Accessibility links

ებოლას ვაქცინა მალე მზად იქნება


ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში ებოლას ვაქცინას ცდიან

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში ებოლას ვაქცინას ცდიან

ებოლას ორ ვაქცინაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. წარმატების შემთხვევაში ეს არამარტო პანდემიის დასასრულის, არამედ მომავალში ებოლას ეპიდემიის აღკვეთის მომასწავებელი იქნება.

"ამერიკის ხმა" ებოლას ორ ვაქცინაზე მოგითხრობთ, რომელზეც მეცნიერები მუშაობას ჯერ კიდევ აგრძელებენ. ვირუსმა დასავლეთ აფრიკაში 2013 წლის დეკემბერში იფეთქა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის იანვრის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 ათასს, დაღუპულთა რიცხვი კი 8 ათასს აჭარბებს.

იმ ორ ვაქცინას შორის, რომელზეც ახლა მკვლევარები მუშაობენ, შესაძლოა ერთ-ერთი ებოლას ვირუსის პირველი ვაქცინა აღმოჩნდეს, რომელსაც პირველ რიგში დასავლეთ აფრიკაში პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოიყენებენ. იტალიაში, რომის მახლობლად მდებარე ლაბორატორიებში ერთის შექმნაზე ფარმაკოლოგიური კომპანია „გლაქსო სმით-კლაინის“ რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. კომპანიის ინფორმაციით სამუშაოები ბოლო თვეებში განსაკუთრებით დაჩქარდა, რადგან ვაქცინის საჭიროება მისი გავრცელების სისწრაფის გამო თანდათან იზრდება.

„გლაქსო სმით-კლაინის“ სპეციალისტები ამბობენ, რომ ნოემბერში ვირუსის გამოცდის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ექსპერიმენტში 20 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანები არიან. მკვლევარების განცხადებით, თითოეული მათგანის იმუნიტეტს ვაქცინაციის შემდეგ ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ვაქცინა ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულირებას ახდენს და ამასთან ერთად იმუნიტეტის გამომუშავებასაც უწყობს ხელს - ამბობს ექიმი რიკარდო კორტესი, რომელიც რომის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.

„ებოლას ვირუსის გაკონტროლებას მხოლოდ ანტისხეულების მასტიმულირებელი ვაქცინის შექმნით ვერ შევძლებთ. არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ებოლას შემთხვევაში ტრადიციული ვაქცინა საკმარისი არ არის. ჩვენი ვაქცინა იმუნური სისტემის მეორე აუცილებელი და მნიშვნელოვანი მხარის სტიმულირებასაც ახდენს. იმ უჯრედების, რომელიც ინფიცირებულ უჯრედებს ამოიცნობს და გაანადგურებს. ამ ორი სტრატეგიის კომბინაცია ებოლას ვაქცინის შექმნის წარმატებას უზრუნველყოფს“ - აღნიშნავს რიკარდო კორტესი და დასძენს, რომ ვირუსის საბოლოო დამტკიცებამდე ფარმაკოკომპანია მას კიდევ რამოდენიმეჯერ გამოცდის.

„მერკი“ მეორე ფარმაკო-გიგანტია, რომელიც ებოლას ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. მათ ახლახან განაცხადეს, რომ განაახლეს იმ ვაქცინაზე მუშაობა, რომლის გამოცდა 2014 წლის 11 დეკემბერს შეწყდა. კოდური სახელწოდებით -VSV-ZEBOV- ცნობილი ვაქცინის გამოცდის დროს მოხალისეებს სახსრების ტკივილი დაეწყოთ. ვაქცინის გამოცდა დროებით შეწყდა და შემდეგ შედარებით მცირე დოზებით განახლდა.

კომპანია „მერკის“ პრეზიდენტი ექიმი ჯული გერბერდინი ამბობს, რომ ებოლას გამო მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ კონკურენტ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს შორის უჩვეულო პარტნიორული მუშაობის პრეცედენტებიც კი გააჩინა.

ამ ორი ვაქცინის გარდა, რომელზეც „მერკი“ და „გლაქსო სმით-კლაინი“ მუშაობენ, კვლევები მსოფლიოს რამდენიმე სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიაშიც გრძელდება. ეს კი პანდემიასთან მებრძოლ ჯგუფებს დიდ იმედს აძლევს, რომ ერთ-ერთი მაინც გაამართლებს და ებოლას ვაქცინის შექმნის პროცესი წარმატებით დასრულდება. რაც არამარტო პანდემიის დასასრულის, არამედ მომავალში ებოლას ეპიდემიის აღკვეთის მომასწავებელი იქნება.

XS
SM
MD
LG