Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: თამარ კომახიძე

ბოლო წლების მანძილზე საქართველოში (და ლოგიკურად თბილისშიც) ტაძრების რაოდენობა რომ საგრძნობლად გაიზარდა უკვე აღარც ახალი ამბავია და ალბათ აღარც არავის უკვირს. ამ პოსტში ვეცდები თავი ავარიდო იმის განხილვას, თუ რამდენად საჭირო და ადეკვატურია ყოველ მეორე ნაბიჯზე, ავტობუსის გაჩერებებივით ეკლესიების შენება. მთავარი საკითხი რაზეც საუბარი მსურს, არის ის, თუ რატომ ხდება ამ ეკლესიების გარე სამყაროსაგან გამოყოფა და მაქსიმალური მცდელობა იმის ხაზგსასმელად რომ იქ რაღაც სხვა ამბები ტრიალებს.
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 80%ზე მეტს აქვს პრეტენზია თავს მიიჩნევდეს მართლმადიდებლად და ქრისტეს გზის მიმდევრად, ჩემთვის სრულიად გაუგებაია რაში სჭირდება ეკლესიას გალავანი, კლიტე, უშველებელი ჭიშკარი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც მას გამოჰყოფს მის გარშემო არსებული სამყაროსაგან.
გამომდინარე იქედან, რომ ჩემი მიზანი არ არის რომელიმე კონკრეტულ ეკლესიაზე ხელის დადება, თქვენთვის მომინდია ყოველი მათგანის გახსენება რომელსაც უშველებელი გალავანი აქვს და ამ უკანასკნელს კიდევ უფრო ამაღლებენ და ამაგრებენ შანსის ხელში ჩავარდნისთანავე. დარწმუნებული ვარ მათი გახსენება არ გაგიჭირდებათ, რადგან ასეთი ძალიან ბევრია. სასაცილო (ან და სატირალი) კი ისაა რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარს, რომელსაც ბოლომდე არ აქვს აშენებული კედლები და შესაბამისად არც სახურავი ადგას თავზე, აქვს შემოღობილი ეზო და დამაგრებული ჭიშკარი.
რითი შეიძლება იყოს ახსნილი ეს ჩაკეტილობა?
პირველ რიგში საკუთრების გრძნობით. იმ გრძნობით თითქოს კონკრეტული ეკლესია ან/და ტაძარი ეკუთვნის ვინმე კონკრეტულ ადამიანს, და არა ხალს რომლის შემოწირულობითაც იგი აშენდა და რაც ყველაზე მთავარია, არ ეკუთვნის უფალს. აბა ამ უკანასკნელის საკუთრებად რომ ვთვლიდეთ ნუთუ დასჭირდებოდა მას კარი და კლიტე? ნუთუ უფალს სურს რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი არ შევიდეს ტაძრის ეზოში, ან არ შევიდეს ტაძარში? თუნდაც ღამე გაყინულმა შეაფაროს თავი, ან და სასოწარკვეთილმა ქუჩაში მოხეტიალე ადამინმა მიაკითხოს მის სამყოფელს?
მეორე მიზეზი არის შიში იმ ნივთების დაკარგვის რომელიც ტაძარში ინახება. ეს მიზეზი კი თავისთავად პირველი მიზეზიდანაა გამოწვეული. იმ მიზეზიდან რომ რაღაც ნივთი შენი გგონია და გეშინია არ წაგართვან , თორე თუ ის ხატი და სანთელი ღმერთს ეკუთვნის, ნუთუ შეუძლია ქურდს მას მოპაროს? ეს მიზეზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მგონია და ამასთანავე ძალიან კარგი გამომხატველი იმისა თუ რამდენად ფარისეველი ერი ვართ. თავს ვიწონებთ მართმადიდებლები ვართ, მორწმუნენი, ღვთის მოშიშნიო და ამასთანავე გვეშინია ვინმემ ჩვენი ტაძარი არ დაარბიოს, ბალახი არ გათელოს, ყვავილები არ მოწყვიტოს და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, ვითომ იმისაც ღრმად გვწამს რომ ღმერთი ყველას „დასჯის“ (ეს ძველი აღთქმისეული ჭეშმარიტება ხომ ვერ მოვიშორეთ თავიდან). ღმერთს ვთხოვთ რომ დაგვიფაროს, დაგვიცვას და ამის პარარელურად გვგონია რომ მის სახლს, ტაძარს ჩვენი დაცვა და ცამდე აწვდენილი კედელი სჭირდება?
კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ სურთ მაქსიმალურად საკრალიზებული გახადონ ის სივრცე სადაც ადამიანი ვითომ ღმერთს ეზიარება (არ მჯერა ღმერთი იყოს იმ ტაძარში, რომლის ეზოც შეიძლება ადამიანებისათვის დაიკეტოს). ცდილობენ რაც შეიძლება მეტად მოსწყვიტონ ეკლესიის, ღვთისმსახურების, ლოცვის ადგილი ჩვენს ყოველდღიურ, რუტინულ სამყაროს. თითქოს ის ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილი არაა. ხალხს უმაღლებენ იმის განცდას რომ ტაძრის ჭიშკარში შესვლისას ღმერთს უახლოვდები, იქედან გამოსული კი ადამიანურ ცხოვრებას უბრუნდები, სადაც ღმერთი ვერ გხედავს (რაც ქვეცნობიერად აუცილებელს ხდის იქ სიარულს შაბათ-კვირას მაინც).
კიდევ ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, თუმცა გამომდიანრე იქედან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მხოლოდ მათით შემოვიფარგლები.
დასკვნისათვის კი გამოვთქვავ ჩემს უდიდეს სურვილს იმისა, რომ ეკლესიებს (მითუმეტეს იმათ რომლებიც ქალაქში და მჭიდროს დასახლებულ რეგიონშია აშენებული) არ ჰქონდეთ გალავანი, არ ჰქონდეთ ჭიშკარი და თუ უშუალოდ ტაძარში არა, მის ეზოში მაინც შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შესვლა. ის ხომ უფლის სახლია, არავის აქვს უფლება ჩვენთვის დაკეტოს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG