Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიელი მოხალისის გზა დონბასიდან კიევის ციხემდე


მარკეს ლუსვარგი
მარკეს ლუსვარგი

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს მკვიდრი მარკეს ლუსვარგი დონბასში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხარეზე დაახლოებით წელიწადი იბრძოდა. 2016 წელს იგი უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც კიევის ლუკიანოვსკის საგამოძიებო იზოლატორში შედგა (სწორედ იქ იმყოფება ამჟამად ლუსვარგი), ბრაზილიელმა ისაუბრა იმაზე, თუ რამ აიძულა ის 11 ათასი კილომეტრი გაევლო და სეპარატისტებს შეერთებოდა, შემდეგ კი იარაღი დაეყარა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

გადმოწერა

რაფაელ მარკეს ლუსვარგი, როგორც გაირკვა, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ბრაზილიელს შორის, რომლებიც დონბასში გაემგზავრნენ სეპარატისტების მხარეზე საბრძოლველად. წარსულში კურსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩასვლის მიზეზად იმ მეგობრებისგან მიღებულ შემოთავაზებას ასახელებს, რომელთა დასახმარებლადაც გაეშურა ყოფილი სტუდენტი და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში ჩაირიცხა:

„მე რუსეთის დიდი ფანატი ვარ. რუსეთში ვსწავლობდი, თუმცა კარგი სტუდენტი არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის კომუნისტი ვიყავი. ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირსა და რუსეთს უკავშირდებოდა, ჩემთვის წმიდათაწმიდა იყო“.

ლუსვარგს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ორი მძიმე მუხლით - „ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისა“ და „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისათვის“.

ყოფილი ბრაზილიელი მოხალისე ამბობს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნაღმმტყორცნელთა ოცეულს, „ვიკინგს“, რომლის სახელწოდებაც ემთხვევა „ესესის“ - ნაცისტური გერმანიის დროინდელი უშიშროების სამსახურის - ერთ-ერთი სატანკო დივიზიის სახელს (ამ დივიზიის შემადგენლობაში შედიოდნენ მოხალისეები ჰოლანდიიდან, ბელგიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან).

დონბასელი სეპარატისტების ქვედანაყოფ „ვიკინგში“, ლუსვარგის სიტყვებით, რამდენიმე ბრაზილიელი ირიცხებოდა. ისინი მონაწილეობდნენ დონეცკის აეროპორტისა და დებალცევოს აღებისათვის გამართულ ბრძოლებში.

როდესაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პირველი სლავური ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, - ჰყვება ლუსვარგი, - მას თანამშრომლობა უხდებოდა სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფ „რუსიჩთან“, რომელიც საკუთარ ემბლემად იყენებდა რუსი ნეოფაშისტების ერთ-ერთ სიმბოლოს, მბრუნავ სვასტიკას, კოლოვრატს რომ უწოდებენ.

თავისი სისასტიკით ცნობილი „რუსიჩის“ მოქმედების თაობაზე ლუსვარგი ახლა კრიტიკულად ლაპარაკობს:

„ისინი ძალიან ამაყობდნენ იმით, რასაც დონეცკის აეროპორტში სჩადიოდნენ. ესეც ბარბაროსობა იყო. როდესაც ჩვენი მტრები დავამარცხეთ, საჭირო იყო მათი დაფასება და ადამიანურად მოპყრობა“.

საკუთარ ოცეულს კი ბრაზილიელმა მოხალისემ „ვიკერნესი“უწოდა - მუსიკალურ პროექტ „ბურზუმის“ ლიდერის, თავისი ანტისემიტური და რასისტული გამოთქმებით ცნობილი ვარგა ვიკერნესის, პატივსაცემად, იმ ადამიანისა, რომელმაც ჩადენილი მკვლელობებისა და ეკლესიების დაწვისათვის საპატიმროში 16 წელი გაატარა.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ლუსვარგმა დონბასში ბრძოლის დროს მისცა რუსულ მედიას, იგი ასეთ რამეს ამბობს:

„არ მადარდებს არაფერი. ვიცი, რისი გაკეთებაცაა საჭირო. და თუ მოვკვდი, ეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იქნება“.

ამასთან, როგორც მსჯავრდებული ლუსვარგი ამტკიცებს, დონბასში ჩავიდა იმის ღრმა რწმენით, რომ ფაშიზმს ებრძოდა. ახლა კი, თავისი უწინდელი შეხედულების მიუხედავად, ფაშიზმს უწოდებს იმას, თუ როგორ მოიხსენიებდა ზოგიერთი სეპარატისტი იმ უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხარეზე იბრძოდნენ:

„როცა ჩემი ათეული მათ სამხრეთამერიკელ მაიმუნებად მოიხსენიეს, ამან ყველა ბრაზილიელი ძალიან გააბრაზა. დიმა ამაზონელია, ნამდვილი ინდიელი. როდესაც მან ეს დაინახა, მითხრა: „რაფაელ, მივდივარ, ახლავე მივდივარო“. მაშინ მე ვუპასუხე, მოიცა, მეც მინდა წასვლა-მეთქი. დავიღალე ომისაგან. ომი იოლი არ არის. მთელი წელი სანგრებში ხარ. სიტუაცია იცვლება. ხედავ, თუ როგორ იტანჯებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროებიც ძალიან იტანჯებიან, ყველა ძალიან იტანჯება - ორივე მხარეს“.

შეკითხვაზე, გაუჩნდა თუ არა იმის შეგრძნება, რომ ომი სრულებითაც ისეთი არ ყოფილა, როგორიც გარედან ჩანს, ყოფილი ბრაზილიელი მოხალისე აცხადებს, რომ ასეთი შეგრძნება მალევე დაეუფლა:

„დონბასში იყვნენ ადამიანები, ძალიან ცუდი ადამიანები. შემიძლია ყოველგვარი პრობლემის გარეშე დავასახელო ლუგანსკელი „ბაბაი“, ძალიან ცუდი ადამიანი, ბანდიტი და მაროდიორი“ .

სტახანოველი ვლადიმირ ტიმოფეევი, მეტსახელად ბაბაი, ახლა, რაფაელ ლუსვარგის მსგავსად, გისოსებს მიღმა იმყოფება, სადაც მას თავად სეპარატისტებმა უკრეს თავი.

იმის შემდეგ, რაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადაიტანა, ბრაზილიელმა მოხალისემ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო. მან უპრობლემოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და რამდენიმე თვე მშობლიურ სახლში, ქალაქ სან-პაულუში ცხოვრობდა, ვიდრე უკრაინის სპეცსამსახურების ანკესს არ წამოეგო.

„უკრაინიდან მიღებული წერილით სამუშაოდ მიწვევდნენ. ყველაფერი ოფიციალურად გამოიყურებოდა. რატომ უნდა მეფიქრა, რომ რაიმე პრობლემები შემექმნებოდა?!“ - უკვირს ლუსვარგს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მშობლიური ქვეყნიდან გაიტყუა ლუსვარგი, რომელიც არავითარ საშიშროებას არ ელოდა. დონბასელი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ყოფილი მოხალისე გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს კიევის სართაშორისო აეროპორტ ბორისპოლში დააკავეს. იგი პირველი არარუსი უცხოელია, რომელიც კიევმა დონბასში მიმდინარე კონფლიქტისათვის დააკავა.

თუმცა, როგორც საუბრიდან ირკვევა, ლუსვარგი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა ჩაიდინა ისეთი, რის გამოც უკრაინის სპეცსამსახურებმა მასზე ოკეანის იქით ნადირობა დაიწყეს:

„მე არ ვიყავი მთავარი ვინმე დონბასში. როდესაც ომი დასრულდა, მხოლოდ ლეიტენანტი ვიყავი, თავიდან კი - უბრალო რიგითი, საზარბაზნე ხორცი“.

ორი წლის წინ ლუსვარგი სულ სხვანაირად ლაპარაკობდა - აღბეჭდავდა საკუთარ საბრძოლო საქმიანობას, აქვეყნებდა მასალებს ინტერნეტში, მონაწილეობდა რუსეთის ტელეარხების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში.

დღეს რაფაელ ლუსვარგი 32 წლისაა და მის გარეგნობაში არაფერი მეტყველებს მის ბნელ წარსულზე. მიუხედავად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა, ის არ კარგავს ციხიდან გათავისუფლების იმედს და გათავისუფლების შემდეგ დონბასში ჩასვლასაც კი აპირებს:

„ამაზე არ მიფიქრია. ადვოკატმა მითხრა, მომავალზე ნუ იფიქრებ, აქ კიდევ დიდხანს მოგიწევს ყოფნაო. მაგრამ მე მინდა დონბასში წავიდე, რომ რამდენიმე ჩემი მეგობარი ვნახო, მერე კი სახლში მინდა დავბრუნდე, ჩემს შვილთან ერთად მსურს ცხოვრების გაგრძელება“.

მუხედავად ყველაფრისა, ლუსვარგმა საპყრობილე, შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს. მინსკის შეთანხმება ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც იმავე მუხლით არიან მსჯავრდებულნი, რომლითაც ბრაზილიელი მოხალისე. გარდა ამისა, მისი გვარი გასაცვლელთა სიაშია შეტანილი, ლუსვარგის ადვოკატმა კი აპელაციას მიმართა და სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG