Accessibility links

logo-print

დევიდ ბოუის The Next Day და ჯიმი ჰენდრიქსის People, Hell And Angels


დევიდ ბოუისა და ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომები

დევიდ ბოუისა და ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომები

დღევანდელ სიუჟეტს ორ ნაწილად გავყოფ: პირველს დევიდ ბოუის, ხოლო მეორეს ჯიმი ჰენდრიქსს დავუთმობ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ ამბავს სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვებ, მანამდე კი ბრიტანელს მივხედავ, რომელსაც 8 იანვარს 66 წელი შეუსრულდა. ალბათ, გახსოვთ, რომ იმავე დღეს იუბილარმა სინგლი "Where Are We Now" შემოგვთავაზა და დაიფიცა, მარტში მთლად ახალ ალბომსაც გაღირსებთო. საკუთარ ვებგვერდზე ვიდეოკლიპიც კი მოაყოლა, რომელიც ამერიკელმა მხატვარმა ტონი ოუსლერმა გადაიღო.



დიახ, ბოუიმ ძალიან დაგვიძვირა თავი, რადგან 10 წელი დუმდა და მის მორიგ ნამოქმედარს 2003 წლიდან მოუთმენლად ველოდით. ჰოდა, სინგლის გამოჩენამ გვარიანად გაახარა მონატრებული მსმენელი. თუმცა აზრი ორად გაიყო: ზოგი აღფრთოვანდა, ზოგს კი მუსიკოსის ვოკალურმა მონაცემებმა გაუცრუა იმედები, მობერებული და მოტეხილი მოეჩვენათ. მართლაც, ენა არ მოგიბრუნდება ამტკიცო, რომ ძველებურად ხმამადლიანია, - ნაღვლიანი, ნოსტალგიური რამერუმეებითაა შეწუხებული: მას პოპთან ერთად 70-იანების პოცდამის მოედანზე ხეტიალი მონატრებია. დიახ, იმ პერიოდს მისტირის, როცა ელექტრობით დამუხტული "კრაფტვერკის" ბერლინით სულდგმულობდა და თავის ცნობილ გერმანულ "ტრიპტიხს" ქმნიდა. წარმოდგენა არა მაქვს, გარდასული დღენი ასე რამ მოანატრა, მაგრამ სიმღერაზე მთლად აუგიც არ ითქმის - ამგვარ მელოდიასა თუ ტექსტებს ღამე უნდა უსმინო, როცა არ გეძინება - მით უმეტეს, თუ ბერლინიც გიყვარს და მასზე გეფიქრება...



დევიდ ბოუის დაპირებული 24-ე სტუდიური ნამუშევარი "The Next Day" ოფიციალურად 11 მარტს გამოვა, თუმცა მარიფათის წყალობით მისი დაგემოვნება მაინც მოვახერხე. ჰოდა, ზემოხსენებული სინგლი, ფაქტობრივად, ერთადერთი უდრტვინველი ბალადა გამოდგა, დანარჩენი მასალა კი ერთი ამოსუნთქვით ისმინება, მბორგავი, გლამურული როკის სულისკვეთებით გახლავთ სავსე. დრამატული, ირონიული და გემოვნებიანი სიმღერების კრებულია, რომლებშიც ზოგან ბიტლზურ მრავალხმიანობას, ზოგან კი რთულ ჰარმონიულ სტრუქტურებზე აწყობილ როკოპერულ მოტივებსაც გადაეყრები. "The Next Day" თითქოს დროის მანქანაც გახლავთ, რომლითაც ბრიტანელი საკუთარ წარსულში, თავისი შემოქმედების პერიოდებში და სხვადასხვა სტილისტიკის კონკრეტულ ალბომებში გამოგზაურებს, მარსიანელ ზიგისაც შეგახვედრებს და დეტექტივ ნათან ადლერსაც გაგახსენებს. მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, მიუხედავად ასაკისა, ბოუი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მელოდისტი და პოეტი ბრძანდება.



დაბოლოს, იმ სიურპრიზის შესახებ, სიუჟეტის დასაწყისში რომ ვახსენე. გუშინ ჯიმი ჰენდრიქსის დისკი "ხალხი, ჯოჯოხეთი და ანგელოზები" გამოვიდა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ, 1968-69 წლებით დათარიღებულ სტუდიურ ჩანაწერებს აერთიანებს. გიტარისტი მასალაზე თავისი კოლეგების, ჯგუფ "Experience"-ის მუსიკოსების გარეშე მუშაობდა და მომდევნო სოლო ალბომსაც გამოუშვებდა, ცოტაც რომ დასცლოდა. ჰოდა, მხოლოდ 40 წლის დაგვიანებით გახდა ცნობილი, თუ რა მუსიკალური გზით აპირებდა წასვლას. ალბომი 12 ექსპერიმენტული თხზულებისგან შედგება, სადაც ჰენდრიქსი ახალი ბგერისა თუ ფორმების ძიებაშია, მისი ინსტრუმენტი კი კვლავ ჩვეული ენამჭევრობით მეტყველებს და იმ ქვეყნიდან კიდევ ერთხელ შეგვახსენებს უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ დღესაც ტოლი და სწორი არ მოეძებნება.

XS
SM
MD
LG