Accessibility links

logo-print

 ძალადობა წინასაარჩევნო შეხვედრისას


მედეა აბაშიძის ბრიფინგი პაატა ბურჭულაძის პარტიის გორის ოფისთან

მედეა აბაშიძის ბრიფინგი პაატა ბურჭულაძის პარტიის გორის ოფისთან

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გორის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ვითარება იძაბება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებს. სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის ოფისში მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს. პარტიის წევრებმა ჟურნალისტებს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გადასცეს. „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მედეა აბაშიძის, განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ თეიმურაზ ხუბულურის დავალებით, მის შვილს, ავთანდილ ჩხეიძეს, ყოფილმა მოჭიდავემ, ვინმე ბიბილაშვილმა, ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ის და პარტიის სხვა ლიდერები ქიწნისში ამომრჩეველს ხვდებოდნენ. იმავე სოფელში ამომრჩეველთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ ხუბულურიც მართავდა. მედეა აბაშიძე ამბობს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა უკვე გადაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებსაც მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც ჩხუბის ამსახველი კადრები არ არის, მაგრამ კარგად ჩანს, ყოფილი მოჭიდავეები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, როგორ უშლიან შეხვედრას მედეა აბაშიძეს.

ინციდენტის შემდეგ მედეა აბაშიძემ პაატა ბურჭულაძის პარტიის გორის ოფისთან ბრიფინგი გამართა, ხელისუფლება ძალადობაში დაადანაშაულა და საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა.

პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისში მომხდარ ინციდენტზე კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა, თუმცა კონფლიქტში თანაპარტიელების მონაწილეობა გამორიცხეს. პირად საუბრებში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ავთანდილ ჩხეიძეს ადგილობრივი მოსახლეობა იმიტომ გაუსწორდა, რომ შეიგინა, რასაც მედეა აბაშიძე მოჭიდავეების ძალადობის გადასაფარად მოგონილ ბრალდებად მიიჩნევს. აღნიშნული ინციდენტის შესახებ საქმის კურსში არიან პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. ოფიციალური კომენტარი მხოლოდ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი კობახიძემ გააკეთა. მან ქიწნისში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება მომავალში პროვოკაციის თავიდან აცილებას შეძლებს.

მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG