Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიის თანამშრომლები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიერ მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დადანაშაულებული ქალაქის მერიის თანამშრომლები ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. თავად მერიაში თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ. გამგებლის მოადგილის ცემაში დადანაშაულებულმა მერიის „კეთილმოწყობის ცენტრის“ დირექტორმა მამუკა ციმინტიამაც რადიო თავისუფლებასთან კომენტარი ინციდენტიდან მხოლოდ მეორე დღეს გააკეთა, მანამდე ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მიზეზად განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიერ იკითხებოდა. ციმინტია ადასტურებს, რომ 9 მარტს მოადგილე დიმიტრი სოსელიასთან ერთად იმყოფებოდა გამგებლის მოადგილის კაბინეტში, თუმცა უარყოფს გურგენ სართანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფანჯრიდან გადაგდებით დაემუქრნენ:

„არავითარი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. გასვენებაში, რომ იდექი იქ, მე რატომ მაგინებდი-მეთქი, ასე ვუთხარი. ეს იყო და ეს. ჩემს შემგინებელს-მეთქი ერთი... აი, ეს ვუთხარი ცოტა ისე. მეტი მე მაგისთვის არაფერი არ მითქვამს. ეს ვუთხარი და წამოვედით. მაგისთვის ერთი თითი არ დაგვიკარებია. ნახევარი წუთი ვიყავი და გამოვედი. ეს იყო სულ. ის გასვენებაში ამბობდა, ესენი ნაციონალები არიანო, რაღაც ასე უთქვამს. ჩემზეც უთქვამს და კიდევ სხვებზეც. ჰოდა, ამის გამო ეს ვუთხარი ზუსტად: რას მაგინებ, ჩემთან რა პრეტენზია გაქვს-მეთქი, ჩემი შემგინებლის-მეთქი ერთი...“

გურგენ სართანიამ ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის ცენტრის“ დირექტორი მამუკა ციმინტია და მისი მოადგილე დიმიტრი სოსელია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში 9 მარტს დაადანაშაულა. გამგებლის მოადგილე ინციდენტს მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს, სადაც ის ამბობდა, რომ საჯარო უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან უნდა გათავისუფლდეს:

„შემომივარდნენ და პირდაპირ გადმოვიდნენ გინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. დამემუქრნენ, მესამე სართულიდან გადაგაგდებთო. ერთმა სკამი მომიქნია. ამ ხალხს, როგორც ჩანს, არ მოსწონს ის, რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმის, რომ არიან ადამიანები დასაქმებული მერიაში, თუნდაც გამგეობაში, რომლებიც ჩუმ-ჩუმად ეწევიან საქმიანობას საბოტაჟის სახით“.

გურგენ სართანიას განცხადებით, მერიის კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლები ასევე გააღიზიანა ზუგდიდში 21 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაგეგმილმა საპროტესტო აქციამ. გამგებლის მოადგილის სიტყვებით, მერიის თანამშრომლები მასთან კაბინეტში შემოჭრისას ამ აქციასაც ახსენებდნენ. ამასთან, სართანია განმარტავს, რომ უშუალოდ ის არც არის ამ აქციის ორგანიზატორი - უბრალოდ, იცის, რომ მსგავსი რამე იგეგმება.

გურგენ სართანიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს:

„დაკითხულია გამგებლის მოადგილე, ის ადამიანებიც, ვინც ამ ფაქტს შეესწრნენ და ინციდენტში მონაწილე მეორე მხარეც. დაველოდოთ გამოძიებას“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკატერინე ბრეკაშვილი. მისი ცნობით, ზუგდიდის გამგებლის მოადგილის კაბინეტში მომხდარ ინციდენტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 125-ე მუხლით არის აღძრული. ის ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ეხება, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა. 125-ე მუხლი სასჯელის სახედ ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს დაკისრებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG