Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი და მოტყუება: სანქტ-პეტერბურგში COVID-19-ით გარდაცვლილი მედდის ოჯახს არ უხდიან კომპენსაციას


მედდის თანაშემწე მარია ტიშკო, რომელიც მედდობაზე ოცნებობდა, COVID-19-ით დაავადდა სანქტ პეტერბურგის საავადმყოფოში მუშაობისას.
მედდის თანაშემწე მარია ტიშკო, რომელიც მედდობაზე ოცნებობდა, COVID-19-ით დაავადდა სანქტ პეტერბურგის საავადმყოფოში მუშაობისას.

მედდის თანაშემწე მარია ტიშკო COVID-19-ით დაავადდა სანქტ პეტერბურგის საავადმყოფოში მუშაობისას. როცა ის გარდაიცვალა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრა მის ოჯახს.

სანქტ-პეტერბურგში პანდემიის დაწყების შემდეგ COVID-19-ით დაღუპულ 75 მედმუშაკს შორის, რომელთა პორტრეტებიც ამშვენებს სახელდახელოდ მოწყობილ მემორიალს, ყველაზე უმცროსი იყო 30 წლის მარია ტიშკო.

ტიშკო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა მედდის თანაშემწედ ვეტერანების ჰოსპიტალში და მედდობაზე ოცნებობდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ის COVID-19-ით გარდაიცვალა 15 აპრილს, ხელისუფლება უარს ამბობს ჯანდაცვის მუშაკად მის აღიარებაზე ან მისი ოჯახისთვის რაიმე სახის კომპენსაციის გადახდაზე, რაც პანდემიის ფრონტის წინა ხაზებზე მომუშავე მედპერსონალის ოჯახებს აღუთქვეს.

„როცა კადრების განყოფილების უფროსს, ვკითხე, მან უხეშად მიპასუხა: ‘მას ეს არ ეკუთვნის. ის არ იყო მედმუშაკი, მორჩა და გათავდა’“, თქვა ტიშკოს დედამ, მარგარიტამ.

დედა, პროფესია წამართვეს. ისე ვცდილობდი, მათ კი გამაცურეს."
მარია ტიშკო

„არ მესმის, როგორ შეიძლება უარი უთხრა [ტიშკოს] მშობლებს,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას რაიონის მრჩეველმა ნელი ვავილინამ. „მართალია, ისინი ფულს ასეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაგრამ შეძრწუნებული იყვნენ, როცა უთხრეს, ‘თქვენ ეს არ გეხებათ. ის არ იყო მედმუშაკი, ის რეგისტრატორი იყო.’“

ვავილინას თქმით, ტიშკოს ოჯახს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა, ფული ვერ დაუბრუნებს ქალიშვილს. მაგრამ ის მზადაა, ყოველ ღონეს მიმართოს, რათა ხელისუფლებამ თანხა გადაიხადოს.

მას შემდეგ, რაც ტიშკოს შემთხვევა გახმაურდა, იზრდება საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, ხალხი ოჯახს სთავაზობს, რომ დაფარავენ ადვოკატების ხარჯებს ან სხვანაირად დაეხმარებიან მათ.

ოცნება და სიმტკიცე

მაშა ტიშკო 4 წლის იყო, როცა ბავშვების ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. მშობლებმა ყოველი ღონე იხმარეს მისი სხვადასხვა სიმპტომის სამკურნალოდ, მაგრამ მხედველობა გაუარესებული დარჩა. ის სწავლობდა მხედველობადაქვეითებულთა სპეციალურ სკოლაში, მოგვიანებით კი სამედიცინო-ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა და არ კარგავდა იმედს, რომ მედდა გახდებოდა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის მედდის თანაშემწედ აიყვანეს ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში.

სანქტ-პეტერბურგში მოხალისე წმენდს კორონავირუსით გარდაცვლილი მედმუშაკების მემორიალს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო 30 წლის მარია ტიშკო.
სანქტ-პეტერბურგში მოხალისე წმენდს კორონავირუსით გარდაცვლილი მედმუშაკების მემორიალს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო 30 წლის მარია ტიშკო.

„პირველი წელი მისთვის ძალიან მძიმე იყო“, იხსენებს დედამისი. „მუშაობდა ხანდაზმულ ადამიანებთან, რომლებსაც ძვლების მოტეხილობა ჰქონდათ და ა. შ. საჭირო იყო მათი აწევა, გადატრიალება. ის კი ძალიან პატარა იყო, 50 კგ-ზე ნაკლებს იწონიდა. მაგრამ თანდათან გამოცდილება შეიძინა.

„ძალიან იოლი საურთიერთო იყო,“ ამბობს მარგარიტა ტიშკო. „არავისთან არ ჰქონია კონფლიქტები.“

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ის გადაიყვანეს ნევროლოგიურ განყოფილებაში, სადაც დაიწყო მისი ცხოვრების ძალიან ბედნიერი პერიოდი.

[მარია] უსამართლობას ვერ ეგუებოდა და იმეორებდა: „ამიხსნან, რა დავაშავე და წავალ.“

როგორც დედამისი იხსენებს, მაშინ მ: „სულ მეუბნებოდა, რა ბედნიერი იყო და რა შესანიშნავ გარემოში აღმოჩნდა. მთელი ხუთი წელი მუშაობდა იქ, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა მთავარ მედდასთან და მთავარ ექიმთან. ისე ბედნიერი იყო.“

მაგრამ ჰოსპიტალში მოვიდა ახალი დირექტორი, მაქსიმ კაბანოვი. ერთ მშვენიერ დღეს მან დაიბარა მარია ტიშკო და სთხოვა სამსახური დაეტოვებინა. ამის მიზეზი არ დაუსახელებია და თქვა, რომ ჰოსპიტლის ვებსაიტზე „ყველაფერი წერია“. კაბანოვის ოფისმა მრავალჯერ თქვა უარი ამ ამბის კომენტირებაზე.

ტიშკო და მისი მშობლები ადვოკატს ელაპარაკნენ და გადაწყვიტეს, რომ მაშა სამსახურს არ დატოვებდა. მან კაბანოვს უთხრა, რომ თუკი ის მას გაათავისუფლებდა, სასამართლოში იჩივლებდა. მეორე დღეს ის საავადმყოფოს სარეაბილიტაციო ცენტრის მიმღების თანამდებობაზე გადაიყვანეს.

დედამისის თქმით, მას დამატებით ცვლაში ამუშავებდნენ: „თვეში ექვსი ან შვიდი 24-საათიანი ცვლის ნაცვლად მას ათამდე ჰქონდა. მის თავიდან მოშორებას ცდილობდნენ.“ მიუხედავად ამისა, მარია ტიშკო ამბობდა, რომ მას მოსწონდა ეს სამსახური და არ დატოვებდა მას.

მარგარიტა ტიშკოს თქმით, მისი ქალიშვილი უსამართლობას ვერ ეგუებოდა და იმეორებდა: „ამიხსნან, რა დავაშავე და წავალ.“

„ისე ვცდილობდი“

მარიას დედის თქმით, სიკვდილამდე დაახლოებით სამი თვით ადრე მან რეგულარულად დაიწყო ტირილი. დედას დიდი დრო დასჭირდა, სანამ ქალიშვილს ათქმევინებდა, რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ მარია ტიშკოს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ქაღალდზე, რომელშიც მისი სამუშაო განსაზღვრული იყო არა როგორც „სამედიცინო მიმღები“, არამედ უბრალოდ „რეგისტრატორი“.

მართალია, მისი მოვალეობები არ შეცვლილა, მაგრამ ამ მომენტიდან ის უკვე აღარ ითვლებოდა მედმუშაკად.

„თავიდან ვერ მიხვდა, რა მოხდა,“ ამბობს მარგარიტა ტიშკო. „მაგრამ როცა მიხვდა, ტირილი დაიწყო. მითხრა: ‘დედა, პროფესია წამართვეს. ისე ვცდილობდი, მათ კი გამაცურეს.’“

მარია ტიშკოსთვის "სამსახურში სიარული დღესასწაულივით იყო".
მარია ტიშკოსთვის "სამსახურში სიარული დღესასწაულივით იყო".

მარტის შუა რიცხვებში, როცა ქალაქში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა, მარია ტიშკო დილის 7 საათზე სამსახურში გამოიძახეს და დაავალეს, რომ სიცხე გაეზომა საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის სამსახურის დაწყების წინ. პატარა ოთახში დასვეს და ყოველდღე თითქმის სამი საათის განმავლობაში ამოწმებდა თანამშრომლების ჯანმრთელობას.

„1 აპრილს 14 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს,“ იხსენებს დედამისი. „38,9 ჰქონდა სიცხე. ვუთხარი, დაუყოვნებლივ წამოსულიყო სახლში, მაგრამ მითხრა, ჯერ ცვლა უნდა დავამთავროო. როცა საღამოს 5 საათისთვის სახლში დაბრუნდა, ძლივს მოლასლასდა და კედელს ეყუდებოდა.“

„მოტყუება“ და სიკვდილი

დედამისმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახა. მედიკოსებმა უთხრეს, რომ ტიშკო გაციებული იყო და მეორე დღეს ექიმთან უნდა მისულიყო.

ექიმმა ტიშკოს ანტიბიოტიკები გამოუწერა და შინ გაისტუმრა. 6 აპრილს მშობლებმა კვლავ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, როცა ტიშკოს სუნთქვის პრობლემები გაუჩნდა. ის საავადმყოფოში წაიყვანეს და პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. დედამისი სამი დღის მერე იქნა ჰოსპიტალიზებული. უკანასკნელად 7 აპრილს ილაპარაკეს ტელეფონით. მოგვიანებით, იმავე დღეს, მარია ტიშკო გადაიყვანეს სარეანიმაციო განყოფილებაში, სადაც ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა. ის 15 აპრილს გარდაიცვალა.

საავადმყოფოდან, სადაც ტიშკო მუშაობდა, არავინ დაკავშირებია მის ოჯახს სამძიმრისთვის.

ომის ვეტერანთა სახელმწიფო ჰოსპიტალი სანქტ-პეტერბურგში.
ომის ვეტერანთა სახელმწიფო ჰოსპიტალი სანქტ-პეტერბურგში.

„ჩვენ გვაქვს კანონები, რომლების მიხედვითაც კომპენსაცია მხოლოდ მედმუშაკებს ერგებათ. ყოველ საავადმყოფოში არის სამედიცინო და არასამედიცინო თანამშრომლების რეესტრი. თუკი გადაწყდება, რომ გადაუხადონ არასამედიცინო მუშაკებს, მაშინ მის მშობლებს, რა თქმა უნდა, გადაუხდიან. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ყველას გადაუხადონ... მაგრამ ამ მომენტში ჩვენ მედმუშაკებისთვის ვიხდით,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მუნიციპალური კომიტეტის წარმომადგენელმა ოლგა რიაბინინამ.

სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების დეპუტატმა ალექსეი კოვალიოვმა შეშფოთება გამოხატა ტიშკოს საქმის გამო.

„ამავე დროს მესმის, რომ იგივე საავადმყოფო კომპენსაციას უხდის ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ COVID-19, მაგრამ საჭირო ქაღალდები ჰქონდათ,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ჯერჯერობით არ შემიძლია ამის დამტკიცება, მაგრამ ამ ფონზე მარიას მშობლებისთვის წმინდად ფორმალური მიზეზით უარის თქმა განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, რომ რვა წელი იმუშავა მედდად.“

მართალია, სანქტ-პეტერბურგში COVID-19-ით გარდაცვლილი მედმუშაკების მემორიალზე 75 პორტრეტია, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობამ COVID-19-ის მსხვერპლად ოფიციალურად მხოლოდ 35 აღიარა.

კოვალიოვმა არერთხელ მიმართა თხოვნით გენერალურ პროკურატურას, დაინტერესდეს ზოგიერთი ამ შემთხვევით. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, უმეტეს შემთხვევებში მედმუშაკები გარდაიცვალნენ იმ ხელმძღვანელთა გულგრილობის გამო, რომლებმაც არ მოამარაგეს ისინი საკმარისი დამცველი საშუალებებით.

„ამ საქმეებს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს,“ ამბობს კოვალიოვი. სხვაგვარად, მისი თქმით, ხელისუფლება „გააგრძელებს მედმუშაკების ჯანმრთელობის უგულებელყოფას და ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებას.“

XS
SM
MD
LG