Accessibility links

logo-print
ავტორი: კაიაფა

ხალხი არა ხართ?! რა გახდა პატარა პენსიის მომატება?! ქვეყნის სირცხვილია, გადამრჩენელი პრეზიდენტი, შიმშილით რომ უკვდება, თორემ მე რა, ეს ერთი ოდასახლი, ორიოდე მზარეული, „გორნიჩნაია„, მებაღე, თანაშემწე, კამერდინერი და ადიუტანტიც მყოფნის...

ეჰ, ხეზე ცოცვა, ჩაის სმა და ჩეზარე ჯორჯია არ უნდა მესწავლებინა იმ შეჩვენებულისთვის! არადა, რა კარგად დაიწყო, რომ იცოდეთ.

მამას მეძახდა, დედას, ბაბუს, ბებოს, ჩემს მზეს, ფიცულობდა, შვილს ჩემი სახელი დაარქვა, მომანათვლინა, – მეც რა კარგად მოვინათლე! იფ! გიორგი!.. სააკაძე... ეჰ, საცოდავი სააკაძე!.. სურამის ციხე, ალბათ აგურ–აგურაა ჩაზიდული თურქეთში!.. ეეჰ, რაც მე ციხეები მიშენებია!.. – ინგლისურს გასწავლიო, მაბოლებდა კუბურ სიგარებს, ფრანგულსო, უკრაინულსო, – ეს რაღა ჭირად და დოზანად მინდოდა?! რაში უნდა გამომდგომოდა?! პოკერსო, ეს კი მასწავლა, მართლა, სხვათა შორის, და კაი მილიონნახევარიც მომიგო ამ გაფუჭებულმა! და რომ იბრალებდნენ მერე, სოროსი გინდა, ჯორჯ ბუში, კობა დავითაშვილი თუ ელენე თევდორაძე, მე მოვახდინე ვარდების რევოლუციაო, მე, უფრო ზუსტად, იმ გაფუჭებულთან იმ სწავლის პროცესში წაგებულმა ჩემმა შრომითმა დანაზოგმა, შავი დღისთვის გადანახულმა მილიონნახევარმა დოლარმა მოახდინა ეს გლახა საქმე! აბაა!

კრისდებურგს მოგსმენინებო, და მასმენინებდა მართლა რაღაცებს. მერე, აქ რომ დამაყუდეს, ვუმღერე ის მოსმენილები ჩვენს პაატას, ბურჭულაძეს და ვიღაც რუსლანასი აღმოჩნდა! აბა!..

იმისთანა ხინკლებს გაჭმევ, თითებს ჩაიკვნეტო, – და მოიტანა ერთხელ მართლაც ქვაბით, ორმოციაო, ცხრამეტნაოჭებიანიო, და რომ მიადგა და ეგრევე ქვაბში ამოჭამა ორმოცივე, თავის ნაოჭებიანად, ამდენი ხანი გავიდა და სადმე ტელევიზორში იმასა და ხინკლებს რომ დავინახავ, ეგრევე!..

ბოდიში ახლა თქვენთან, კამერდინერი შემოვარდა, დაღამდა უკვე, ჩააქვრე შუქი, იმხელა დენის გადასახადი რომ მოვა, რითი გადავიხადოთო?!

ამ ერთ კამერდინერს კი გავუძლებდი და მოვერეოდი, მარა ფეხდაფეხ ისეთივე საყვედურებით შემოყვნენ მზარეული, ჭურჭლის მრეცხავი, მებაღე, ადიუტანტი და რას ვიზამ?! მით უმეტეს, მართალია ეს ხალხი!

მიჭირს, ხალხო, მიჭირს! ცალკე ამათი შენახვა, ცალკე დენი, გაზი, წყალი, ამბობენ წყალს დენზე, გაზზე , ნაგავზე და ინტენრეტზე აერთებენო! აი, მაშინ ნახეთ ჩვენი საცოდაობა! ამოიღეთ, ხალხო, ხმა, ხომ ხედავთ, აღარაა ჩვენი, საწყალი ხალხის საშველი!.. კაი, ხომ, ჩემო ვარდიკო/არ შეგეშინდეთ, ჩემს ადიუტანტს, ვარდიკოს მივმართავ/, ვაქრობ, ვაქრობ!.. ხვალ, დღისა და მზის შუქზე გავაგრძელოთ.. ეეჰ, ახლაც უვახშმოდა და მშიერს მიწევს დაძინება!.. რა დამაძინებს მე უბედურს!.. გასკდა გული ამდენი ვაებითა და... ეეეეხ!.. ძირს დიქტატურა! მაღლა მუშა და კოლმეურნე გლეხი!.. კაი, ხო, ვარდიკო, ჩავაქრე, ჩავაქრე...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG