Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წლის არჩევნებზე ეკონომიკა გადამწყვეტი საკითხი იქნება


შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ 17 თვეა დარჩენილი, მაგრამ კანდიდატები და პოლიტიკური ექსპერტები უკვე ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რომელი საკითხები იქნება ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი 2016 წელს.

ყოველი არჩევნების დროს, ეკონომიკა უმთავრესი საკითხია და დემოკრატი საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი სელინდა ლეიკი ვარაუდობს, რომ 2016 წლის კამპანიის დროსაც იგივე მოხდება.

„თვეების განმავლობაში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკის მიმართ ამერიკელები ჯერ კიდევ შესამჩნევად პესიმისტურად არიან განწყობილი. ამერიკელების საფიქრალი სამსახურის პოვნის თემიდან, ამ სამსახურიდან ანაზღაურების სიდიდის თემაზე და ისეთ საკითხებზე გადაერთო როგორიცაა, არის თუ არა სამსახური სრული სამუშაო კვირისთვის, შეღავათებს თუ იძლევა, ცხოვრების რეალური ღირებულების შესაბამისობაში თუ არის და შვილებს თუ შეუძლიათ ამ სამსახურში დასაქმება.“

ლეიკი და რესპუბლიკელი მკვლევარი ედ გოასი, „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბრძოლის ველის გამოკითხვაში“ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. ეს გამოკითხვა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კანდიდატებისა და კამპანიის საკითხებისადმი ამომრჩევლის განწყობას სწავლობს.

რესპუბლიკელი გოასი ამბობს, რომ მომავალ წელს ეკონომიკა მთავარი საკითხი იქნება, მაგრამ მეტი მხარდაჭერა იმ პარტიას ექნება რომელიც საშუალო კლასს აირჩევს სამიზნედ.

„საშუალო კლასში ისეთი განცდა იკიდებს ფეხს, რომ მდიდრები საგანგებო პროგრამებს იღებენ, ღარიბები შეღავათებს, საშუალო კლასს კი ამის დაფინანსება უწევს. ისინი სწორედ აქ გრძნობენ იმ წნეხს, რომ ვაშინგტონი მათ ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს.“

გამოკითხულთა 23%-მა პროცენტმა თქვა, რომ ეკონომიკა მათთვის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, 14%-მა სამუშაო ადგილები დაასახელა. საგარეო საფრთხე 12%-ით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. გოასი ამბობს, რომ ერთ კითხვაზე პასუხის შედეგებმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.

„ფიქრობთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი შეიძლება ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდეს? 39%-მა ამ კითხვაზე თქვა „დიახ“. მიგვაჩნია, რომ ეს მათ ძალიან ან გარკვეულწილად აშფოთებს. 34%-მა თქვა, რომ ძალიან არ შფოთავენ, თუმცა საზოგადოების ფსიქიკაში ეს მაინც რჩება.“

დემოკრატმა ლეიკმა აღიარა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებაზე შიში გამოკითხვაში ნამდვილად ჩანს, თუმცა მისი აზრით, მომავალი წლის ნოემბერში, ამომრჩევლების გონებაში ეკონომიკა და სამუშაო ადგილები პირველ ადგილზე იქნება.

„შეიძლება კითხვა წარმოიშვას, იქნება თუ არა ეს არჩევნები საგარეო პოლიტიკის გარშემო, ამჟამად ამაზე პასუხი, როგორც ჩანს, უარყოფითია, თუმცა შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ადამიანებს ტერორისტული თავდასხმები აშფოთებთ.“

ორივე მკვლევარი თანხმდება, რომ მომავალი წლის არჩევნებისთვის, საზოგადოებას ცვლილებების მოთხოვნის განწყობა ექნება და ისეთი კანდიდატის მიმართ ექნება ინტერესი, რომელიც ვაშინგტონში რაიმეს ეფექტურად გაკეთებას შეძლებს და არა ისეთის, რომლის პოლიტიკური შეხედულებები მათ პოლიტიკურ ხედვას ემთხვევა.

XS
SM
MD
LG