Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება მხიარულია


ეს წარსულში იყო, ახლა არ ხდება...

იყო ასეთი კაცი - იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომელსაც სამართლიანობის უცნაური აღქმა ჰქონდა...

ზოგჯერ მილიონებს გამოუტანდა სასიკვდილო განაჩენს, ზოგჯერ შვილს, ცოლს, ქმარს ან მშობელს დაუჭერდა ვინმეს და წლები აცხოვრებდა ნათესავების გადარჩენის ამაო იმედით თუ უიმედობოთ...

ზოგჯერ “მტრის” მძევლად აყვანა უფრო სასარგებლოდ მიაჩნდა, ვიდრე მისი ფიზიკური განადგურება...

ცხოვრება მხიარულია
please wait

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00
გადმოწერა

აკი ამიტომაც მოწონდა გიორგი სააკაძის ამბავი, ამიტომაც გადაიღეს მის დროს - და მისივე ბრძანებით - კლასიკად ქცეული ფილმი, სადაც უბედურ მამას მძევლად აყვანილი შვილის თავს გამოუგზავნიან...

თუმცა მარტო შვილები ხომ არ იყო, ზოგს ცოლებიც ჰყავდა...

ასე, მაგალითად, მოლოტოვს აქტიური ცოლი გადაუსახლა - შენზე ცუდი გავლენა აქვსო, და ვიღაც ჩეკისტი ქალი მიუჩინა “მორიგე” მეუღლედ.

პოლიტბიუროს წევრ კალინინს მოხუცი ცოლი წაჰგვარა და მკაცრად აუკრძალა, რომ მისთვის ცოლის გათავისუფლების მიზნით აღარ მიემართა...

მადლობა უნდა ეთქვა, რომ არ დაუხვრიტა, როგორც კიდევ ერთ პოლიტბიუროს წევრს, კაგანოვიჩს დაუხვრიტა ძმა, თუმცა თავად კაგანოვიჩი იმავე საღამოს დაიბარა თავის ერთ-ერთ აგარაკზე (მოგეხსენებათ, “ასკეტ” სტალინს 31 აგარაკი ჰქონდა) და დილამდე ასმენინა მთვრალი ხრუშჩოვის ანეკდოტები.

სხვათა შორის, როცა სტალინი მოკვდა, უკვე მოლოტოვი ჩაუვარდა ხრუშჩოვს ფეხებში - ჩემი ცოლი დამიბრუნე, სტალინის მიერ ნაჩუქარს ვერ შევეგუეო, ჰოდა ბოლოს მიიღო კიდეც თავისი აქტიური (მაგრამ უკვე დაბეჩავებული) პოლინა...

მაგრამ სტალინს ყველაზე მეტად შვილების აყვანა ჰყვარებია მძევლად.

პოეტ ანა ახმატოვაზე ასეულობით დანოსი იწერებოდა, მაგრამ მისი დაჭერის ნებართვა არა და არ გაუცია, პირიქით, დრო და დრო თითქოს მზრუნველურად მოიკითხავდა ხოლმე: ჩვენი მონაზონი როგორ გრძნობს თავსო...

მონაზვნად მოიხსენიებდა, რაკი პოეტი მარტო ცხოვრობდა.

მარტო კი მას შემდეგ დარჩა, რაც სტალინმა შვილი გადაუსახლა გულაგში...

დედა არ დაუჭერია, ერთადერთი ვაჟი დაუჭირა.

იგივე უქნა დიდ მწერალ ანდრეი პლატონოვს: თავად მას არ შეხებია, 15 წლის შვილი დააპატიმრა...

რამდენიმე წლით ადრე პლატონოვის ერთ-ერთი მოთხრობა წაუკითხავს, რომელზედაც წითელი ფანქრით მიუწერია თავისი კომენტარები: “ბრიყვი”, “ნაბიჭვარი”, “არამზადა”, “უზრდელი” - და ბოლო, ყველაზე სახიფათო: “კაპიტალისტების ჯაშუში...”

პლატონოვს წერა აეკრძალა, მაგრამ დაჭერას გადაურჩა. მის მაგივრად შვილი დაისაჯა.

პლატონოვნა ბოდიშები იხადა, წერა და წერა წერილები - მე დამსაჯეთ, შვილი არაფერ შუაშიაო, მაგრამ ხელი არ ახლეს - “აცალეს არსებობა”.

როცა ბოლოს მოუკვდა ეს შვილი, პლატონოვს ასე ჩაუწერია თავის დღიურში: “გამანადგურეს, მაგრამ ვერ გამტეხეს”.

მაგრამ ვიღას ახსოვდა პლატონოვის შვილი, როცა უკვე მილიონობით ადამიანი ქრებოდა.

ბელადმა სწორედ ამ დროს გამოაცხადა: ცხოვრება უკეთესი გახდა, უფრო მხიარულიო...

მაგრამ ეს ადრე იყო, წარსულში...

დღეს გვეუბნებიან, რომ უკვე აღარავის აჰყავს შვილები მძევლებლად მშობლების საქმიანობის გამო...

დღეს თურმე შვილებს აღარავინ იჭერს იმის გამო, რომ ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი მშობლები დადუმდნენ.

ახლა ხომ ძველი დრო აღარ არიო...

ახლა ხომ მართლაც მხიარულია ცხოვრება...

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG