Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაითანხმონ თალიბანი დიალოგზე


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში დაიწყო ოთხი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა მეზობელ ავღანეთში კონფლიქტის მოგვარების გზების განსახილველად. შეხვედრის მონაწილეების - ავღანეთის, პაკისტანის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლების - მიზანია მოამზადონ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების გეგმა.

11 იანვარს დაწყებულ შეხვედრაში მონაწილეობენ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰეკმათ კარზაი, პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აიზაზ ჩაუდრი, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის არ არის თალიბების წარგზავნილი და შეხვედრის მთავარ მიზნად პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სარტაი აზიზმა დაასახელა სწორედ თალიბანის დარწმუნება, უარი თქვას ძალადობაზე და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკების პროცესის დაწყება არანაირ პირობებს არ უკავშირდება. ეს, ჩვენი აზრით, კონტრპროდუქტიული იქნებოდაო, - განაცხადა პაკისტანის პრემიერის მრჩეველმა.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ჯერ კიდევ 31 დეკემბერს განმარტა „ფუნდამენტური საკითხი“, რომელზეც 11 იანვარს დაიწყეს მსჯელობა ოთხი ქვეყნის - მათ შორის, საკუთრივ ავღანეთის - მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

„აქ ფუნდამენტური საკითხია თალიბანის არჩევანი: მშვიდობა ან ტერორიზმი. სხვა არჩევანი არ არსებობს! ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, არის ოთხმხრივი თანამშრომლობისათვის ჩარჩოს შექმნა. ტერორიზმს არ შევურიგდებით!“ - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა 31 დეკემბერს.

10 იანვარს კი ავღანელმა ოფიციალურმა პირმა ჯავედ ფაიზალმა განმარტა, რომ ისლამაბადში დაწყებული შეხვედრა ემსახურება მექანიზმის შექმნას ქაბულსა და თალიბანს შორის მომავალში პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის. ფაიზალის განმარტებით, პაკისტანს აქვს იმ თალიბი მებრძოლების სია, რომლებიც მზად არიან ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, რათა ბოლო მოეღოს ავღანეთში 14 წლის წინ დაწყებულ ამბოხებას. ამას გარდა, ისლამაბადი თანახმაა შეწყვიტოს პაკისტანში მყოფი თალიბი მებრძოლების დაფინანსება და არ დაუშვას მათი გადასვლა ავღანეთის ტერიტორიაზე.

აქამდე ქაბული ისლამაბადს ადანაშაულებდა ავღანეთში თალიბანის ამბოხების მხარდაჭერაში.

ისლამაბადში ავღანეთის, პაკისტანის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენელთა შეხვედრის ფონია ავღანეთში თალიბანის ძალადობის მატება. ექსპერტების აზრით, მეამბოხეები ცდილობენ შეძლებისდაგვარად ძლიერი პოზიცია მოიპოვონ სამშვიდობო პროცესის ახალი ეტაპის დაწყების მომენტისთვის. სამშვიდობო პროცესის წინა ეტაპი 2015 წელს შეჩერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ თალიბანის ლიდერი მოლა მოჰამად ომარი დიდი ხანია (ორი წელი) ცოცხალი აღარ არის. ცნობამ თალიბებში არეულობა და ლიდერობისათვის ბრძოლა გამოიწვია, შესაბამისად კი, გამოიწვია სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებაც.

თალიბთა ჯგუფებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მართებულობის საკითხიც.

XS
SM
MD
LG