Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აზრს არ იცვლის


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და არ შეცვალა 4 მარტის გადაწყვეტილება მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. გიორგი ბარათაშვილი და მისი მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფი სასამართლოს მიმართავს. ამის პარალელურად, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლი შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის ორი წევრიც - გოგა ჩართოლანი და ნინო ზაუტაშვილი - ესწრებოდა, იმით დასრულდა, რომ სამეურვეო საბჭომ აზრი არ შეიცვალა, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

”საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა პრაქტიკულად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ გადაწყვეტილების რევიზია მოხდეს და ჩვენ განვმარტეთ და დავაფიქსირეთ, რომ სიამოვნებით დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ ვინმე გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. ამასთან, საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად ამ ტიპის განხილვის ჩატარებას, ვინაიდან ისინი არ გადახედავენ ორი დღის მიღებულ თავიანთ გადაწყვეტილებას”.

ასე ახსნა სხდომის დასრულების შემდეგ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ, მიღებული გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი 4 მარტის გადაწყვეტილებით გაათავისუფლა, მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფმა საბჭოს, გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით, კიდევ ერთხელ შეკრებისკენ მოუწოდა. მაუწყებლის გადაცემა ”სამოთხის ვაშლების” წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საბჭოს არგუმენტები აბსურდულია და რომ შეხვედრისას საბჭოს წევრების მხრიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების მოტივად ჭორებზე დამყარებული არგუმენტები დასახელდა:

”ბორდი, რომელიც ორ თვეში ერთხელ ცვლის თავის გადაწყვეტილებებს და ვიღაცის ჭორებს ეყრდნობა, ის ბორდი არანაირად არ არის ღირსი მეურვეობდეს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენ პარლამენტში ვაგზავნით წერილს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით. პარალელურად, გიორგი ბარათაშვილს სასამართლოში შეაქვს სარჩელი. პარალელურ რეჟიმში საინიციატივო ჯგუფიც შეიტანს სარჩელს და ბორდი, ყოველ შემთხევავში, ორი წევრის გარდა, მე პირადად, ნინო ზაუტაშვილი, გეუბნებით, რომ იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როცა ეს ადამიანები აღარ იქნებიან სამეურვეო საბჭოს წევრები”.
თუკი წინა შემთხვევაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად წყვეტდა ამ საკითხს და ის პარლამენტს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ანიჭებდა, რომ სამიდან ერთი კანდიდატი აერჩია, მაგრამ სამივე იყო მასთან პოლიტიკურად შეთანხმებული, დღეს დგას საკითხი, რომ ეს თემა იყოს აბსოლუტურად დივერსიფიცირებული...
ზვიად ქორიძე

გარდა საინიციატივო ჯგუფისა, სასამართლოს მიმართავს ტელევიზიის ყოფილი მთავარი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილიც, ის სასამართლოსგან თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს:

”მე არც ველოდი დღევანდელი ბორდის სხდომისგან, რომ ისინი რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მე გავაგრძელებ სამართლებრივ პროცესს, რაც დავიწყეთ, და აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა ამ ტელევიზიაში”.

სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ტელევიზიის ყოფილი გენერალური დირექტორის ბედს წყვეტდა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტი მაუწყებლობის შესახებ კანონს განიხილავდა, რომელიც საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 9-მდე მცირდება; პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ; კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატისა წარედგინება; წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს, - ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

”ის მოდელი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ, ეს არის მოდელი, რომ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ეს საკითხი, რომ ის არ იყოს ერთი პოლიტიკური ცენტრის ხელში მოქცეული. თუკი წინა შემთხვევაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად წყვეტდა ამ საკითხს და ის პარლამენტს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ანიჭებდა, რომ სამიდან ერთი კანდიდატი აერჩია, მაგრამ სამივე იყო მასთან პოლიტიკურად შეთანხმებული, დღეს დგას საკითხი, რომ ეს თემა იყოს აბსოლუტურად დივერსიფიცირებული”.
რაკი მაინც შეთანხმება 9 კაცზეა, ალბათ, უმჯობესია, რომ ამ 9 კაცთან ერთად გაძლიერდეს საზოგადოებრივი საბჭოების ქმედითი მუშაობა და ქმედითი ზედამხედველობა, რადგან ამ საზოგადოებრივ საბჭოებში იქნება თავმოყრილი საზოგადოების უფრო ფართო სპექტრი...
დოდო შონავა

საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ არსებული ხელისუფლება ცდილობს არხი დაიქვემდებაროს და კანონპროექტის განხილვაც ამის დასტურია. თუმცა არსებული ხელისუფლების კრიტიკისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა არხთან მიმართებით წინა ხელისუფლების დამოკიდებულებაც აღიარა:

”ხშირ შემთხვევაში ობიექტურია პრეტენზები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვიღებთ ამ კრიტიკას, მაგრამ ის გაკვეთილი, რა გაკვეთილიც მიიღო ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 1 ოქტომბერს, ეს გაკვეთილი რომ არ მიეღო და ჩვენ ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავით, მე გეუბნებით, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიღებდა ამ კანონს, - და რატომ, იცით? - იმიტომ რომ ეს რეალურად ტოვებს ხელისუფლების გავლენის ქვეშ საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა კანონპროექტის წარდგენისთვის შერჩეულმა დრომაც: რატომ განიხილება სწორედ ახლა, არხზე არსებული დაძაბულობის დროს, კანონპროექტი? - ამ კითხვას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა უპასუხა, რომ ისინი კანონპროექტის გატანას წინა ხელისუფლების დროსაც ცდილობდნენ, მაგრამ მისი მოსმენა მაშინდელმა პარლამენტმა არ ისურვა.
განათლებისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მაუწყებლის მეორე არხის პროდიუსერმა დოდო შონავამ კი აღიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა 9-მდე შემცირება მიზანშეუწონელია:

”რაკი მაინც შეთანხმება 9 კაცზეა, ალბათ, უმჯობესია, რომ ამ 9 კაცთან ერთად გაძლიერდეს საზოგადოებრივი საბჭოების ქმედითი მუშაობა და ქმედითი ზედამხედველობა, რადგან ამ საზოგადოებრივ საბჭოებში იქნება თავმოყრილი საზოგადოების უფრო ფართო სპექტრი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე კი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლება ტელევიზიაზე საკუთარი კონტროლის დაწესებას ცდილობს და ამ თვალსაზრისით მას კიდევ უფრო გამართლებულად ეჩვენება ის, რომ არხის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG