Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები 5 წლის შემდეგ


კარალეთის დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა კარ-მიდამო ამწვანებულია, ვაშლებმა პირველი მოსავალი მოისხა, ზოგ ეზოში სკებია ჩადგმული, ზოგან საკურდღლეები, ზოგან კი სათბურებია მოწყობილი. დევნილები ბევრს შრომობენ და ეს მათ კარ-მიდამოსაც დაეტყო. ბევრმა მათგანმა კოტეჯებს ახალი ოთახები და სათავსოებიც მიაშენა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სოციალური დახმარების იმედზე რჩებიან. აჩაბეთიდან დევნილი გია ბაბუციძე ამბობს, რომ გორში როგორც არ უნდა გაიუმჯობესოს პირობები, მაინც საკუთარ სოფელში დაბრუნებაზე იფიქრებს.

ერთ-ერთ კოტეჯთან შავებში ჩაცმული ქალი ზის. მზია ცოტნიაშვილს კოტეჯში შევყავარ და ჩამტვრეულ იატაკს მაჩვენებს.

ცოტნიაშვილების ოჯახმა სოფელი ერედვი 2008 წლის 11 აგვისტოს დატოვა. მზია ცოტნიაშვილმა საკუთარი თვალით ნახა, სახლი როგორ დაინგრა. იმ დროს მეუღლე მძიმედ დაიჭრა და სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთ თვეში კი უფრო დიდი უბედურება დაატყდა თავს: მისი ვაჟი, კახა ცოტნიაშვილი, კარალეთის საგუშაგოზე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

დევნილები კიდევ რამდენიმე კოტეჯს მაჩვენებენ, სადაც იატაკი ჩამტვრეულია. არადა, მთავრობამ ეს სახლები 2-ჯერ უკვე შეაკეთა. მერი ჩიბჩიური ვანათიდან დევნილია. ერთ კოტეჯში 5 სული ცხოვრობს და ოჯახი მოხუცის პენსიაზეა დამოკიდებული.

იმ კოტეჯებში, რომლებიც დევნილებს გადაცემული აქვთ საკუთრებაში, ეს პრობლემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია. იქ, სადაც სახელმწიფო საკუთრებაა, პრობლემას ჩვენ მოვაგვარებთ...
დავით დარახველიძე
ერედვიდან დევნილ იულია ბერუაშვილს საკუთარი სოფელი ენატრება. იქ შვილების საფლავებია. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი დარჩა, ამ ქვეყნიდან საფლავების მოუნახულებლად არ წავიდეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე გორში აგვისტოს ომის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. მას დაზიანებული კოტეჯების შესახებ ვკითხე.

„იმ კოტეჯებში, რომლებიც დევნილებს გადაცემული აქვთ საკუთრებაში, ეს პრობლემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია. იქ, სადაც სახელმწიფო საკუთრებაა, პრობლემას ჩვენ მოვაგვარებთ“, განაცხადა დავით დარახველიძემ.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში ბავშვების უჩვეულო სიმრავლეა. ბევრი პატარა აქ ომის შემდეგ დაიბადა. 5 წლის საბა მამას ნიჩაბს ართმევს და ცდილობს ცემენტი აურიოს. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილები შრომას ახლავე ეჩვევიან, რადგან დაბრუნების შემთხვევაში ბევრი ასაშენებელი იქნება.
XS
SM
MD
LG