Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ხაინდრავასა და ქურდების შეხვედრის შესახებ


გიორგი ხაინდრავა
გიორგი ხაინდრავა
25 სექტემბერს მედია რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა მთავარი პროკურორის საგანგებო ბრიფინგს იუსტიციის სამინისტროში, რომელზეც უნდა განვრცობილიყო წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია ქართველი პოლიტიკოსებისა და "კანონიერი ქურდების" კავშირის თაობაზე. ეს ინფორმაცია 24 სექტემბერს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პარიზში მყოფმა თინათინ ბურჯალიანმა გაახმაურა. თუმცა 25 სექტემბერს მედიისთვის მიწოდებულ მასალებში სახელდება მხოლოდ გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივი მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

”რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება ”, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე და იქვე დასძინა, რომ ინფორმაცია ქართულ მხარეს ”დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საფრანგეთის სასამართლოს სანქციით” გადაეცა. ზოდელავამ მედიას ინფორმაციის მოკლე შინაარსი ასე მიაწოდა:

”ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას.”
2011 წლის 9 ნოემბერს კრესელში, ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლში, შედგა შეხვედრა, რომელსაც ლორთქიფანიძის გარდა ესწრებოდა ქართველი კრიმინალი ...

მურთაზ ზოდელავას ბრიფინგზე არ დაუსახელებია არც ერთი გვარი და სახელი, არც რაიმე სახის მინიშნება გაუკეთებია და არც სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ აპრობირებული პრეზენტაციის ხერხებისთვის მიუმართავს. დაახლოებით 3-საათიანი დაგვიანებით დაწყებულ ხანმოკლე ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ მეხსიერების ბარათები დაურიგა.

უხმო ვიდეოჩანაწერის გარდა, ჟურნალისტებს გადაეცათ 22-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის 15 გვერდიც ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მათი ახლობლების ფოტოებს ეთმობა. ამ მასალებში რამდენიმე ქურდი და მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი, გოგა ხაინდრავაა ნახსენები. ყურადღება მახვილდება ხაინდრავას სტუმრობის ფაქტზე კანონიერი ქურდის, რევაზ ლორთქიფანიძის, საცხოვრებელ სახლში 2011 წლის ნოემბერში:

”2011 წლის 9 ნოემბერს კრესელში, ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლში, შედგა შეხვედრა, რომელსაც ლორთქიფანიძის გარდა ესწრებოდა ქართველი კრიმინალი, ე.წ. თბილისის კლანის წარმომადგენელი, ზაზა პაიჭაძე და ყოფილი ქართველი მინისტრი (ტექსტში წერია შევარდნაძის დროინდელი ყოფილი მინისტრი) და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა. ფრანგი სამართალდამცავები, კერძოდ, ეროვნული ჟანდარმერია, რომლის გამოძიების ფარგლებშიც იქნა მოპოვებული ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ შეხვედრის შესახებ, დაასკვნის, რომ გოგა ხაინდრავამ შეხვედრაზე მოითხოვა კანონიერი ქურდების დახმარება საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. კანონიერი ქურდების გავლენის, ფინანსური და შესაძლო შეიარაღებული დახმარების სანაცვლოდ, ხაინდრავამ მათ აღუთქვა საქართველოში დაბრუნება და გავლენის აღდგენა. ჟანდარმერიისათვის ცნობილია, რომ ხაინდრავა და სხვა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ერთი ლოზუნგის ქვეშ, რათა არჩევნებში დაამარცხონ დღევანდელი ხელისუფლება. კანონიერი ქურდების დახმარება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: 1) მათ შეუძლიათ „დაარწმუნონ“/ზეწოლა მოახდინონ ქართულ დიასპორაზე, რათა მათ არჩევნებში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ; 2) ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით დაეხმარონ ოპოზიციას საქართველოში სახელწიფო გადატრიალების - coup d’état - მოწყობაში იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.”

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მედიისთვის ქართულ ენაზე დარიგებული ინფორმაცია ”საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტ თარგმანს წარმოადგენს”, ხოლო მომწოდებელი უწყება ამ მასალის შესავალ ნაწილში ასეთი სიტყვებით გვაცნობს თავს:
ხვალ საფრანგეთის საელჩოში შევიტან ოფიციალურ განცხადებას (დღეს უკვე გვიანია), წერილს გავაგზავნი საფრანგეთის პრეზიდენტის სახელზე და მოვითხოვ, რომ განმარტებები გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე ...
გოგა ხაინდრავა

”ჩვენი უწყება სახელმწიფო ჟანდარმერიას ეკუთვნის (თავდაცვის სამინისტრო), თუმცა ბრძანებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებს. ჩვენ კავშირი არ გვაქვს სახელმწიფო პოლიციასთან. სასამართლო გამოძიებას ვაწარმოებთ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიმართ, მათ შორის, კანონიერი ქურდებისა და სხვა მაფიოზური ორგანიზაციების წინააღმდეგ.”

ამ საქმეში ბევრი რამ ეეჭვება თავად გოგა ხაინდრავას და ის გაჩერებას არ აპირებს:

”ხვალ საფრანგეთის საელჩოში შევიტან ოფიციალურ განცხადებას (დღეს უკვე გვიანია), წერილს გავაგზავნი საფრანგეთის პრეზიდენტის სახელზე და მოვითხოვ, რომ განმარტებები გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე.”

25 სექტემბერს ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს შიშის ნაყოფია, რადგანაც სახელისუფლებო ელიტა, პატიმრების წამების სახით, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამო, აუცილებლად ჩაჯდება ციხეში; ხოლო მეგობრობა, ნათესაობა თუ ნათელმირონობა მსოფლიოში არსად იკრძალება. იქვე ხაინდრავამ გაიხსენა, რომ უფრო მძიმე ბრალდებები -და, მათ შორის, ჯაშუშობისა თუ სახელმწიფოს ღალატის ბრალდება - იყო მის წინააღმდეგ მიმართული 2007 წლის ცნობილი მოვლენების დროს, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე არავინ იცის.

საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ გოგა ხაინდრავას ამ სახით გადაუხადა სამაგიერო უმწვავესი დოკუმენტური ფილმისთვის - ”დემოკრატიის შუქურა”. ექსპერტი თვლის, რომ 25 სექტემბერს გავრცელებული მასალები ვერანაირ რეალურ ზეგავლენას ვერ მოახდენს ელექტორატზე და რომ ასეთი მასალების გავრცელებით მმართველი პარტია ცდილობს გამოაცოცხლოს პატიმრების წამების კადრების ხილვით შეშფოთებული საკუთარი ამომრჩეველი:

”ვნახეთ, რომ ზოგმა შიშით და ზოგმაც პროტესტის ნიშნად საერთოდ გაიხადა მაისურები პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) სიმბოლიკით. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი ფილმები უფრო მათი გამხნევებისთვის არის, რომ ისინი საკუთარ თავში რაღაცნაირად დაეყრდნონ, რომ, აი, ნახე, მთლად ასე არ ყოფილა, ესენიც უარესები არიანო... ”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG