Accessibility links

5 ივნისი, კვირა

გათენდა. გამეღვიძა. გამახსენდა, რომ კვირაა და ძილის შებრუნება გადავწყვიტე. განსხვავებული ხმები შემომესმა − არათბილისური. შემდეგ გამახსენდა, რომ ბათუმში ვარ. ქუჩის ხმაური აქ სხვანაირია, უფრო რბილი. ვითომ, კლიმატია დამნაშავე? არა, ჯობია ავდგე. დღეს თბილისში ვბრუნდებით.

მე თბილისელი ვარ. თუმცა, ბათუმში ვარ დაბადებული და ბულვარის „ჩაღუნული“ სკამები ჩემთვის არ არის მხოლოდ საზაფხულო შთაბეჭდილება. ბათუმი ევროპული ქალაქია. იგი არ არის თბილისივით ორსახა იანუსი. „ინტურისტებში“ მოდუღებული ყავის სურნელი და ბათუმური ინტელექტი 1950-60-იანი წლების რემინისცენციაა: ჰემინგუეისეული „იქ, სადაც სუფთაა და ნათელი“.

ბათუმის ურბანული განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამ დროს ქალაქის ცენტრმა ყურის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა, უშუალოდ ბათუმის კონცხზე. 1870-იან წლებში ქალაქის საზღვრებმა მიაღწია ნურიე გიოლის (ყოფილ პიონერთა) ტბამდე. მაშინვე განისაზღვრა „ახალი ქალაქის“ გეგმარებითი წყობა და დაიკვალა ძირითადი ქალაქმშენებლობითი პარამეტრები თანადროული ევროპული ქალაქგეგმარების გავლენით.

ორსართულიანი ბათუმი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია პორტისპირა ქუჩებში. დანარჩენი ნაწილი კი იცვლის სახესა და იერს. განვითარება აუცილებელია, თუმცა სიფრთხილეა საჭირო. ევოლუცია რომ რევოლუციას სჯობია, საკუთარ ტყავზეც გამოვცადეთ.

რამდენიმე დღის წინ ვნახეთ პეტრა-ციხისძირი. იქაურ ნაქალაქარში რომაულ აბანოს შველა სჭირდება. დავთანხმდით გვიანი კედლის მოხსნას აბანოს აფსიდის თავზე. არქიტექტორ-რესტავრატორი გია ციციშვილია. ამიტომ საქმე საიმედო ხელშია. მოვინახულეთ გონიოს ციხეც. ახლა ხდება ამ კასტელიუმის რეაბილიტაცია. მთაზე, მოსახლის ეზოში, ადრეული ეკლესიის ნაშთები გამოჩნდა. ეს საქმეც გამოცდილ მეცნიერს აქვს ჩაბარებული − გურამ ყიფიანს. ეკლესია დარბაზულია. შესაძლოა, V-VI საუკუნეებისა იყოს.

მე „ულვაშებიანი ძიძის“ როლსაც ვითავსებ. დეიდაშვილია ჩამოსული პიტერიდან. შვილიშვილი ჰყავს ჩამოყვანილი. მას საქმე გაუჩნდა. ბავშვს მოვლა ხომ სჭირდება? მოკლედ, ეს დღეები საკმაოდ დატვირთული იყო. მაგრამ კარგია, რომ ამინდმა გაგვიმართლა. ზღვაში ჩასვლაც კი მოვახერხეთ.

დღეს ვბრუნდებით თბილისში. სტუმრები ბორანოზე და აჭარულ ხაჭაპურზე მიიწვიეს. მე არ წავედი: ბაბუისეულ სახლს ვალაგებ ბარათაშვილის ქუჩაზე, „თემელას დუქნის“ თავზე, და ვემზადებით თბილისში გასამგზავრებლად.

თბილისიდან ბათუმამდე გზა მოწესრიგდა. თითქოს დამოკლდა კიდეც, მაგრამ მანქანით ხუთი საათი მგზავრობა მაინც დამღლელია. თბილისში მხოლოდ თერთმეტ საათზე ჩამოვაღწიეთ. თუმცა, დაღლილზე ძილი სასიამოვნოა და არა მხოლოდ ყოველდღიური აუცილებლობა. ყოჩაღ, დანიელ! დეფოს ვგულისხმობ და მის რობინზონს. ცუდს კარგი ახლავს თან. ამასთან ოჯახის სითბო გალბობს და გადუნებს. სახლში სამი გოგო მყავს: დედა, მეუღლე და ქალიშვილი. კინაღამ დამავიწყდა ბუბუ! მაგრამ ბუბუ ბიჭია − რვა წლის ტაილანდური კატა. მართალი იყო კიპლინგი: ზედაც არ შემომხედა. გაბრაზდა, ხუთი დღე რომ მყავდა მიტოვებული. მშვიდობიანად დაღამდა.

6 ივნისი, ორშაბათი

პარიზი ყოველთვის პარიზია (ვითომ?). ორშაბათი კი ნაღდად ორშაბათია მუდამ. არ აქვს მნიშვნელობა, მოსამსახურე ხარ, სტუდენტი თუ პენსიონერი. მოკლედ, ორშაბათი ორშაბათია. არსად წასვლას არ ვაპირებ. ტელეფონიც გამორთულია. ხუთი დღეა, თბილისიდან წასული ვარ. თუ ჩავრთე, შემოსულ ზარებს ვეღარ გავაჩერებ. ამიტომ: „ჩემი სახლი ჩემი სამსახურია“. მოკლე ვარჯიში, საუზმე და სავარძელი. წინ მიდგას „მეორე მე“ − კომპიუტერი თავისი პროცესორით და მასში ჩაბეჭდილი 500-გიგაბაიტიანი ინფორმაცია.

დღეს საღამომდე დასამთავრებელია პროექტები: ქვემო სვანეთის მუწდის მთავარანგელოზის ეკლესიის სარეაბილიტაციო რეკომენდაციები; თბილისის ყოფილი ოფიცერთა სახლის შენობის წინასწარი კვლევა და ბევრი სხვა წვრილმანი.

დავასრულე საქმე. ვაფრინე გზავნილები. ცოტა შევისვენე და ჩავრთე ტელეფონი. ამუშავდა ბუნების კანონი, რომელსაც ფიზიკოსები იჩემებენ: ქმედებას მოსდევს უკუქმედება. 12 შემოსული ზარი. ყველას და ყველაფერს ვერ გავწვდები. დაიგეგმა: ხვალ − ჯერ მთაწმინდა, გრიბოედოვის ქუჩა, სახლის გამაგრების პრობლემა. შემდეგ იქვე, ქვემოთ, ოფიცერთა სახლი −პლენერი რესტავრატორებთან ერთად. მერე პლეხანოვი: ერთ-ერთ სახლზე დაშენების პრობლემა და სამ საათზე − ზონალური საბჭო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, კრწანისში.

ორშაბათმა იორშაბათა, ამჯერადაც მშვიდობიანად დაღამდა და დადგა სამშაბათის ჯერი.

7 ივნისი, სამშაბათი

თითქმის ყველა ენაზე სამშაბათი მეორე დღეა სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. აი, ქართულად კი, კვირის მეორე დღე სამშაბათია. ეტიმოლოგიურ სიღრმეებში ჩაყვინთვა შორს წაგვიყვანს. არ გვინდა. ისე კი სამშაბათი მიყვარს: ქართულია, განსხვავებული.

როგორც ყოველთვის, მოკლე ვარჯიში, საუზმე და წინ, გუშინ დაგეგმილი განრიგის შესასრულებლად. ჯერ მთაწმინდა − გრიბოედოვის ქუჩა; შემდეგ შოთა რუსთაველის პროსპექტი − ოფიცერთა სახლი, თათბირი ახალგაზრდა რესტავრატორებთან, რეაბილიტაციის პრობლემები.

მართლა პრობლემაა! დავით ჩისლიევის 1916 წლის ნეოკლასიცისტური ფასადის აღდგენის პროექტს ვაკეთებთ, ინტერიერი კი გვერდზე გვრჩება. აქ, სარდაფში, თბილისელი აკმეისტების ყოფილ ბოჰემურ კაფე-კლუბში, „არგონავტების ნავში“, ნადგურდება ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის მხატვრობა. არ გვარგებს ეს „პოტიომკინისეული“ ზედაპირულობა. ასე მგონია მე.

სამ საათზე ე.წ. „სააგენტოში“ მივედით, კრწანისში. ოღონდ, კი არ მივედით, მივცურდით. მე გამიმართლა, საბჭოს წევრების უმრავლესობა კი უმოწყალოდ გალუმპა კოკისპირულმა წვიმამ.

რა გვინდოდა ამ კრწანისში? კი, საკურორტო გარემოა, დაწმენდილი ჰაერი, სიწყნარე, ვეებერთელა ოფისი. მაგრამ, ნამეტანი შორსაა. იყვნენ წყნარად სანაპიროზე, მშრალ ხიდთან. მაგრამ რას იზამ, რას გაუგებ საწუთროს უსამართლობას?..

საბჭოზე გავარკვიეთ რამდენიმე საკითხი. გორის ცენტრში არ გვარგებს მრავალსართულიანი მშენებლობა. უნდა შევეწინააღმდეგოთ ბორჯომის ბაღ-პარკებსა და სკვერებში მშენებლობის გააქტიურებას და, თან, ტურიზმიც განსავითარებელია. მაგალითად, ტურისტს, შინაურსა თუ შემოსულს, მოსწონს განახლებული ახალციხე (რაბათს ვგულისხმობ), მცხეთა, თუ სიღნაღი. მაგრამ რა ვუყოთ სარესტავრაციო მეთოდოლოგიას, ავთენტურობას, სიძველეს, როგორც ასეთს? ცალკე საკითხია, უნდა აღგვედგინა თუ არა ბაგრატი. „ეს ლიფტი რამ მოგაფიქრებინათ?“ − სულ მესმის საყვედური. მოკლედ, რთულია და ამ სირთულეში გვიწევს მოქმედება არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ ქვეყანას.

საბჭო დასრულდა. გადაუღებლად წვიმს. ირინე საბაშვილი თავისი მანქანით სახლამდე გვაცილებს მე, გიორგი წულუკიძეს და გელა გეგეჭკორს. რას იზამ, ემანსიპაცია საქართველოშიც მძლავრობს.

კვლავ დაღამდა მშვიდობიანად.

8 ივნისი, ოთხშაბათი

კვლავ წვიმს. ბათუმს მშრალად გამოვერიდეთ და თბილისი ჩაქვად გადაგვექცა. ბათუმშიც ცა ჩამოსულა მიწად და ცნობილი ამერიკული ჯგუფის „მარუნ 5“-ის ოცდაათათასიანი მაყურებელიც არ დაუნდია ბათუმურ თქეშს. სამაგიეროდ, კარგი ამბავიც დაგვერთო: „ჩვენი“ წიგნი გამოიცა − „არქიტექტურა და იდენტობა. საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918)“. ყველაზე მეტი დავით ხოშტარიამ იღვაწა. სტატიებთან ერთად საერთო რედაქცია და დიზაინიც მთლიანად მისია. ბევრი იშრომეს ჩვენმა ახალგაზრდებმაც: ნათია ნაცვლიშვილმა და მანონ ლილუაშვილმა. წიგნი გაამდიდრა დიმიტრი თუმანიშვილისა და თამარ ხოსროშვილის სტატიებმაც. ეს სულ ცინცხალი ამბავია და საბოლოო განაჩენი მკითხველზეა.

დღეს საპატრიარქოს არქიტექტურული საბჭო გადაიდო − ხვალ ამაღლებაა. დღესაც მშვიდობიანად დაღამდა.

9 ივნისი, ხუთშაბათი

გათენდა. ცა მოწმენდილია. ამაღლებაა, სხვა რომ არა იყოს რა. თუმცა, ვინ იცის, დარი იმარჯვებს თუ ავდარი. დღესაც საბჭოა, ოღონდ მერიის არქიტექტურის საბჭო. ეს სულ სხვა რამაა. იწყება და აღარ მთავრდება. ორმოც საკითხზე ნაკლები თუ არის, ბავშვებივით გვიხარია, მაგრამ თერთმეტიდან რვა საათამდე მერიის მეოთხე სართულის ერთ ბნელსა და ვიწრო ოთახში ჯდომა, როგორც წესი, გარანტირებული გვაქვს. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს! აი, განმცხადებლებს ჯერ მოსაცდელში ამუნათებენ ექს-განმცხადებლები − თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, ვის უნდა ჩაუვარდეთ ხელშიო; შემდეგ კი ვიწრო ოთახში შემოსულებს, „ოვერჰედის“ მაშუქი უბრმავებთ თვალს და საბჭოს წევრები გესტაპოს აგენტებად ვევლინებით. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, მათ ბედნიერებას საზღვარი არ აქვს და თავადაც ხარობ მათი ნეტარებით. თუ არა და, ვაი ჩვენი ბრალი! ისე შემოგვყურებენ, თავი ბურჟუაზია გვგონია და მოსულები − ვლადიმერ ილიჩები.

რამდენიმე ათეული სხვადასხვა საკითხი, ორმოცდაათზე მეტ სხვადასხვა ნირისა და ტემპერამენტის ადამიანთან ურთიერთობა და, არცთუ იშვიათად, პოლემიკა, პასუხისმგებლობა − ეს ყველაფერი მხოლოდ დამღლელი არ არის. ამის გადამტანნი ნამდვილად ვუთანაგრძნობთ გაწურულ ლიმონს და შევდივართ ამ ბედკრული ციტრუსის მდგომარეობაში.

ერთი რამ გაძლიერებს: ჩვენს ხელთაა, რომ არ დადგან ოცდახუთსართულიანი სახლები მაგალითად, მუშთაიდისა და ვაკის პარკის საზღვრებთან და არ გავიდეს სხვა მსგავსი „პროჟექტები“. მაგრამ, რა დააშავა ადამიანმა, ტუალეტი რომ არ აქვს თბილისურ (არავითარ შემთხვევაში იტალიურ!) ეზოში და ღია აივნის ამოშენების უფლებას ვერ აძლევ? რას იზამ, წითლებიც ხომ ჩვენ შემოვიყვანეთ 1921-ში. „კომუნალკებიც“ გავახაზირეთ და გვკვეთს ახლა პაპის ნაჭამი უმწიფარი ტყემალი.

კვლავ მშვიდობიანად დაღამდა და, დაღლილმა, ვერც კი ვიგრძენი, როგორ ჩამეძინა.

10 ივნისი, პარასკევი

ისევ დილა. ფანჯრებში კვლავ ღრუბლებია. სიზმრები მორჩა, დაიწყო ფიქრი ცხადში. ჯერ ბუნდოვანი. რა ხდება დღეს? სამ საათზე ისევ საბჭოა სააგენტოში. ვაი ნენა! ამჯერად ძეგლების სტატუსის მოხსნა და მინიჭება. თუმცა, რა დროს ესაა, დღეს ხომ 10 ივნისია − ჩემი ნინოს დაბადების დღე! სად არის ნინო? საუზმეს ამზადებს. ხვალ, 11 ივნისს, კვლავ ნინოს დაბადების დღეა. ოღონდ ნინო „ჯუნიორის“, ჩემი ვაჟის, გიორგის მეუღლის. მეც ხომ გიორგი ვარ! თან, ნინო „ელდერის“ დის, ელიკოს ქალიშვილის დაბადების დღეც 10 ივნისია, მისი ვაჟი კი შვიდშია დაბადებული. მოკლედ, აშკარად იგრძნობა ფანტაზიის ნაკლებობა ოჯახშიც და განგებისაც: ორი გიორგი, ორი ნინო, დაბადების დღეები − მიყოლებით...

ნაშუადღევს მოვლენ ცოლის დაქალები, ნასამხრევს − ცოლისდა. მერე − ჩემიანები. მაგრამ ჯერ საქმე. მოკლე ვარჯიში. საუზმე. მზადება საბჭოსთვის.

მოკლე ჩანართი:

შენდობას ვითხოვ. ხომ უნდა მივბაძო ლეონტის, მროველს. ამ კვირის განმავლობაში ამოვარდნილი ვარ გრაფიკიდან. ჩვეულებრივ, დილაობით ტყე-პარკში ჩავდივარ საძუნძულოდ. უფრო − სასიარულოდ. შიგადაშიგ ხელ-ფეხსაც ვიქნევ. ტყის ძაღლები ჩემი ძმები არიან: „ერთი სისხლის ვართ ჩვენ.“ რატომღაც ჩემთვის ყველა ძაღლი ბიჭია. ჰოდა, შემნიშნავენ თუ არა, გამოექანებიან შორიდანვე და ესკორტით ძუნძულებენ ჩემთან ერთად. თხუთმეტი მეტრის სიახლოვეს არავის აჭაჭანებენ. თან მეუხერხულება, თან მომწონს ერთგულება. მთავარია, არავის გაჰკრან ეშვი. სამი წლის წინ მათი წინამძღოლი დაიღუპა. მანქანამ გაიტანა. წინამძღოლი პატარა ფინია იყო, მაგრამ − უჭკვიანესი, ნამდვილი ლიდერი! ძუ კი იყო, მაგრამ ჩემთვის − მაინც „ძმა“. ერთხელ რვა ლეკვი დაყარა. პარკის სიღრმეში, თხრილ-სოროში ზრდიდა. მივაკითხავდი ხოლმე ნარჩენი ძვლებით. გრძნობდა ჩემს მისვლას. ამოძვრებოდა ხვრელიდან და ასე ზრდიდა ლეკვებს. იმ დილას მაგრად იწვიმა. ატალახებულზე მაინც გავედი ტყეში. ვხედავ, ხვრელი სავსეა წვიმის წყლით. ბექობზე ახალგაზრდა კაცი დგას, ფინია კი იქვე ლეკვს ლოკავს. გული მომიკლა ბიჭის მონაყოლმა. მარტო მე არ ვყოფილვარ, ისიც კვებავდა თურმე. ჩემზე ადრე მისულა და ასეთი რამ მიამბო: ჩარბოდა თურმე ფინია წყლით სავსე ხვრელში და ამოჰყავდა ერთი ლეკვი ქეჩოთი. ჩაყვინთავდა და მეორე, და ასე რვავე ამოუყვანია. მხოლოდ ერთი გადარჩენილა და ახლა მას ასულიერებდა. ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა. ერთი წლის თავზე, შარშან, 13 ივნისი მოხდა: ვერეს წყალდიდობა და ბევრი ადამიანის ტრაგედია. ღვთის შვილი უმეტესია სხვა სულდგმულზე, მაგრამ იმიტომაც არის რჩეული, რომ სხვა სულიერი არ დაჩაგროს და ხანდახან იზრუნოს მასზე.

ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

სამი საათია. ისევ კრწანისი. სააგენტოს ოფისი. დაიწყო საბჭო. ვაძეგლებთ გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობებს საქართველოში, ამჯერად − დაბა ასურეთის სახლებს.

ვიურტემბერგელი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოსახლდნენ. ესენი იყვნენ ლუთერანული ეკლესიიდან განდგომილი სექტანტები, ე.წ. „სეპარატისტები“, რომელთა რუსეთის იმპერიაში გადასახლება შეთანხმებული იყო გერმანიისა და რუსეთის ხელისუფლებებთან.

გერმანელები, ძირითადად, თბილისის შემოგარენში დასახლდნენ, ნაწილს კი დასახლების უფლება მისცეს ქვემო ქართლში, დღევანდელ ბოლნისსა (კატარინენფელდი) და ასურეთში (ელიზაბეთტალი).

უკვე ორი წელია, ვახდენთ ამ და სხვა გერმანული დასახლებების პასპორტიზაციას. საოცარია ამ ხალხის ენერგია! მოვიდნენ უცხო ქვეყანაში, დასახლდნენ უკაცრიელ მინდვრებზე და გააშენეს დაბები. რა ჰქონდათ? ყოველ შემთხვევაში, დიდი ფული − არა. მოიძიეს ქვის სამტეხლოები, ჰქონდათ ხე-ტყე, წყალი და ულევი ენერგია. ამ დროს ჩვენ რა გავაკეთეთ? ჯერ გავასახლეთ 1941 წელს. შემდეგ მათ აგებულ, თან კოპწია და თან ჯანღონიან სახლებში ჩავსახლდით. ავატალახეთ მოკირწყლული ქუჩები და სახლების იერსაც არ დავმართეთ კარგი დღე.

სამასამდე სახლია დაფიქსირებული და აღწერილი. ახლა მათი ნაწილი უნდა გავაძეგლოთ. თუმცა არიან მოწინააღმდეგები. რატომ? გაძეგლებული სახლის დანგრევა და მის ნაცვლად „მონსტრის“ აშენება აკრძალულია. იგივე ფსიქოლოგიაა, რაც თბილისში.

მაინც ვაძეგლებთ. ოღონდ ყველაზე უკეთესებს: სახლებს ღრმა კამარული, მრავალდონიანი მარნებით, „ფახვერკული“, ოსტატურად ნაგები კედლებით და დახვეწილი სტრუქტურით.

ფიქრი მიპყრობს. ნეტა მოგვეცეს მათი ენერგიულობა, მიზანდასახულობა და, რაც მთავარია, უწესრიგობასთან ვერშეგუებლობა. მაგრამ რა ვუყოთ ჩვენს გენს? ქართველობას ხომ არ დავკარგავთ?!

ბორჯომის კომპოზიტორთა სახლიც გავაძეგლეთ. 1982 წელს არის აგებული. მართალია, გოგი ჩახავასეული მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი არ არის (გზათა მშენებლობის ყოფილი სამინისტროს შენობას ვგულისხმობ), მაგრამ დახვეწილი სტრუქტურა აქვს, მორგებულია ლანდშაფტს და არ ღირს მისი დანგრევა. გიო გაგოშიძე და ნიკო ზაზუნიშვილი კმაყოფილები დარჩნენ.

კარგი, ვიმუშავეთ. ახლა − სახლისკენ.

მე და ნინო 41 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. 38 წელია, მეუღლეები ვართ. ეს იმხელა დროა, რომ რაოდენობის და თვისობრიობის ცნობილი კანონები უკვე აღარაფერ შუაშია. არ არის მარტო შეჩვევაზე, ხალხო. ამას თან სიყვარულიც უნდა ახლდეს, განულეველი! ყველას ვუსურვებ: „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“ (მათ. 19,4,5). თუმცა, ჩვენ ორივენი კიდევ მეტად ვართ ბედნიერნი. ამ ასაკში ორივეს გვყავს დედები და არც ისინი „მიგვიტოვებია“.

მოვილხინეთ მე და ჩემი ცოლის დაქალებმა. სიყრმიდან მოდიან ერთად. ლხინს ნაღველიც დაჰკრავდა. გაზაფხულზე ერთი დაქალი დაკარგეს. ნათელში ამყოფოს ღმერთმა! მერე ბავშვებიც მოვიდნენ. გვიანობამდე შერჩნენ. მე დავიჩაგრე. ხალხი ქეიფობს, მე კი ამ დღიურს ვწერ, უფრო სწორად, ვბეჭდავ. ეჰ, რამდენი ხანია, კალამს გავექეცით და ასოებიან დაფას შევეყარეთ.

11 ივნისი, შაბათი

შაბათი თავზე დამათენდა. სხვა გზა არ მქონდა. ხომ უნდა მომესწრო დღიური. ცოტა ხანს წავუძინე. გვიან ავდექი. ვარჯიშის თავიც არ მაქვს. ახლა ვზივარ და დღიურს ვაშალაშინებ. კვლავ შენდობას ვითხოვ: ერთი ჩანართიც უნდა გავაკეთო. თუმცა, რაღა ჩანართი − ეპილოგი.

ჩანართი-ეპილოგი:

1963 წელია. ვდგავართ თბილისის რკინიგზის სადგურზე და ველოდებით. ვის? ფიდელ კასტროს და ნიკიტა ხრუშჩოვს. ბავშვები ცხრა-ათი წლისანი ვართ. მხატვრული კითხვის წრიდან წამოგვიყვანეს. მე რატომ მოვხვდი მათ შორის, ნამდვილად არ მახსოვს − ლექსების დაზეპირება არასდროს მიყვარდა. მოკლედ, გაჩერდა მატარებელი და პირველი კიბეზე ფიდელი ჩამოვიდა. მივართვით თაიგულები და გადაგვკოცნა. შემდეგი ნიკიტა იყო. დოკუმენტურ ფილმს ამ ამბის შესახებ რამდენიმე თვის წინ წავაწყდი „პირწიგნაკში“ და იქ ამოვიცანი ჩემი თავი, პირდაპირი გაგებით.

ეს ერთი. ახლა მეორე: 1965 წელია თუ 1966, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნიკიტა გადააგდეს და ლეონიდ ბრეჟნევი ჩამოდის პირველად თბილისში. სპორტის სასახლე ახალი აგებულია და იქ უწყობენ შეხვედრას. ჰოდა, მეც იქ აღმოვჩნდი სერგო ზაქარიაძესთან ერთად. წინ ბატონი სერგო (ჯარისკაცის მამა) მიემართება პარტერში დაბრძანებულ ლეონიდესკენ გიორგი მახარაშვილისეული ფართო ნაბიჯებით. უკან ჩვენ მივყვებით ორ-ორი გოგო-ბიჭი ქართულ სამოსში და მხარზე ხარიხაგადებული ჩურჩხელებითა და ყურძნის მტევნებით. ამხანაგმა ლიონიამაც დაგვდო პატივი და გადაგვკოცნა ბავშვები. ოღონდ სამ-სამჯერ არა, ეს მერე ისწავლა, ლეონიდ ილიჩი რომ გახდა. ახლა ვეძებ ამ ფილმს. მახსოვს, გადაღებული უნდა იყოს...

ჰოდა, ამ სამი „დიდი“ კომუნისტის „ახლობელი“ ვამბობ: მოდით, საბოლოოდ დავემშვიდობოთ ამგვარ წარსულს და ვიაროთ წინ. ჩვენ ურიცხვი წინაპრის ნანატრი დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს და მოდით, თავადაც გავხდეთ დამოუკიდებლები, პირველ რიგში კი, მოქალაქეები.

დღეს ჯერ არ დაღამებულა, მაგრამ იმედია, კვლავ მშვიდობიანად დაღამდება...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG