რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მე-11 დღე, 16 აგვისტო, უხვმოსავლიანი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის: ზემძიმე წონაში მოასპარეზე ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ, შესაბამისად, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (წონითი კატეგორია 66 კგ-მდე) ქართველთა ოლიმპიურ მონაგარს კიდევ ერთი „ბრინჯაო“ შეჰმატა. ამრიგად, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დამთავრებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს სპორტსმენთა ანგარიშზეა ხუთი მედალი: ერთი „ოქრო“, ერთი „ვერცხლი“ და სამი „ბრინჯაო“ (მანამდე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა). ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია რამდენიმე ეპიზოდი ქართველი მედალოსნების ოლიმპიური ცხოვრებიდან.