Accessibility links

logo-print

15 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა შედეგები კვლევისა „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“, რომელიც ეფუძნება IDFI-ის მიერ 106 საჯარო დაწესებულების მონაცემთა ბაზების, რეესტრებისა და ელექტრონული რესურსების მონიტორინგს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტრუქტურების უმეტესობა საკუთარ მონაცემებს სათანადოდ არ ასაჯაროებს.

კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში მონაცემთა ბაზები, რეესტრები, მასალა, რომელიც აუცილებელია მკვლევრებისთვის, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თუნდაც ახალი ბიზნესის წამოწყება სურთ და ამისთვის მონაცემების წინასწარი ანალიზი სჭირდებათ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება და შექმნა ღია მონაცემთა პორტალი Data.gov.ge. ამ პორტალზე საჯარო სექტორში არსებული მონაცემები უნდა ქვეყნდებოდეს, ამასთან, ისეთ ფორმატში, რომლის დამუშავებაც პრობლემა არ იქნება:

ლევან ავალიშვილი

ლევან ავალიშვილი

„და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში ბიზნესსექტორი განვითარდეს, რადგან ეს მონაცემები გამოიყენება ბიზნესპროექტების, ელექტრონული მმართველობის, კვლევების განვითარებისთვის. როგორც ჩვენი კვლევებიდან გაირკვა, უწყებების უმეტესობა საკუთარ მონაცემებს ამ პორტალზე არ აქვეყნებს“.

ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ საჭიროა საჯარო დაწესებულებებისთვის ინფორმაციის პორტალზე განთავსება სავალდებულო გახდეს. მისივე თქმით, ხშირად არის სხვა სახის პრობლემაც:

„მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვწერა, რომ საერთოდ არა აქვთ მონაცემთა ბაზა. ჩემი აზრით, ეს არის წმინდა წყლის კომპეტენციის პრობლემა, რადგან არათუ სამინისტრო, პატარა ორგანიზაციაც კი არ არის მონაცემთა ბაზის გარეშე. შსს დღემდე კრიმინალის სტატისტიკას აქვეყნებს PDF ფორმატში, რომელსაც ვერავინ დაამუშავებს, თუ ხელით არ ამოწერა“.

მაგალითად, მქონია შემთხვევა, როდესაც რომელიმე კვლევისთვის გამოგვითხოვია ინფორმაცია და პასუხი მიგვიღია თავად ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი გიორგი ნასრაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას აწყდებიან - ძირითადად, ეს არის ინფორმაციის დაგვიანება ან არასრული ინფორმაცია.

„მაგალითად, მქონია შემთხვევა, როდესაც რომელიმე კვლევისთვის გამოგვითხოვია ინფორმაცია და პასუხი მიგვიღია თავად ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ“.

მისივე თქმით, პასუხების მიღება განსაკუთრებით ჭირს პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხზე, თუმცა, როგორც გიორგი ნასრაშვილი ამბობს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხშირად მაინც უშუალოდ იმ სტრუქტურაზე არის დამოკიდებული, რომლისგანაც ამ ინფორმაციას ითხოვ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG