Accessibility links

logo-print

ქვეყნის იმიჯი ახმედ ჩატაევის მიღმა


სტამბოლის აეროპორტი ტერაქტების შემდეგ

სტამბოლის აეროპორტი ტერაქტების შემდეგ

სტამბოლის აეროპორტზე მომხდარ თავდასხმაში ახმედ ჩატაევის შესაძლო კვალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ურთიერთბრალდებების სერია მოჰყვა. ბრალდებებს ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წევრები უყენებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს 2012 წელს დაკავებული ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ სდებს ბრალს, რომ ახმედ ჩატაევი ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ურთიერთბრალდებების ფონზე ქვეყნის იმიჯი ზარალდება. ამასვე აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის თავმჯდომარე საქმეში სიცხადის შეტანის მომხრეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ თუკი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება დახურულ ფორმატში წარიმართოს.

2012 წლის სექტემბერში ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებული და ხელისუფლების შეცვლიდან სამ თვეში გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგ განხეთქილების ვაშლად მას შემდეგ იქცა, რაც რამდენიმე დღის წინ, თურქული მედიასაშუალებებით გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 36 წლის ჩეჩენი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ხმამაღალი ურთიერთბრალდებები და განცხადებები ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის რამდენიმე დღეა გრძელდება. ისინი ერთმანეთს აბრალებენ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევის მფარველობას.

როცა ამ ჩატაევს უშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩატაევს უნდა ეთქვა, რომ ეს ლაფანყური იყო რაღაც სახის პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. აი, ეს არის მთელი ისტორია და ახლა აღმოვჩნდით ასეთ დიდ საერთაშორისო შარში...

რამდენიმე დღის წინ „იენი საფაკმა“, თურქეთის მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერმა გაზეთმა, გაავრცელა ცნობა, რომ სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი იყო ახმედ ჩატაევი, რომელიც გაეროს სანქციების სიაშია შეყვანილი, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი და რუსულენოვანი ექსტრემისტების მწვრთნელი. ჩატაევზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. მაგრამ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა „როიტერსს“ არ დაუდასტურეს ის, რომ ახმედ ჩატაევის სახელი გამოძიებაში ფიგურირებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ სდებს ბრალს, რომ ახმედ ჩატაევი ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ჩატაევის გათავისუფლების გამო ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში წაუყენა:

„როცა ამ ჩატაევს უშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩატაევს უნდა ეთქვა, რომ ეს ლაფანყური იყო რაღაც სახის პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. აი, ეს არის მთელი ისტორია და ახლა აღმოვჩნდით ასეთ დიდ საერთაშორისო შარში“.

მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ კი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არსებობს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ახმედ ჩატაევი იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი, იღებდა ხელფასს და სამივლინებო ხარჯებს. ირაკლი სესიაშვილისავე სიტყვებით, მოგვიანებით ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „შეკერილი საქმის საფუძველზე დააკავეს“:

ხმამაღალი ურთიერთბრალდებების ფონზე, ლაფანყურის სპეცოპერაციისა და მასთან დაკავშირებული ახმედ ჩატაევის საქმეზე სიმართლის გამორკვევის აუცილებლობის შესახებ საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

„თუ მაშინ რაიმე იყო დასაფარი, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა ისეთი განვითარება შეიძინა ამ საქმემ, რომ ჯობია სიმართლე ითქვას და თუ რაიმე ზარალი მისაღებია, ამის გამო მივიღოთ, ვიდრე, ამ ეჭვების გამო, რაც დღეს არის გაჩენილი“.

სასამართლო პროცესზე ორივე მოწმემ განაცხადა, რომ კუდ-ის თანამშრომლებმა აიძულეს, რომ მიეცათ ის ჩვენება, რაც მათ ჩატაევის წინააღმდეგ მისცეს. ამის საფუძველზე საქმეში რეალურად პროკურატურას აღარ რჩებოდა არანაირი მტკიცებულება, რომლითაც ის შეძლებდა საქმის ბოლომდე წარმართვას...

​ზარალსა და ზიანზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, ეხმაურება რა ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ხმამაღალ ურთიერთბრალდებებს ახმედ ჩატაევის გარშემო. მისი სიტყვებით, მხარეებს ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ და, პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში, ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია, რითიც ზიანს აყენებენ, პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოს.

ამავე აზრის არიან პოლიტიკური ექსპერტები.

„აქ არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რა იყო. როცა ერთი იძახის, რომ იმის აგენტი იყო და მეორე იძახის, რომ ამან ციხიდან გამოუშვა, ეს ნიშნავს, რომ მათ თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებს გადააყოლეს სახელმწიფო ინტერესი, რადგან რომელი მხარეც არ უნდა იყოს მართალი, საბოლოოდ, ქართული სახელმწიფო გამოდის დაზარალებული და ვერც ისინი ვერ იგებენ ვერაფერს პოლიტიკურად, თუ წინასაარჩევნო ჭრილში არ გავხედავთ ამას ყველაფერს“, ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ახმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში ლაფანყურის სპეცოპერაციისას 2012 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მალევე პროკურატურამ მას ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. სასამართლოში ახმედ ჩატაევის ინტერესებს მაშინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი იცავდა. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ახმედ ჩატაევის საქმეს მას შემდეგ მოჰკიდა ხელი, რაც წინასწარი შესწავლის შედეგად გამოარკვიეს, რომ მისი უფლებები დარღვეული იყო. ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ორი მოწმის ჩვენება იდო, კერძოდ, იმ ორი მესაზღვრის ჩვენება, რომლებმაც ახმედ ჩატაევი დააკავეს და მისგან იარაღი ამოიღეს. ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მესაზღვრეების ჩვენებები შეიცვალა - მათ აღიარეს, რომ სპეცოპერაციისას ფეხში დაჭრილი ჩატაევი მესაზღვრეებს თავად ჩაბარდა:

„სასამართლო პროცესზე ორივე მოწმემ განაცხადა, რომ კუდ-ის თანამშრომლებმა აიძულეს, რომ მიეცათ ის ჩვენება, რაც მათ ჩატაევის წინააღმდეგ მისცეს. ამის საფუძველზე საქმეში რეალურად პროკურატურას აღარ რჩებოდა არანაირი მტკიცებულება, რომლითაც ის შეძლებდა საქმის ბოლომდე წარმართვას და გამამტყუნებელი განაჩენის მიღწევას და მომდევნო პროცესზე შემოიტანეს შუამდგომლობა სასამართლოში, რომლითაც უკან გაიხმეს ბრალი ჩატაევის მიმართ“.

ახმედ ჩატაევი

ახმედ ჩატაევი

ახმედ ჩატაევი პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. როგორც ნინო ანდრიაშვილი იხსენებს, ახმედ ჩატაევის სასამართლო განხილვები დაემთხვა 2012 წლის საყოველთაო ამნისტიას, რომელიც ასევე ეხებოდა ახმედ ჩატაევის საქმეს, თუმცა, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ და ბრალდებულმა არ გამოიყენა ამნისტია, რადგან ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ არ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ახმედ ჩატაევი დაბადებულია რუსეთის ფედერაციაშია, საიდანაც 12 წლის წინ ავსტრიაში წავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 2012 წელს ის საქართველოში, პანკისის ხეობაში, მეუღლის სანახავად ჩამოვიდა. როგორც ნინო ანდრიაშვილი ახმედ ჩატაევის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობს, სწორედ ამ პერიოდში მეგობრების საშუალებით დაუკავშირდნენ მას საქართველოს შსს-ს თანამშრომლები და ლაფანყურის სპეცოპერაციაში ერთ-ერთი მომლაპარაკებლის სტატუსით სთხოვეს მონაწილეობა. თუმცა, როგორც ნინო ანდრიაშვილი, ისევ და ისევ ახმედ ჩატაევზე დაყრდნობით, ამბობს, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკება არ შედგა, ქართულმა მხარემ მას გამიზნულად ესროლა.

საქართველო-​დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. მაშინდელი შსს-​ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG