Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსტიუმირებული აღლუმი გეტისბურგში


„ამერიკის ხმა“ გეტისბურგის კოსტიუმირებულ სანახაობაზე მოგითხრობთ, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას ეძღვნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომს ხშირად იგონებენ. პენსილვანიის ქალაქ გეტისბურგში ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელიწადში რამოდენიმეჯერ იმართება. დღეს ერთ მათგანზე, გეტისბურგის კოსტიუმირებულ სანახაობაზე მოგითხრობთ, რომელიც სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას ეძღვნება.

წლის ამ დროს პენსილვანიის პატარა ქალაქ გეტისბურგში ჩასულებს თავი წარსულში მოგზაურები ჰგონიათ. ქუჩაში მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ოფიცრები, ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები დადიან. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კონფედერაციის, თუ კავშირის მომხრეები ერთმანეთში მშვიდად საუბრობენ და 150 წლის წინანდელ 3-დღიან საომარ კამპანიაზე მსჯელობენ. ღონისძიებას გეტისბურგელები „ცოცხალ ისტორიას“ უწოდებენ და ისტორიული ბრძოლის ინსცენირებაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებენ.

როლები განაწილებული აქვთ. კონფედერაციის არმიის ცნობილი გენერალი რობერტ ლი ცხენზე ამხედრებულა. იქვე დგანან ბატალიონთა ხელმძღვანელები, თუ ორივე არმიის რიგითი ჯარისკაცები. უკრავენ მე-19 საუკუნის 60-იანი წლების სამხედრო მარშებს. ყურადღების ცენტრში პრეზიდენტი ლინკოლნია, რომელიც სახელგანთქმულ „გეტისბურგის მიმართვას“ იგონებს. ლინკოლნმა ცნობილი სიტყვა პირველად ბრძოლის დასრულებიდან 4 თვის შემდეგ, ჯარისკაცებისათვის მოწყობილი საერთო სასაფლაოს გახსნაზე წარმოთქვა.

„ეს ერი, როგორც თავისუფალი, ღვთის წინაშე ხელმეორედ იბადება. მას ხალხის მთავრობა უნდა ჰყავდეს, ხალხის მიერ და ხალხისთვის არჩეული და დედამიწაზე ადგილი სამარადჟამოდ უნდა დაიმკვიდროს“ - ამბობს ინტერვიუში პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის როლის შემსრულებელი.

ადგილობრივების აზრით, გეტისბურგის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება იყო, რომელმაც ამერიკის მომავალი განსაზღვრა და ისეთი ფორმით ჩამოაყალიბა, როგორც ეს დამფუძნებელმა მამებმა ჩაიფიქრეს: ერთიანი და ძლიერი.

„დროშაზე გამოსახული ბანერი ლათინურ ენაზე ამბობს: E Plurbus Unum”, რაც ბევრისგან შემდგარ ერთს ნიშნავს. სწორედ ასეთები ვართ: უამრავი სხვადასხვა ერის შვილებისგან შექმნილი ერთიანი ნაცია“ - ეს უოლტერ ბოშია, ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე.

კონფედერაციის ჯარებს, რომლებიც გეტისბურგს უტევდნენ, კავშირის არმიის დამარცხება, ვაშინგტონის აღება და პრეზიდენტის მხრიდან სამხრეთ შტატების უფლებების ცნობა სურდათ. მათ უკანდახევა აიძულეს. სამოქალაქო ომს ამერიკაში უმეტესად მონობის გაუქმებისთვის ბრძოლად აღიქვამენ. თუმცა, მაშინ ომი ბევრი სხვა ნიშნით, მათ შორის ცენტრალიზებული, ფედერალური მთავრობის შექმნისათვისაც მიმდინარეობდა. ჯიმ გეტი ფიქრობს, რომ სამხრეთს რომც მოეგო, ქვეყანა საბოლოო ჯამში მაინც გაერთიანდებოდა.

„ვფიქრობ, ადრე თუ გვიან მაინც ერთი სახელმწიფო გავხდებოდით. სავარაუდოდ, პირველი, ან მეორე მსოფლიო ომის დროს. უთანხმოებებს ომის დასრულებისთანავე დავძლევდით. ასე დანაწევრებული უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით“ - ამბობს ის.

მსგავსი ისტორიული ხასიათის ინსცენირება ბევრი ამერიკელისთვის არამარტო უბრალო ჰობი, არამედ წინაპრების ხსოვნის, გმირებისთვის პატივის მიგების ერთგვარი გამოხატულებაც არის. გეტისბურგელები ამაყობენ იმით, რომ დღეს ისინი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ აღლუმში ერთად მოაბიჯებენ. ყველა ერთად მოდის, ერთ რიგშია გაერთიანებული, კონფედერაციის, თუ კავშირის მხარეს მებრძოლთა შთამომავლები.

XS
SM
MD
LG