Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერპებიდან კერპებამდე


ავტორი: ალექსანდრე გაბელია

2003 წელი იყო. მაშინ როცა უფროსები შევარდნაძეზე და ტირანიის ბნელ მხარეებზე საუბრობდნენ ,მე ჰარი პოტერს ვკითხულობდი ლამპის შუქზე და განსხვავებულ სამყაროში ვმოგზაურობდი. სამყაროში სადაც არც სიბნელე იყო , არც პურის რიგები და არც კერასინკის სუნი იდგა ოთახში. მაგრამ, მახსოვს,როგორ მიხაროდა შუქის მოსვლა, ‘’ურა,ურას’’ ძახილი და ტელევიზორის ჩართვა,სადაც კომიქსის ფერადი გმირები მელოდებოდნენ. უეცრად განათდა. მაღალმა,სიმპატიურმა ახალგაზრდამ ვარდებით ხელში გადატრიალება მოახდინა. მოხუც ბერიკაცს ჩაიც კი დაულია პარლამენტში,სადაც ათი კოვზი შაქარი ეყარა . ეს ის პერიოდია,ხალხი შიმშილს ძილში რომ კლავდა. ყველგან განათდა,შუქი მოვიდა,აღარც გვიანობით ჩასვლა გვეშინოდა ბავშვებს გარეთ. სხვათაშორის გზებიც დაიგო, ის გზები ყოფილ პრეზიდენტს გურჯი დღესაც რო ქილიკით უხსენებს,გზები ვჭამოთს გაიძახის, ახალ პრეზიდენტს კი ხელებში უყურებს , თვითონ ფუმფულა სავარძლიდან ადგომა არ უნდა და ხელის განძრევა. მაგრამ სწორედ ამ ადამიანებმა შეიქმნეს კერპად თავის დროზე წმინდა მიშიკო, შემდგომ ბიძინა , დღეს კი ოცნებობენ. მიშიკო დიდხანს ტრაბახობდა გზები დაგიგეთ, გაი ფულს აღარ იღებს,უნივერსიტეტებში ჩაწყობა აღარ ხდებაო,ბათუმი გაგილამაზეთ- მეორე ბარსელონააო. ამ ყველაფერზე კი ნაცები თავიანთ კერპს ტაშს უკრავდნენ,დიდი ორგია იყო გამართული. გავიდა წლები ,ხალხის დიდმა ნაწილმა დაინახა ტირანიის საფრთხე, მმართველობის ბნელი მხარეები, ის რომ უბრალო ადამიანებზე არავინ ფიქრობდა. არავინ ფიქრობდა სოფელზე,გლეხზე. არავის ანაღვლებდა სიწმინდე, მილიცია პოლიციამ შეცვალა, მთვრალი ტირანები კლავდნენ უდანაშაულო ბუტა რობაქიძეებს, განუკითხაობა იყო სასამართლოში, უამრავი სისხლი დაიღვარა მშვიდობიან აქციებზე. მაშინ როცა ერი მონუმენტის ქართლის დედას ეტრფოდა, ქვეყანამ დაკარგა ქართლის დედა, ირინა ენუქიძის სახით. პროტესტს სამწუხაროდ უმცირესობა გამოთქვამდა, ხალხის დიდ ნაწილს სახლში ჯდომა ერჩივნა და კაკტუსის ქოთნისთვის წყლის დასხმა.შიგადაშიგ მომიტინგეების გამხნევება ტელევიზორის ფერად ეკრანებთან ; ციხის შემზარავი კადრები კი უკანასკნელი ნაპერწკალი აღმოჩნდა ერისთვის. განა მაქამდე არ ვიცოდით წლების მანძილზე რა ხდებოდა ციხეებში?! ეს კადრები არჩევნების მოახლოების ჟამს გვანახეს . ‘’ქართულმა ოცნებამ’’ მიშიკო და ნაციონალების საძმო გადააგდო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა არჩევნებში. ტახტზე ხალხის ახალი კერპი ავიდა- წმინდა ბიძინა.
‘’ სიყვარულმა გაიმარჯვა. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა მიხეილ სააკაშვილის ტირანიის ეპოქა. ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენ ეს ერთად შევძელით, ჩვენი რწმენითა და გონიერებით. ამდენი ხნის ნატანჯი ერი მალე ფეხზე დადგება. მე ამის პირობას გაძლევთ.ყოველი წელი იქნება შემდგომზე უკეთესი. ერთად ავაშენებთ გაბრწყინებულ საქართველოს.თავიდან ფეხებამდე ქართული“- ბიძინა ივანიშვილი
თქვა ეს დიდმა ბიძინამ და გარშემო ყველაფერი განათდა. მისდამი სიყვარულით გაბრწყინებულმა ხალხმა, არც მისი შვილის გენიალურ მუსიკალურ კომპოზიციებს დააკლო მქუხარე ტაში. მგონი აქ, ის ხალხიც იდგნენ, 2003-ში მიშიკოს ღმერთის მიერ გამოგზავნილ ანგელოზად რომ მიიჩნევდნენ. შეიძლება ის ბებოებიც, ზვიად გამსახურდია დღესაც, რომ ცოცხალი ჰგონიათ. ; მოკლედ , მოვიდა ახალი ძალა, უმრავლესობა,რომელმაც ყველა პრობლემა გვერდზე გადადო და ნაციონალი ტირანების დაჭერას მიჰყო ხელი,თუმცა სამწუხაროა. საამაყოდ იმასაც ვერ ვიტყვით,რომ სამართლიანობა აღდგა, უამრავი საქმე კვლავ გაუხსნელია. შეიძლება დამნაშავეთა ნაწილი დღესაც კი პარლამენტში ზის. ნეტავ ვინ იცის?! ან,რომელ სამართლიანობაზე უნდა ვილაპარაკოთ ,როცა ოცნების დანიშნული გენპროკურორი თავად ყოფილა კრიმინალი,ამას ალბათ ვერც გავიგებდით რომ არა ნაცების აღტკინება,რომ არა ხალხის პროტესტი, ალბათ კვლავ თბილ სკამზე იჯდებოდა და ამაყად დაიცავდა სამართალს. თავად ბიძინა არსებულ სიტუაციას მალევე გაეცალა, ქვეყნის სადავეში კი დატოვა კარლსონი, აი ის თავის თავს არჩევნებამდე პლასტენინს რომ უწოდებდა და საკუთარ თავმდაბლობას უსვამდა ხაზს და ჩვენი პრემიერი,ის ცოლის ნათესავებს ნათესავებს,რომ არ ეძახის. სამაგიეროდ ყველას პატივს სცემს და ყველა დასაქმებული ყავს. მთავრობა ნიჭიერი ხალხით შეივსო. აქ ჩვენ ვხვდებით კონფორმისტებს,იმ ხალხს,რომლებიც ყველა დროს ერგებიან, ვაზელინის პარტიის ერთგულ მონებს, მეოცნებეებს, ჩინოვნიკებს,რომლებიც დიდი ძვირადღირებული ჯიპებით გადაადგილდებიან, მათი ცოლები და შვილები კი მილანიდან პარიზში დადიან საშოპინგოდ.ახალ მთავრობაშიც არ ეზარებათ ერთმანეთის ლანძღვა,ბოქსიორთათვის ერთგვარი რინგიც კი არის და ‘’ნუ ღრიალებ,შე ჩმორო’’, ‘’ნაბიჭვარო კაცოს’’ საძახებელი ადგილი. ვისაც მოჩხუბართა გაშველება ეზარება, ფეისბუქზე არის შესული და ახალ-ახალ სურათებს აზიარებს . ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება,როცა სოფელში კვლავ არ არის წყალი,როცა უმუშევრობა ისევ იმ სტადიაშია,როგორც მიშიკოს დროს, როცა მონურ შრომის კოდექს კვლავ მტვერი ადევს ყდაზე , მაშინ როცა კაპიკეპზე მუშაობენ ექიმები,მასწავლებლები,მაშინ როცა ციხიდან უშვებენ კრიმინალებს და ეს ბანდა უმოწყალოდ უსწორდება უდანაშაულო ბიჭებს. მაშინ,როცა მარიხუანის მოწევაზე კვლავ ციხეა. მაშინ ,როცა ვაშლის ქურდი კვლავ ციხეში ზის. რამდენი რამ უნდა ჩამოვთვალოთ, რაც იყო ნაციონალების დროს,გრძელდება დღესაც, თუმცა ქართველთა ლოგიკა ხომ ამ ფრაზას ვერ გაცდა ‘’მთავარია ეს ჭირი,სააკაშვილი მოვიშორეთ’’. იმის იქით რა ხდება არავინ ფიქრობს. ჩანაწერს კი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის სიტყვებით დავასრულებ:
‘’ქვეყანას ვუსურვებ მთავრობას,რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მანქანების გამოცვლაზე კი არ იფიქრებს ,არამედ პრობლემების მოგვარებაზე. ვუსურვებ ხელისუფლებას,რომლის ჩიკოვნიკებიც ჩაკბეჩილი ვაშლის ტელეფონებს ბიუჯეტის ხარჯზე არ იყიდიან. ვუსურვებ დედაქალაქის მერს,რომელიც ერთ თვეში სატელეფონო საუბრებში 38 ათასს არ დახარჯავს, ვუსურვებ ხელისუფლებას,რომელიც საკუთარი პრემიების გაზრდაზე კი არა , პენსიების გაზრდაზე იფიქრებს. პრეზიდენტს,რომელიც ყველაფერზე არ გვიპასუხებს , ეს მე არ მეხებას. შავი ჯიპების წელიწადს გილოცავთ, ჯიპის მადლი არ მოგკლებოდეთ! ‘’

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG