Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 26 სექტემბერი


ციხეში ძალადობის გახმაურებული ფაქტები დღევანდელი პრესის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ”ყველა სიახლე” მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”16 წელიწადი მაქვს გატარებული საბჭოურ კაციჭამიათა მოდგმის ციხეებსა და ბანაკებში და შემიძლია დავიფიცო ყველა და ყველაფერი, თუკი რამ გამაჩნია, რომ საქართველოში სააკაშვილის დამქაშების მიერ ჩატარებული სადისტური ოპერაციების მაგვარი რამ არამცთუ მენახოს ან შევსწრებოდე, არამედ გაგონილი მაინც მქონდეს”.

”ყველა სიახლეში” დღეს ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ლოგიკურად თვლის ეჭვს, რომ ”ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უკავშირდება სწორედ ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს, რომლებიც შემდეგ უკვე გირგვლიანის მკვლელობისას ამ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ აღმოჩნდნენ”. ნინო ქადაგიძე-ჟვანია იხსენებს 2004 წელს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეზე მათთან სააკაშვილის, მერაბიშვილის, ოქრუაშვილისა და ადეიშვილის სტუმრობას: ”მახსოვს, მათმა საუბარმა როგორ შემაშფოთა. ამას წინათ ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოგვასმენინეს, რომელშიც ფოტოგრაფების საქმეზე ლაპარაკობდნენ და მერაბიშვილის ხმა რომ გავიგონე, ის ცხრა წლის წინანდელი საუბარი გამახსენდა. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაც უშლიდათ ხელს, ამბობდნენ, მოვიშორებთ, ამას ჩავუგდებთ, იმას დავაწერინებთო... მაშინ ვიფიქრე, დავიღუპეთ-მეთქი”, - ეუბნება ”ყველა სიახლეს” ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

”ქვეყნის მთავარი ”ნარკობარიგა” და ”ჯალათი” პრეზიდენტის ბრალდებებს პასუხობს” – ”ვერსია” აქვეყნებს ამ სათაურით ინტერვიუს ალეკო ტაბატაძესთან. ის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, დღეს კი კოალიცია ”ქართული ოცნების” პარტიული სიის 177 ნომერი და საორგანიზაციო სამსახურის უფროსია: ”რომ იცოდეთ, როცა ჩემი ქალაქის პოლიციის უფროსად დანიშვნაზე იყო საუბარი, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, შენ ყველაზე წესიერი კაცი ხარ და შენ უნდა დაგნიშნოო. მაშინ მიშა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, თუმცა უკვე ის წყვეტდა, ვინ სად დანიშნულიყო”.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეოგადაღების ახალი რეგულაციების დაწესებაზე წერს არაერთი დღევანდელი გაზეთი. ”არჩევნები ‘ბნელ ოთახში’ ” - ასეთია ”რეზონანსის” სათაური. ”ახალი თაობა” კი 25 სექტემბერს ცესკოსთან ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციაზე წერს: ”აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა გოჩა ჯოჯუას მოსთხოვეს ცესკოში ამ დადგენილების გაუქმების საკითხი დააყენოს. საპასუხოდ ჯოჯუამ განაცხადა, რომ დადგენილების ამ ფორმით მიღებამ მედიასა და დამკვირვებლებს ”სარგებელი” მოუტანა. ჯოჯუას თქმით, სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა, რომ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება შენარჩუნდა”.

”სააკაშვილის შემთხვევაში ტყუილს მოკლე კი არა, ძალიან გრძელი ფეხები აქვს”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი და განაგრძობს: ”მაგრამ დიდი იმედია, რომ ხალხი, რომელიც დიახაც, ამ გრძელ ოჩოფეხებზე ჰკიდია ამჟამინდელ ხელისუფლებას, საერთოდ უფეხებოდ დატოვებს არა მარტო სააკაშვილის, არამედ მთლიანად ნაციონალების ძველ და უკვე საბედისწეროდ დაჟანგებულ პოლიტიკურ იარაღს - ტყუილს”.

”სტუდენტები არჩევნების მონიტორინგზე გადაერთნენ” - წერს ”24 საათი”: ”პატიმრებზე ძალადობის საწინააღმდეგო პერმანენტული აქციებიდან ერთი კვირის თავზე სტუდენტური ორგანიზაციები არჩევნების მონიტორინგის და არჩევანის თავისუფლების დაცვის მიზნით გაერთიანდნენ. 10-ზე მეტი სტუდენტური ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა გუშინ თსუ-ს ეზოში გამართულ შეკრებაზე განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივად მუშაობენ კონკრეტულ გეგმებზე და იმაზე, თუ რას გააკეთებენ მომავალ დღეებში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად”. ”24 საათი” წერს, რომ გაერთიანებაში შევლენ: ”ლაბორატორია 1918”, ”სტუდენტური ხმა”, ”ნარინჯისფერი”, ”სტუდენტების საორგანიზაციო ჯგუფი”, ”დავითიანი”, ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია” და ”ახალგაზრდები სამართლიანობისათვის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG