Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 11 აგვისტო, 2011


დღევანდელ პრესაში თვალშისაცემია ავტორებისა და რესპონდენტების დაინტერესება საქართველოში მომავალი არჩევნების თემით და, კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისის ახლანდელი მერის შანსებით.

”ახალ თაობაში” ქვეყნდება სტატია, სათაურით ”გიგი უგულავა პრეზიდენტობისთვის ემზადება”. ავტორი ასეთ რამესაც წერს: ”რუსულ ”თელასს” საგადასახადო ქვითრებით მიება ასევე რუსული ”თბილისის წყალი”, ”თელასმა” ასევე მიიწება ნაგვის გადასახადი. ეს უკანონო გადაჯაჭვა რომ ისე, ჰაერზე არ ხდება, გასაგებია. ამ ხლართების უკან ისევ თბილისის მერის სახელი ჩნდება.”

თბილისის მერის საარჩევნო მზადების შესახებ ”ალიას” ელაპარაკება ”ეროვნული ფორუმის” წევრი ანი მიროტაძე. ის ჩაქვში აქტივისტების გადამზადებისთვის გამართულ შეხვედრებზე ჰყვება და ამბობს: ”მე ვფლობ ინფორმაციას, რომ გიგი უგულავა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე მუშაობს, თუმცა მე ამას ვერ დავადასტურებ. მე გეტყვით, ვინ იყო ჩაქვში და შეგიძლიათ ივარაუდოთ, ვინ არის მისი პოლიტიკური დასაყრდენი. ერთ-ერთ ღონისძიებაზე თვითონ გიგი უგულავა იყო ჩასული. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები: მამუკა ახვლედიანი, კოკი იონათამიშვილი, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი.”

”ალიაშივე” შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მერაბიშვილი რომ აქტიურად მუშაობს კრემლთან, ეს მე დანამდვილებით ვიცი და გეუბნებით ზუსტ ინფორმაციას. ვითომ აქ რუსეთის აგენტებს იჭერს, არადა, სინამდვილეში, რუსეთის ფაქტობრივი აგენტი თვითონ არის. ვანო მერაბიშვილი ინფორმაციების გარკვეულ ნაწილს კრემლს უზიარებს და ამას, რა თქმა უნდა, აკეთებს ნდობის მოსაპოვებლად.”

ისევ ”ახალ თაობას” მივუბრუნდები, სადაც ერთ-ერთი ავტორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ უკვე სიის მზადებაზე წერს: ”მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, პოლიტიკურ კულუარებში ნაციონალების პირველ ნომერზე უკვე საუბრობენ. მმართველი პარტიის სიას სათავეში კვლავ დავით ბაქრაძე ჩაუდგება.”

პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გია ნოდია და რამაზ საყვარელიძე. გია ნოდია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს ხელისუფლების საპირწონე ძალას: ”აქ შეჯიბრი მიდის ოპოზიციის შიგნით. ვინ დაიკავებს ძირითადი ოპოზიციის ადგილს. მაგალითად, ”ქრისტიან-დემოკრატებს” აქვთ პრეტენზია, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა, ”ლეიბორისტებს” აქვთ პრეტენზია, რომ ისინი არიან ერთადერთი ოპოზიცია და სხვა არავინ არ არის რეალურ ოპოზიციაში, ასევეა ”ექვსიანიც”... შემოდგომიდან სწორედ ოპოზიციურ პარტიებში წავა პაექრობა, ვინ არის ყველაზე ძლიერი და ვის უჭერს ხალხი მხარს”. რამაზ საყვარელიძე კი ამბობს: ”ხელისუფლებას საერთოდ ერთი თავისებურება ახასიათებს - ის საარჩევნო პროცესს იწყებს მაშინ, როცა არჩევნები მთავრდება. უკვე მეორე დღსვე ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს... ამიტომ ამ პირობებში ძნელია იხელმძღვანელო იმით, რას გააკეთებს ოპოზიცია, მაშინ როცა ოპოზიციას საარჩევნო პროცეს მაშინაც არ აქვს ხოლმე დაწყებული, როცა არჩევნების თარიღი ცნობილია.”

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი კორუფციის პრობლემაზე წერს სტატიაში, სათაურით ”აკი კორუფცია გარდაიცვალაო?! ახლახან ის გურიაში დააკავეს”: ”თავის დროზე ერთი ცნობილი ფილოსოფოსი ცდილობდა დროის არარსებობა დაესაბუთებინა. წარსული არ არსებობს, ამბობდა ის, იმიტომ რომ უკვე წარსულია; აწმყოც, ვიტყვით თუ არა, უკვე წარსულია, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარაო. ჩვენი ხელისუფლებაც, როგორც ჩანს, ამ ”ლოგიკას” ეყრდნობა: კაცს ვიდრე არ დაიჭერ, კორუფციონერი არ არის, ხოლო როცა დაიჭერ, უკვე პატიმარია და არა კორუფციონერი (!)”.

”24 საათი” ზღვისპირა რეგიონში დასვენების მსურველ მკითხველს ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG