბლა დაფრინავდა. თურქეთის უშიშროების ძალებმა ნაწილობრივ დაკეტა სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე არსებული ორივე ხიდის ნაწილი, რომლებიც ევროპას და აზიას აკავშირებს. NTV-მ აჩვენა კადრები, როგორ არიან განთავსებული ტანკები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში. აეროპორტებში მიმოსვლა შეჩერებულია.

XS
SM
MD
LG