Accessibility links

logo-print

ცუდსა და უარესს შორის არჩევანი


ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

მოგეხსენებათ, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. თუ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ კვლევის შედეგებს დავუჯერებთ, ყოველი მესამე ავტოავარიის მონაწილე ფეხით მოსიარულე ადამიანია. ამის გამო საკმაოდ გახშირდა კამპანიები, რომლებიც ქვეითად მოსიარულეებს სიფრთხილისაკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.­

მაშ ასე, ჩემთვის, როგორც ქვეითად მოსიარულესთვის, წესების დაცვა მდგომარეობს შემდეგში: გადავკვეთო გზა იქ, სადაც ზებრა და შუქნიშანია, ვისარგებლო ხიდებითა და მიწისვეშა გადასასვლელებით. თუმცა, რამდენად მოსახერხებელია მათით სარგებლობა, ეს კიდევ სხვა საკითხია.

რა ხდება მაშინ, თუკი წესების დაცვას ვამჯობინებთ და გზას შესაბამის ადგილზე გადავკვეთ? მიუხედავად იმისა, რომ ზებრაზე გადავდივართ და შუქნიშანზეც მწვანე ჩვენთვის ანთია, ის მანქანები, რომლებიც გზაჯვარედინიდან უხვევენ, გზას არაფრის დიდებით გვითმობენ. ასეთ დროს ფეხით მოსიარულეები ან თავად ვატარებთ მანქანებს, ანდაც ვცდილობთ, გადავასწროთ ჩვენსავე გზაზე, რასაც არაერთხელ მოჰყოლია სიგნალი და მძღოლის უკმაყოფილო მზერა.

იქ, სადაც ზებრა და შუქნიშანი არ არის, მეორე ალტერნატივა გადასასვლელი ხიდებია. მოხუცებს, ხშირ შემთხვევაში, არ შეუძლიათ ამ ხიდებზე ასვლა. ამიტომ მრავალსაფეხურიან კიბეზე ასვლა/ჩასვლას პირდაპირ გზის გადაკვეთას ამჯობინებენ ხოლმე იმ იმედით, რომ მძღოლები მათ ასაკსა თუ ჭაღარას პატივს სცემენ და გზას დაუთმობენ. გარდა ამისა, გადასასვლელი ხიდები არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაა მაინც და მაინც გამოსადეგი. ხიდებზე არსებულ პანდუსებზე ეტლით ასვლა შეუძლებელია, რის გამოც ისინი სრულიად გამოუსადეგარია. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ეს ფაქტი იმით „გაამართლა“, რომ ისინი არა შშმ პირთათვის, არამედ ბარგის გადასატანად გაკეთდა, ეს პანდუსები ამ მხრივაც უსარგებლოა.

უსაფრთხოდ გზის გადაკვეთის მესამე ალტერნატივა მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობაა. თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე საეჭვო სწორედ მათი „უსაფრთხოებაა“. იქ გამეფებულ სიბინძურეს, სუნსა და სიბნელეს მოსახლეობა დიდიხანია შეეგუა. სუფთად მხოლოდ ის მიწისქვეშა გადასასვლელებია, სადაც სავაჭრო ობიექტებია გახსნილი (თუმცა ეს მაღაზიათა მეპატრონეების დამსახურებაა და არა სახელმწიფოსი). დისკომფორტს მხოლოდ ანტისანიტარია როდი ქმნის. შებინდებისას მათით თითქმის აღარავინ სარგებლობს, რადგანაც საეჭვო ადამიანების თავშესაფარი ხდება.

თუ მიწისქვეშა გადასასვლელებს იერარქიულად დავალაგებთ ყველაზე სახიფათოდან ნაკლებ სახიფათოსკენ, გმირთა მოედნის გადასასვლელი უეჭველად პირველ ადგილს დაიკავებს. უკვე წლებია ეს ადგილი ქურდების, სექსუალური მანიაკების, გარყვნილი ადამიანების თავშესაფრად იქცა. იქ მომხდარ თავდასხმებს აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა ფორუმებზე და უამრავი ახალგაზრდა წუხს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ამ ტერიტორიაზე გავლა. იმისთვის, რომ იქ ვინმე საეჭვო პიროვნება თავს დაგესხას, ღამე და სიბნელე სულაც არაა საჭირო. ეს სწორედ საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა დღის 2 საათზე მეგობართან ერთად ამ გადასასვლელში ჩავედი და სექსუალურ მანიაკს გადავაწყდი. ბედად, ჩვენს უკან სხვა ფეხით მოსიარულეებიც გამოჩნდნენ და იქიდან მშვიდობით ამოვედით. ასეთი შემთხვევები იქ თითქმის ყოველ დღე ხდება, რეაგირებას კი არავინ ახდენს. გმირთა მოედანზე, რომლის ირგვლივაც ზოოპარკი, ცირკი, ტელევიზია, უნივერსიტეტის გზა, ფილარმონიისკენ მიმავალი გზა, სპორტდარბაზი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კიდევ ბევრი სხვა დაწესებულებაა, უამრავ ადამიანს უხდება გავლა. იქ არ არის არც შუქნიშანი, არც გადასასვლელი ხიდი და არც უსაფრთხო მიწისქვეშა გადასასვლელი. ფეხით მოსიარულემ კი როგორ უნდა გადაკვეთოს გზა ისე, რომ არც მოძრაობის წესები დაარღვიოს და საკუთარ თავსაც საფრთხე არ შეუქმნას, ეს უცნობია. ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა შევაფასოთ ორი ცუდი ალტერნატივიდან, რომელია უარესი და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღოთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG