Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნების“ პრეტენზიები


"ქართული ოცნების" ოფისი გორში

"ქართული ოცნების" ოფისი გორში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მათ წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. კვირას, გამთენიისას, დაუდგენელმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის ოფისში შეაღწიეს და იქიდან ორი კომპიუტერი და დოკუმენტაცია წაიღეს. ამ ქურდობას კოალიციის ლიდერებმა პოლიტიკური ქურდობა უწოდეს და ხელი ხელისუფლებისკენ გაიშვირეს. პოლიციამ ოფისში თითების ანაბეჭდები იპოვა და პირობა დადო, რომ ამ დანაშაულს გახსნის, თუმცა მათი პირობის ადგილობრივ ოპოზიციურ ლიდერებს არ სჯერათ. დიდი ხანია გორში აღარაფერი გაქურდულა. კოალიციის ოფისი ქალაქის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე, განათებულ ადგილას მდებარეობს, სადაც საპატრულო პოლიციის მანქანა ხშირად მოძრაობს, ამიტომ კოალიციის ადგილობრივ ლიდერს, თამაზ შიოშვილს, ოფისის გაქურდვის პოლიტიკური ვერსია ყველაზე სანდოდ მიაჩნია.

„ნაციონალური მოძრაობი“ წარმომადგენელი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი აბსურდულად მიიჩნევს ამ შემთხვევასთან მმართველი პარტიის დაკავშირებას. იგი კოალიციის ოფისის გაქურდვას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებს. მისი აზრით, თუ ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების მხრიდან საბოლოოდ დადასტურდება, მაშინ მათი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებული ასეთი კრიმინალური ქმედება დასაგმობია.

პოლიტიკურ ზეწოლაზე ყველაზე მეტს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთი უცხოელი სტუმარი დაინტერესდა რეგიონში არსებული საარჩევნო გარემოთი. ამერიკელი და ევროპელი სტუმრები შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავენ და მათგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, სიახლე ახლა ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება ცდილობენ მათ რიგებში ნასამართლევი პირები შეგზავნონ. ყურადღება გამახვილდა სკოლებიდან მათი მომხრე აქტივისტების ნათესავთა გათავისუფლებაზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოთი ინტერესდებიან, მაგრამ, მისი აზრით, ინფორმაციის მიღებას სათანადო რეაგირებაც უნდა მოჰყვეს, რათა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს რეაგირების გარეშე არ დატოვონ პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესდება და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაზე უფრო თამამად წავა.
XS
SM
MD
LG