Accessibility links

logo-print

დევნილებს სოციალურ დახმარებას უხსნიან


სოფელ შავშვებში მცხოვრები დევნილები

სოფელ შავშვებში მცხოვრები დევნილები

ზუბაშვილების ხუთსულიანი ოჯახისთვის ორი ძროხა და განვადებით გამოტანილი ტელევიზორი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა. სოციალურმა აგენტებმა ორი ძროხაც ოთხად აქციეს, როცა ისინი არჩილ ზუბაშვილისა და მისი მშობლების ოჯახს ცალ-ცალკე მიაწერეს. არჩილ ზუბაშვილი ახლა სოციალური დახმარების სააგენტოში დადის და ცდილობს სიმართლე დაამტკიცოს, მაგრამ რამდენიმე თვის დახმარებას მაინც დაკარგავს, ვიდრე სოციალური აგენტები მის ოჯახში შემოწმებას ხელმეორედ ჩაატარებენ.

არჩილ ზუბაშვილის მსგავსად, შავშვების დევნილთა დასახლებაში სოციალური დახმარება სხვა ოჯახებსაც მოუხსნეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები გვეუბნებიან, დახმარების მოხსნის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სოციალური აგენტების მიერ მათ სახლებში აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარება ხდება. როგორც ცნობილია, დევნილთა დასახლებებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ და იძულებით გადაადგილებულ პირებს მცირე ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან - ზოგს კურდღლებს აძლევენ საჩუქრად, ზოგს ფუტკარს, ზოგს სათბურს უკეთებენ, ზოგს კი საოჯახო ნივთებით ეხმარებიან. ნუგზარ ოთინაშვილს ხელში იმ ნივთების სია უჭირავს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა აჩუქეს. სწორედ ეს ნივთები ხდება მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი. დასახლების რწმუნებული მას ხელწერილითაც უდასტურებს, რომ ნივთები ნაჩუქარია, მაგრამ სოციალური აგენტებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ოთინაშვილი მიღებულ ქულებს აპროტესტებს და შემოწმებას ხელმეორედ ითხოვს.

შეწუხებული დევნილები აცხადებენ, რომ სოციალური აგენტებისთვის ყავის შეთავაზებაც კი სახიფათოა, რადგან ეს ქულების რაოდენობაზე აუცილებლად იმოქმედებს.

დევნილების აზრით, დროა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ერთ მდგომარეობაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მთლიანად სოციალური დახმარება დაუნიშნოს ან დევნილთა შემწეობა გაზარდოს. ახლა დევნილები სახელმწიფოსგან სულზე 28 ლარს იღებენ, რაც, ოჯახის შენახვის გარდა, კომუნალური გადასახადებისთვისაც უნდა იმყოფინონ.

1 აგვისტოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მალე დაზუსტდება დევნილთა რაოდენობა და მათთვის დახმარებაც განისაზღვრება. მისი თქმით, პრობლემების მოგვარებას დრო სჭირდება და ამას დევნილებიც უნდა შეეგუონ.

გორის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება. დევნილების აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალური პროექტები უნდა განახორციელოს.
XS
SM
MD
LG