Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია


ზურაბ ხარატიშვილი

ზურაბ ხარატიშვილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ნათელია ის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისი კიდევ ერთი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის - პროცედურით დაიტვირთა.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზურაბ ხარატიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს მომავალში თავად ყოფილი თავმჯდომარე განაცხადებს.

“ამ ეტაპზე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, 15 აგვისტოს ბატონი ზურაბი თავად აპირებს განცხადების გაკეთებას და ის ასევე გააკეთებს განმარტებებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე, როგორც ცესკოს სპიკერი, ამ შემთხვევაში მის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“.

ეკა აზარაშვილისგან განსხვავებით, ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილების შესახებ თავის მოსაზრებას არ მალავს „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი კახი კახიშვილი:

“მიუხედავად იმისა, რა მიზეზები იქნება დასახელებული, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ნაწილობრივ, არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობით. ახლა, შესაძლებელია, მან თავისი თავი პრეზიდენტობის კანდიდატადაც კი დაასახელოს და თქვას, რომ ამიტომ გადავდექიო, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, ამ არჩევნების დისკრედიტაციის საკითხია. ხარატიშვილი რომ გადადგა, კანონის შესაბამისად, ახლა უნდა იქნეს შერჩეული ახალი თავმჯდომარე“.

ნაკლები იყო, მაგალითად, მიკერძოებულობის ხარისხი იმ კუთხით, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები იყო უფრო მეტად პროფესიული და დასაბუთებული, ვიდრე, ვთქვათ, სხვა დროს, სხვა არჩევნების დროს. თუმცა გარკვეული პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა...
კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევ პროცედურებს პრეზიდენტი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცევს. შესაბამისად, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის არჩევა ვერ მოესწროს.

პოლიტიკური ექსპერტი მიხეილ თავხელიძე, თავის მხრივ, ზურაბ ხარატიშვილის მიერ არჩევნების დისკრედიტაციის განზრახვას გამორიცხავს, თუმცა მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე თავისი ვერსია აქვს:
“პირველი, რაც თავში მომდის, ეტყობა, მასზე რაღაც ზეწოლა იყო, იმიტომ რომ სავსებით შემიძლია წარმოვიდგინო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ცესკოს თავმჯდომარე იყოს მათთვის უფრო მისაღები და ლოიალური ადამიანი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელის ლევან ნატროშვილის თანახმად კი, საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, ხელისუფლების ცვლასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეცვლაც მოსალოდნელი იყო. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ცესკოს წინა ხელმძღვანელებთან შედარებით, ზურაბ ხარატიშვილთან პრეტენზიები, ზოგადად, ნაკლები იყო.

“ანუ ნაკლები იყო, მაგალითად, მიკერძოებულობის ხარისხი იმ კუთხით, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები იყო უფრო მეტად პროფესიული და დასაბუთებული, ვიდრე, ვთქვათ, სხვა დროს, სხვა არჩევნების დროს. თუმცა გარკვეული პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა. ეს იყო, ზოგადად, საქმიანობასთან დაკავშირებითაც“.

15 დღის განმავლობაში იკრიბება პარლამენტი და იღებს დადგენილებას მის ვადამდე გათავისუფლებაზე. თუ არ შეიკრიბა, მაშინ მეთექვსმეტე დღს ავტომატურად გადამდგარად ითვლება...
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ზურაბ ხარატიშვილი ოფიციალურად 2010 წლის 20 იანვარს შეუდგა. მისი კანდიდატურა, კანონის თანახმად, ორ სხვა კანდიდატურასთან ერთად, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე, პრეზიდენტმა წარადგინა. პარლამენტმა თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ხარატიშვილი 15 იანვარს დაამტკიცა. არ არის გამორიცხული, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევაც პარლამენტს მოუხდეს, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა სხვა საშუალებასაც ითვალისწინებს. პროცედურას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი განმარტავს:

“15 დღის განმავლობაში იკრიბება პარლამენტი და იღებს დადგენილებას მის ვადამდე გათავისუფლებაზე. თუ არ შეიკრიბა, მაშინ მეთექვსმეტე დღს ავტომატურად გადამდგარად ითვლება. შემდეგ, კიდევ 15 დღეში, პრეზიდენტი არასამთავრობოებთან მოთათბირებით წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამ კანდიდატურას და იმ სამი კანდიდატურიდან უნდა აირჩეს ერთი. თუ ვერ აირჩევა, შემდეგ, 7 დღის განმავლობაში, პარლამენტმა ისევ იმ სამიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. თუ იქაც ვერ აირჩევა, მერე თავიდან იწყება პროცედურა“.

ირინა იმერლიშვილის აზრით, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის დრო არასწორად შეარჩია, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩასატარებლად ეს ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.
XS
SM
MD
LG