Accessibility links

10 სექტემბერს, უწყებათშორისი კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 11ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაყადაღებული ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენები საქართველოს ფოსტის მეშვეობით დარიგდება. თუ როდის მოხდება ეს ზუგდიდში, საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალისთვის ცნობილი არ არის.

ფოსტის ხელმძღვანელმა ზუგდიდში, ზურაბ ჯინჯოლავამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით მისთვის ინფორმაცია სათავო ოფისს ჯერ არ მიუწოდებია:

„ჯერჯერობით ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. რაღაც ტელევიზორში გაიჟღერა, მე მგონი, და ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ მოუცია ინფორმაცია.“

ზურაბ ჯინჯოლავას განცხადებით, ის მზადაა, როგორც კი ზუგდიდის ფოსტა სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას მიიღებს, მაშინვე მედიის წარმომადგენლებს აცნობოს და ესაუბროს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნას დადებითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები, თუმცა მათ უკმაყოფილებას იწვევს გავრცელებული ცნობა, რომ შესაძლოა სატელიტური თეფშები მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდეს. გამოკითხულ რესპონდენტებს ასევე სურვილი აქვთ, რომ, „მასთ ქერის“ პრინციპის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ჩართული დამატებითი ქართული არხები არჩევნების დასრულების შემდეგაც დარჩეს:

„ინფორმაცია რაც მეტი გაქვს, მით უფრო განათლებული ხარ. ყველას უნდა არხები. არჩევანი ჩემზეა, სხვა რატომ უნდა მიყვებოდეს სად რა არის?! ხომ უნდა ვიცოდე, ხომ უნდა ვხედავდე და ხომ უნდა მესმოდეს? ამბობენ, ანტენებს ფოსტა არიგებსო, მაგრამ არ მგონია, ჯერ გარკვეული იყოს. სოციალურად დაუცველ ფენას თუ დაურიგეს, იმათ დიდად არც აინტერესებთ ანტენები, სხვა რამე უფრო აინტერესებთ. როცა გაჭირვებული ვარ, ასეთ რაღაცას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.“

„უტელევიზორო კაცს ანტენა რად უნდა? სისულელეა!... აუცილებლად უნდა დარჩეს დამატებითი არხები, რომ ინფორმაცია ჰქონდეს ხალხს. ყველა თავის აზრს გამოიტანს.“

„მეცხრე არხი რასაც აკეთებს ჯობია, რომ საერთოდ არ იყოს, ტელევიზია, რომ ჩაირთვება უნდა იყოს ისეთი, რომ ხალი მიიზიდოს.“

„მეცხრე არხი ჩვენთან არ არის და უმეტეს დროს მაესტროს უყურებ. მგონია, რომ უფრო რეალური ინფორმაცია მაესტროდან არის. ანტენები სურვილისამებრ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი.“

შეგახსენებთ, რომ დამატებითი ხუთი ქართული არხი ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს, 4 აგვისტოს ჩართო ზუგდიდში მოქმედმა ერთადერთმა საკაბელო ოპერატორმა კომპანიამ. მისი ხელმძღვანელის, დავით გრიგოლიას ცნობით, დამატებითი სერვისით ქალაქში მცხოვრები 300-მდე აბონენტი სარგებლობს. სამეგრელოს სოფლებში კი მოქალაქეთა დიდი ნაწილი სატელიტურ თეფშებს დამოუკიდებლად ყიდულობს და ამონტაჟებს, რაშიც საშუალოდ 100 ლარს ხარჯავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG