Accessibility links

logo-print
პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ერთ კვირაზე მეტი გადიოდა ნაციონალურ ტელეარხებზე, ნამდვილად არის ერთგვარი ”არტეფაქტი”, რომელიც ნათლად გამოხატავს პოლიტიკური კულტურის დონეს დღევანდელ საქართველოში. სარეკლამო რგოლი - უფრო სწორად, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის ანონსი - თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ბლოგერმა ლაშა ქავთარაძემ ჰოლივუდის ბლოკბასტერებს შეადარა.

თუმცა ჰოლივუდის ასოციაცია უფრო კლიპის მონტაჟურმა რიგმა, ტემპმა, ეგრეთ წოდებულმა ”ექშენმა” შექმნა, თორემ კლიპის ტექსტი და ტექსტის წაკითხვის მანერა, ინტონაცია, ლაშა ქავთარაძის თქმით, უფრო საბჭოურია.

საბჭოთა კავშირი და ბრეჟნევის ვიზიტები... დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, სარკოზის ვიზიტს, რომელიც ამ კლიპით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, რეალურ ვიზიტამდე დაიწყო, ხშირად ადარებს კომუნისტი ლიდერების თბილისში ჩამოსვლას. ”საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კვლავ საქართველოშია”, - გვარწმუნებს დიქტორის ხმა 2008 წლის აგვისტოში გaდაღებული სარკოზის ვიზიტის კადრების ფონზე.. რა არის ეს, თუ არა კინემატოგრაფიული ტრიუკი, ატრაქციონი? სერგეი ეიზენშტეინი სწორედ ასეთ კინოატრაქციონებზე წერდა, ისე უნდა დავამონტაჟოთ ფილმი, რომ ატრაქციონების მონტაჟით ”მოვხნათ მაყურებლის ტვინიო”. მერე კინოში ხმა მოვიდა და დიდმა რეჟისორმა ეგრეთ წოდებულ ასინქრონულ მონტაჟზე დაიწყო წერა: გამოსახულება ერთს ”ამბობს”, ტექსტი მეორეს, მაგრამ შეიძლება შევქმნათ მათი ერთიანობის ილუზია და ახლა უკვე ამ კონტრაპუნქტის საშუალებით მივაღწიოთ პუბლიკის მანიპულაციასო.

თუკი 20-იანი წლების დასაწყისში ავანგარდისტი რეჟისორი თვლიდა, რომ ასეთი ”ტრაქტორით” შესაძლებელია გაუნათლებელი, ჩამორჩენილი რუსეთის ”გამოღვიძება” და მასების განათლება, მოგვიანებით - სტალინის ეპოქაში - სწორედ ეს კონტრაპუნქტი გახდა აზრის შენიღბვისა და მაყურებლისთვის სიმართლის თქმის საშუალება. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მაყურებელი განვითარდა და გაიზარდა - კინოში ”ტრაქტორის” ეფექტის მიღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა. კინორეჟისორებმა ეს იციან, პატივს სცემენ მაყურებელს და ამ ”ილუზიონიზმზე” უარს ამბობენ.

რამდენად სცემენ პატივს საზოგადოებას ”სარკოზის კლიპის” ავტორები? ისინი ხომ ჯერ კიდევ სარკოზის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე გვეუბნებოდნენ, სარკოზი ”კვლავ საქართველოშიაო”, -ანუ კი არ ჩამოვა, უკვე აქ არისო; უფრო მეტიც, ”მას დიდი სურვილი აქვს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს საქართველოს თავისი მხარდაჭერაო”... ანუ კლიპის ავტორებმა წინასწარ იცოდნენ, რისი სურვილი აქვს სარკოზის და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაყურებელიც ადვილად დაიჯერებდა ამას, დაიჯერებდა და აუცილებლად წავიდოდა საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრად - უფრო სწორად, მის სანახავად, ცოცხალი სარკოზის სანახავად.

”ფორმამ შეიძლება გაგახსენოს ბრეჟნევის ვიზიტი, როცა შენ არ იყავი თავისუფალი შენს არჩევანში, გონება არ მონაწილეობდა თითქოს”, ამბობს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც ჩვენთან საუბარში წინააღმდეგია სარკოზისა და საბჭოთა ლიდერების ვიზიტებს შორის სწორხაზოვანი ანალოგიისა - ბრეჟნევის ვიზიტი, მაგალითად, ესაა იმ ქვეყნის ლიდერის ვიზიტი, რომელსაც ქვეყანა აქვს დაპყრობილი. მაგრამ ფორმა არ იცვლება. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი ხალხის მიმართ თითქმის ისეთივეა, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო:

”ჰეროიკული, აღგზნებული რიტორიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავისუფალ არჩევანზე”, -ამბობს ლელა გაფრინდაშვილი. ანუ ეს აგრესიული სტილი, ეს ”ხმამაღალი პათეტიკა”, ეიზენშტეინის ტრაქტორისა არ იყოს, აღაგზნებს მასებს და, რაც მთავარია, აიმედებს, არწმუნებს, რომ ერთი პიროვნების ვიზიტმა მართლაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ისტორია, პოლიტიკა და, რაც მთავარია, მისი ცხოვრება უკეთესი გახადოს. ლაშა ქავთარაძის თქმით, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს, არაა გამორიცხული უამრავმა ადამიანმა დაიჯეროს ეს.

”ვიცი კონკრეტული ფაქტები - მაგალითად, ჩემი მეგობრის დედა, სკოლის მასწავლებელი, მოჰყავთ სამეგრელოდან იმისთვის, რომ დაახვედრონ სარკოზის.. გარდა ამისა, 7 ოქტომბრის დასვენების დღედ გამოცხადება იყო ცალკე მოვლენა - ვერ მივხვდი, რატომ უნდა დავისვენოთ სარკოზის ვიზიტის გამო?” - კითხულობს ბლოგერი ლაშა ქავთარაძე.

თბილისობის დღესასწაულის გადმოტანა ოქტომბრის დასაწყისში და 7 ოქტომბრის გამოცხადება დასვენების დღედ თბილისში ჩვენი რესპონდენტებისთვის არამარტო საბჭოთა მემკვიდრეობის გამოხატულებაა. ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ეს პროვინციალიზმიცაა, დამახასიათებელი ჩაკეტილი საზოგადოებებისთვის.
”ამ პოლიტიკური რეკლამის ტექსტში იყო ასეთი მონაკვეთი: მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება იქნება საქართველოსკენ მიპყრობილი. - გამიჩნდა შეკითხვა, რატომ, როცა პრეზიდენტების ვიზიტები სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს და არა მგონია, მსოფლიო მედია დასდევდეს პრეზიდენტებს სხვადასხვა ქვეყანაში”, - ამბობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი, ბლოგერი ლაშა ქავთარაძე.

კლიპების ჩვენება ნაციონალურ არხებზე დასრულდა. სარკოზის ვიზიტის დეტალებზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ახლა სპეციალისტები მსჯელობენ. ეს ვიზიტი შესაძლებელია მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, მაგრამ თუკი პოლიტიკურმა რეკლამამ, რომელიც სარკოზის ჩამოსვლამდე ტრიალებდა ქვეყანაში, მართლაც იმუშავა, თუკი ხალხი ”ცოცხალი სარკოს” სანახავად მართლაც ამ რეკლამამ მიიყვანა, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ”ეიზენშტეინის ტრაქტორი” - ცივილიზებული სამყაროსთვის მოძველებული სახე, საქართველოში კვლავ ძლიერია, კვლავაც ხნავს ადამიანების ტვინებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG