Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 8 ივლისი


ვლადიმერ ბედუკაძის საქმეზე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავარი პროკურორისადმი მიმართვა დღევანდელი პრესის მთავარი თემაა. სათაურები არჩილ კბილაშვილის პოლიტიკური მომავლისადმი ინტერესს გამოხატავს: „ახალი თაობა“ – „დატოვებს თუ არა არჩილ კბილაშვილი პოსტს?“, „რეზონანსი“ – „კბილაშვილი თავის მართლების მოლოდინში“, „24 საათი“ – „გაიზიარებს პროკურატურა პრემიერის მოსაზრებებს?“.

„ალიას“ ავტორი წერს: „სანამ ბედუკაძე პროკურატურას თანამშრომლობასა და ინფორმაციების მიწოდებაზე დასთანხმდებოდა, ყველა ვარიანტში მიიღებდა გარანტიებს კბილაშვილისგან, რომ სასჯელს ასცდებოდა. გამოდის, კბილაშვილს აიძულებენ სიტყვა გატეხოს და აქ არა მარტო კბილაშვილზე ტყდება ჯოხი, სახელმწიფოც კარგავს ავტორიტეტს მოსახლეობის თვალში. და მეორეც - ახალი ხელისუფლება ზარალდება. რომელიღაც შუა ან ქვედა რგოლის ჩინოვნიკს ძალიანაც რომ ნდომებოდა პროკურატურისთვის ზემდგომთა დანაშაულებზე ინფორმაციის მიწოდება და მხილება, აღარავინ წავა რისკზე, აღარავინ ითანამშრომლებს პროკურატურასთან“.

„ახალი თაობა“ იმავე თემაზე: „ალბათ, ყველას გახსოვთ, რა პერიოდში გაავრცელა ბედუკაძემ ის კადრები. ის კადრები რომ არა, არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ასეთ გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. აქედან გამომდინარე, ნაციონალების აღშფოთება გასაგებია, მაგრამ მეოცნებეების აღტყინებაა გაუგებარი. გაუგებარია ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც“.

„რეზონანსმა“ ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორისადმი მიმართვის თემაზე სხვადასხვა ადამიანს ჰკითხა აზრი: ზაზა ხუციშვილი, მომღერალი - „ივანიშვილს რომ დაერეკა კბილაშვილისთვის და საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი არ გამხდარიყო, მართლაც საშიში ტენდენცია იქნებოდა. ვინაიდან ეს სურვილი ღიად იყო გაცხადებული, საქმე სხვაგვარადაა“; ნოდარ ნათაძე, ფილოლოგი - „რა ნება გამოთქვა ივანიშვილმა და რა შედეგი აქვს ნების გამოთქმას, სხვა საკითხია, მაგრამ ეს ყველაფერი ფორმალურადაა არაკორექტული და კანონშეუსაბამო“; რევაზ მიშველაძე, მწერალი - „შეიძლება, მის მიერ გაკეთებული ანგარიშგასაწევი საქმე შემამსუბუქებელ გარემოებად იქცეს, მაგრამ დამნაშავის ხელის ჩამორთმევის და გაშვების უფლება არავის არ აქვს, არც კბილაშვილს და არც მის ზემდგომ ორგანოებს. ამიტომ ივანიშვილის მიმართვა აბსოლუტურად გამართლებულია“.

ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შესახებ იურისტ ლევან ალაფიშვილს „24 საათისთვის“ უთქვამს: „მაშინ როდესაც პროკურატურა დამოუკიდებელ ორგანოდ არის გამოცხადებული, ეს განცხადება მის საქმიანობაში ჩარევად აღიქმება“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი „24 საათს“ ეუბნება: “გადაწყვეტილების სამართლებრივად შეცვლის შესახებ პრემიერის მხრიდან განცხადების გაკეთება არასწორია. პრემიერი განცხადებაში თვითონვე აღნიშნავდა, რომ გამოძიებაში არ ერევა და არც ახლა უნდა ჩაერიოს“.

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეს ეხება „ალიას“ ინტერვიუ კახა კახიშვილთან. ექსპერტი ამბობს: „ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ შსს-ს მთელმა ხელმძღვანელობამ მომხდარი ადეკვატურად შეაფასოს. რეალურად, კორპორაციული ეთიკის გამოვლენის დრო არ არის. ზუსტად იმის დროა, რომ შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ პრინციპული პოზიცია დაიკავოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად გამოიკვეთოს“.

ბოლოს, ორიოდე სიტყვა ეკონომიკის თემაზეც. „ბიზნეს-რეზონანსი“ წერს, რომ საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 2008 წლის ნიშნულს უბრუნდება - „შესაბამისად, ბოლო 5 წლის განმავლობაში გაძვირებული პროდუქტი დღეს ისევ იაფდება. ხორცი, ბურღულეული, შაქარი, პურის ფქვილი თუ სხვა საკვები პროდუქტების ფასი 2009-2012 წლებთან შედარებით, დაახლოებით 30-40%-ითაა შემცირებული“. „ბიზნეს-რეზონანსის“ თანახმად, „ექსპერტები სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ - მათ შორის, ბაზარზე დამოუკიდებელი მოთამაშეების გამოჩენას და მსოფლიოში ფასების კლებას. მეტიც, მათი პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ ფასების შემცირების ტენდენცია კიდევ გაგრძელდეს“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG