Accessibility links

თბილისის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხომაზე განიხილეს 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა ქონების ანაზღაურებისა და კომპენსაციის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის მერიამ შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ მერიის მიერ შექმნილ დოკუმენტს საკრებულოს უმრავლესობა და უმცირესობა დადებითად აფასებს, მაინც არსებობს მის მიმართ გარკვეული შენიშვნები.

62 წლის გულნაზ ქარდავას მშობლიური სახლი 1993 წელს ომმა წაართვა. მან და მისი ძმის ოჯახმა სახლი მეორედ 2015 წლის 13 ივნისის ღამეს დაკარგა. სახლი, რომელიც წყნეთის ხევში წლების წინ მისმა ძმამ საკუთარი ხელით ააშენა, აღარ არსებობს. გილისტკივილით იხსენებს გულნაზ ქარდავა ძმის ნაშენებ სახლს და ეზო-კარმიდამოს. გულნაზ ქარდავა ოჯახთან ერთად ახლა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროს აფარებს თავს. ის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდება, საკრებულომუნდა დაამტკიცოს დედაქალაქის მერიის მიერ მომზადებული წესი 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ:

„თუკი თანხა შემოსულია, გაანაწილონ, გააკეთონ ორგანიზება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ცხოვრობდა. შეისწავლონ თითოეული დაზარალებულის ქონება, ნახონ. ჩვენი სახლი იყო ორსართულიანი, ექვსნი ვცხოვრობდით. ვვარაუდობთ, რომ როგორც იქ გვქონდა, იმის მიხედვით მოგვცემენ, მაგრამ რა იქნება და რას მოგვცემენ, ეგ ჯერ არ ვიცით“.

დოკუმენტს იმის შესახებ, თუ რას და როგორ მისცემენ გულნაზს და, მის მსგავსად, სტიქიით დაზარალებულ კიდევ სხვა 160 ოჯახს, თბილისის საკრებულო 5 ივლისს საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებს. მანამდე კი საკრებულოს ხუთი კომისიის წარმომადგენლებმა 4 ივლისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალაქის ვიცე-მერს ირაკლი ლექვინაძეს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს მერიის მიერ სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის თაობაზე შემუშავებული პროექტი გააცნო და, შესაბამისად, მათი შენიშვნებიც მოისმინა. უპრეცედენტო დოკუმენტი - ასე აფასებენ საკრებულოს უმრავლესობის წევრები მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს. შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტს დადებითად აფასებენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც, თუმცა მათ გარკვეული პრეტენზიები მაინც აქვთ. თავდაპირველად, თუკი რამდენიმე სიტყვით შევჩერდებით დოკუმენტის მთავარ პრინციპზე, როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, მისი უმთავრესი ღირსება სწორედ ისაა, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ქონება საბაზრო ღირებულებით შეფასდება და ის მაქსიმალურად იქნება ანაზღაურებული. ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, დაზარალებულ ოჯახებს 100 %-ით აუნაზღაურდებათ იმ საცხოვრებელი ფართის ღირებულება, რაც მათ სტიქიის ღამემდე გააჩნდათ. რაც შეეხება სხვა სახის ფულად დახმარებას, დოკუმენტი ამ წესსაც არეგულირებს და დაზარალებულ პირებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად 8 000-დან 10 000 ლარამდე. გარდა ამისა, ირაკლი ლექვინაძის თქმით, დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული ოჯახები დაიყოფიან პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს კომპენსაციის მიღების რიგითობას:

„რა თქმა უნდა, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდება დაკარგული ქონება, მაგრამ დავყავით გარკვეულ კატეგორიებად, რათა დაცული იყოს სამართლიანობა. უპირველესად ქონება აუნაზღაურდება დაზარალებულ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო და სხვა უძრავი ქონება; მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა“.

პრიორიტეტების ნუსხა სულ ექვსი კატეგორიისგან შედგება. ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც საკრებულოს წევრებმა დოკუმენტის მისამართით გამოთქვეს, სწორედ დაზარალებულთა პრიორიტეტებად დაყოფას ეხება. მათი თქმით, მაშინ როდესაც დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე მობილიზებულია მერიის ბიუჯეტში 25 მილიონ ლარზე მეტი, მათთვის გაუგებარია, რა საჭიროა რიგითობის დაცვა. კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ გამოთქვა, შეეხება დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულს გადაეცემა თანხა ბინის შესაძენად, დაზარალებულმა საცხოვრებელი ორი თვის ვადაში უნდა შეიძინოს, რადგან ამ ვადის გასვლის შემდეგ მას აღარ მიეცემა თანხა საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად:

„რატომ არის ასეთი მკაცრი მიდგომები ამ ადამიანების მიმართ, არ მესმის, მაშინ როდესაც უკვე წლებია ბინის ქირას ვუხდით სხვა დაზარალებულ ოჯახებს“.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ფინანსური ანაზღაურების ნაწილს დადებითად აფასებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, ის ამბობს, რომ დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავტომობილების ანაზღურების საკითხი, რომლებიც სტიქიის დროს დაზიანდა და არ იყო დაზღვეული:

„დაუზღვეველი მანქანები ანაზღაურდება თუ არა? ეს უნდა ითქვას მკაფიოდ მერიის მხრიდან, რადგან ბევრისთვის ეს ავტომანქანები ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა და ისინი ელოდებიან მერიისგან პასუხს და აქვთ განცდა, რომ ეს ზარალი შესაძლოა არ აუნაზღაურდეთ. მირეკავენ, მეკითხებიან, მე პასუხი არ მაქვს და იქნებ მკაფიოდ ითქვას გადაწყვეტილების შესახებ“.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ავტომობილების, გარდაცვლილთა ოჯახებისთვის დამატებითი დახმარებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული მცირე ბიზნესის წარმომადგენლების საკითხზე მუშაობას ქალაქის მერია მაშინვე დაიწყებს, როგორც კი საკრებულო დაამტკიცებს 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს. ქალაქის ვიცე-მერის სიტყვებით, თუკი წესი 5 ივლისს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება, მისი განხორციელება ორშაბათიდან დაიწყება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG