Accessibility links

მარტიდან დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება შეწყდება


1 მარტიდან სახელმწიფო იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირებას შეწყვეტს. სამაგიეროდ, დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება. ამ დრომდე კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, გორის სასტუმროებში, საბავშვო ბაღებში და ტურისტული ბაზის შენობებში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მოხმარებული 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის საფასურს უხდიდა, ლიმიტს ზემოთ მოხმარებული ენერგიის საფასურს კი თვითონ დევნილები ფარავდნენ. ენერგოკომპანია ასეთ ჩასახლებებში მონაცემებს საერთო მრიცხველიდან იღებდა, ამიტომ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რომელი ოჯახი რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარდა. ყოველი თვის ბოლოს მეზობლებს შორის დამატებითი გადასახადის გამო კამათი იწყებოდა ხოლმე. „ენერგოპროჯორჯიამ“ 1 მარტამდე ასეთ ჩასახლებებში ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა დაასრულოს. სასტუმრო „ქართლის“ შენობაში მცხოვრები ციალა თინიკაშვილი აცხადებს, რომ გამრიცხველიანებით სამეზობლო დავებიც დასრულდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა დევნილი კმაყოფილი არ არის - მათი აზრით, დევნილთა შემწეობა იმ რაოდენობით არ იზრდება, რომ თითოეულმა ოჯახმა კომუნალური გადასახადების გადახდა დამოუკიდებლად შეძლოს.

დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე შეხვდა და იმ სიახლეების შესახებ ესაუბრა, რომლის მიხედვითაც დევნილთა შემწეობის გაზრდა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება იგეგმება.

სასტუმრო „ქართლის“ შენობაში 82 ოჯახი ცხოვრობს. „ენერგოპროჯორჯია“ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას აქ მალე დაიწყებს. გარდა ამისა, 1 მარტამდე გამრიცხველიანება ტურბაზის და მეჯვრისხევის ფაბრიკის კომპაქტური ჩასახლების ადგილებშიც უნდა დასრულდეს. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, დევნილთა შემწეობა 28 ლარიდან 45 ლარამდე გაიზრდება, მაგრამ კომუნალური გადასახადების გადახდა იძულებით გადაადგილებულ პირებს თავად მოუწევთ.
XS
SM
MD
LG